"საქართველოს ხელისუფლებაში გაბედულების დეფიციტია!" - კვირის პალიტრა

"საქართველოს ხელისუფლებაში გაბედულების დეფიციტია!"

განვლილი კვირა პარადოქსული პოლიტიკურ-სამართლებრივი ამბებით იყო დახუნძლული. ყველაზე რეზონანსული გამოდგა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაცია, რომ პანკისში სპეც¬ოპერაციისას დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის დაგეგმვას ცდილობდა და მტკიცებულებად წარმოადგინა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან საუბრობს და სუს-ის მტკიცებით, ტერაქტს გეგმავს. პარადოქსი ამ ამბავში ის არის, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდგომ არავინ დაუკავებიათ. ისმის კითხვა, თუ მართლაც იმის ჩამდენია მაჩალიკაშვილი, რასაც აბრალებენ, რატომ არ აკავებენ?

გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი რამაზ საყვარელიძე პასუხობს შეკითხვას, რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს ამას?

რამაზ საყვარელიძე: - ის, რომ დილემის წინაშე დგანან და გაბედულება არ ჰყოფნით გადაწყვეტილების მისაღებად. იგივე არ მოხდა პანკისში 21 აპრილს? პოლიციას ქვები დაუშინეს, "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლეს, მაგრამ არავინ დაუსჯიათ, იმიტომ, რომ პანკისში პრობლემის გამწვავებას მოერიდნენ, არადა, შეეძლოთ თავიდან ეფიქრათ გადაწყვეტილების შედეგებზე.

ახლაც წამოიწყეს ეს გამოძიება, მაგრამ რეგიონის აფეთქების ეშინიათ და მაქსიმალურად ფრთხილად იქცევიან. არადა, ასეთი განცხადებების მერე თუ არ დააკავებენ, თვითონ გამოდიან უსუსურები. როგორც ჩანს, თანახმა არიან აღიარონ უსუსურობა.

რამაზ საყვარელიძე

საქართველოს ხელისუფლებაში გაბედულების დეფიციტია! ერთი-ორის გარდა, გადაწყვეტილების მიღებას ყველა გაურბის. ამგვარი გაბედული ფიგურა ჩანს გახარია, ამიტომაც არის მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

მოკლედ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ უარი თქვა "ნაციონალური მოძრაობის" მართვის მკაცრ სტილზე, თუმცა თვითონ როგორ უნდა მართოს, ეს ვერაფრით ჩამოაყალიბა. შეეცდებიან რაღაც რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ ნაბიჯ-ნახევარში უკან იხევენ. პროცესების დიპლომატიურად მართვის უნარიც არ შესწევთ.

- რადგან ხელისუფლების სამოქმედო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობიდან გაშვებული გიორგი ქობულიას ინტერვიუებმა? ერთი შეხედვით, მისი განცხადებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რაოდენ არაგუნდურად და არათანამიმდევრულად მოქმედებს მთავრობა...

- ეს რომ მხოლოდ ქობულიას განცხადებები იყოს, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ის განაწყენებულია, მისი შეფასებები კი - გაზვიადებული, მაგრამ ჩემთვის გაცილებით საგულისხმო იყო შს მინისტრ გიორგი გახარიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის განცხადებები პანკისში განვითარებულ მოვლენებზე. ჯერ ერთი, ფაქტობრივად, აღიარეს შეცდომა, თუმცა, ამასთანავე, აშკარად გაიშვირეს ხელი სხვა სამთავრობო უწყებებისკენ.

ეს განსაკუთრებულად გიორგი გახარიაზე ითქმის, რომელმაც თითქმის პირდაპირ თქვა, ჰესები ჩემი საქმე არ არის და იმ უწყებებს, რომლებმაც ამ საკითხზე მიიღეს გადაწყვეტილებები, მეტი უნდა ემუშავათო. როცა მთავრობის წევრები შეცდომას აღიარებენ, კარგია, თუმცა ხომ აშკარად ჩანს ამ განცხადებებიდან, რაოდენ შეუთანხმებლად მუშაობს მთავრობა და როგორ ნაჩქარევად იღებს გადაწყვეტილებებს. ამიტომაც არის, რომ ამდენ პრობლემას თვითონვე უქმნის საკუთარ თავს.

ის, რაც პანკისში მოხდა, ანუ ამგვარი შეცდომები, უშედეგოდ არ ჩაივლის და ეს შესაძლოა ძალიან მრავალმხრივი იყოს. ეს ვნახეთ უკვე მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებითაც.

იხილეთ გზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად