"აზერბაიჯანს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი ისტორიის გასაყალბებლად სჭირდება" - რას წერს უცხოური მედია დავითგარეჯის საკითხზე? - კვირის პალიტრა

"აზერბაიჯანს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი ისტორიის გასაყალბებლად სჭირდება" - რას წერს უცხოური მედია დავითგარეჯის საკითხზე?

უცხოურ მასმედიაში გრძელდება მასალების პუბლიკაცია, რომლებშიც განხილულია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სადაო ტერიტორიის - დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის კუთვნილების საკითხი.

ბუნებრივია, სომხეთის და რუსეთის პრესა უყურადღებოდ არ დატოვებდა ამ პრობლემას - გასაგები მიზეზების გამო სომხური მასმედია ყოველთვის ეძებს მწვავე მოვლენებს, რომლებიც საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობას ეხება და მომხდარი ამბების შესახებ თავისებურ კომენტარებს აკეთებს, თანაც ხშირად საკმაოდ არასასიამოვნოს ქართველი მკითხველისათვის: მაგალითად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში სტატიები გამოქვეყნდა გაზეთ «Голос Армении»-ში ("სომხეთის ხმაში") სათაურით "საქართველო აზერბაიჯანულ "რკალში", ასევე რუსეთის სომხური დიასპორის გაზეთ «Ноев Ковчег»-ში ("ნოეს კიდობანში"), რომლის სათაურია "საქართველო და აზერბაიჯანი დავით გარეჯის მონასტერს ვერ იყოფენ".

"აზერბაიჯანის პრეტენზიები დავით გარეჯზე: დამპყრობლური გეგმები უძველესი ქართული ტერიტორიის მიმართ"

12 მაისს სომხურმა გამოცემა «News»-მა გაავრცელა სტატია, სათაურით: "აზერბაიჯანის პრეტენზიები დავით გარეჯზე: დამპყრობლური გეგმები უძველესი ქართული ტერიტორიის მიმართ", რომელშიც განხილულია საქართველოს და აზერბაიჯანის პოზიციები დავით გარეჯის მიმართ. ყურადღება გამახვილებულია ბაქოს არგუმენტებზე: კავკასიური ალბანეთის მემკვიდრეობაზე, რომლის საფუძველზე აზერბაიჯანი ცდილობს მომგებიანად ისარგებლოს თავისი ენერგეტიკული რესურსებით და ზეწოლა მოახდინოს საქართველოზე (ავტორი - რაფი სამველიანი). გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან: "რას წარმოადგენს დავით გარეჯის კომპლექსი და რატომ არის ამდენი ვნებათაღელვა მონასტრის ირგვლივ ამ ბოლო დროს? თუ ისტორიულ ექსკურსს გავაკეთებთ, ქართული მხარის პოზიციის მიხედვით, ქედის კლდეებში გამოკვეთილ კომპლექსში დაახლოებით 20 მონასტერი შედის, გარდაბნის, საგარეჯოსა და სიღნაღის რაიონების ტერიტორიებზე. მათგან მთავარი დავით გარეჯის ლავრაა იმ მთის ჩრდილოეთ მხარეს, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე მდებარეობს. ბევრ ეკლესიაში შემორჩენილია ფრესკები, რომლებიც VII-XIV საუკუნეებით დარიღდება, მათზე აღბეჭდილია ისტორიული პიროვნებათა პორტრეტები, მათ შორის თამარ მეფის სახეც. საზღვარი გადის მთის მწვერვალზე, რომელსაც ქართველი ისტორიკოსები უდაბნოს უწოდებენ. საბჭოთა პერიოდში პლატო, რომელზეც ეკლესიებია განლაგებული, აზერბაიჯანს გადაეცა. პრობლემას იმავდროულად რელიგიური ჟღერდობაც აქვს: ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსი ქართველების წმინდა სალოცავი ადგილია.

აზერბაიჯანი, თავის მხრივ აცხადებს, რომ კლდეში გამოკვეთილი სამონასტრო კომპლექსი დავით გარეჯი (აზერბ. "კეშიჩკი-დაღი") კავკასიური ალბანეთის ისტორიულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. აზერბაიჯანელების მტკიცებით, ძველი ალბანები ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ ისლამური სარწმუნენოებაზე გადასვლის შემდეგ მათთვის წმინდა ადგილმა კეშიჩკი-დაღმა სასულიერო ინტერესი დაკარგა. ათაბეგთა მმართველობის პერიოდში კი ქართველმა მმართველებმა მონასტერი თავიანთ სახელმწიფოს მიუერთეს.

აზერბაიჯანს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი ორი მიზეზით სჭირდება: პირველი - ისტორიის გასაყალბებლად, რომ აზერბაიჯანმა თავისი "უძველესი" წარმოშობა დაამტკიცოს: ბაქოს პოზიციით, რადგან დავით გარეჯი ალბანური მონასტერია, ესე იგი, აზერბაიჯანელთა პირდაპირი წინაპრებიც ალბანელები არიან.

მეორე - სამხედრო მნიშვნელობის გამო: იმ მთიდან, სადაც სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, კარგად მოჩანს საგარეჯო და რუსთავი. ამით აზერბაიჯანი საქართველოს ტერიტორიების მიმართ დამპყრობლურ გეგმებზე მიანიშნებს. ბაქოს მტრული განზრახვები თბილისის მიმართ საქართველოში აზერბაიჯანული ენერგეტიკული კომპანიების ძლიერ დომინირებაშიც გამოიხატება: მაგალითად, ნავთობის სახელმწიფო კორპორაცია SOCAR-ის მფლობელობაშია ტერმინალი შავი ზღვის ნავსადგურ ყულევში, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტი ხორციელდება მსოფლიო ბაზარზე.

ქართველი ისტორიკოსები აცხადებენ, რომ ისტორიული მხარის - ჰერეთის ნაწილი აზერბაიჯანს აქვს დაკავებული. მათივე აზრით, ზაქათალის, კახისა და ბელაქანის რაიონები ქართული ისტორიული პროვინციას - საინგილოს წარმოადგენს. ქართველთა პოზიციის საპასუხოდ, აზერბაიჯანი ხელს უშლის ჩამოთვლილი რაიონების ტერიტორიაზე ქართულ ეკლესიათა საქმიანობას და სკოლებში, სადაც ქართველი მოსწავლეები არიან, ქართულენოვანი სახელმძღვანელოების კონფისკაციას ახდენს.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები ბოლო დროს უარესდება და ოდესღაც ერთმანეთის ახლო პარტნიორებს შორის გაუგებრობები მატულობს. მტკივნეული პრობლემები, ალბათ, კიდევ დიდხანს იქნებიან "ლოდები შებრკოლებისა" ორმხრივ დამოკიდებულებაში. ამიტომაც გამორიცხული არაა სიტუაციის გამწვავება ბაქოსა და თბილისს შორის".

წყარო

"დავით გარეჯი: ძველი მონასტერი, რომლის გამოც საქართველო და აზერბაიჯანი საზღვრის შესახებ ერთმანეთთან ვერ თანხმდებიან"

დავით გარეჯის კუთვნილებასთან დაკავშირებით ორ სამხრეთკავკასიურ ქვეყანას შორის გამწავავებულ დავას, თითქმის სამი კვირის დაგვიანებით, დასავლური მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც გამოეხმაურნენ: დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია «BBC»-ის რუსულმა სამსახურმა ამ საკითხს ექსკლუზიურად მიუძღვნა სტატია, სათაურით: "დავით გარეჯი: ძველი მონასტერი, რომლის გამოც საქართველო და აზერბაიჯანი საზღვრის შესახებ ერთმანეთთან ვერ თანხმდებიან" (ავტორები: ნინა ახმეტელი - თბილისიდან, მაგერამ ზეინალოვი - ბაქოდან).

ვრცელ პუბლიკაციაში განხილულია საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის ხელშემშლელი პრობლემები, კერძოდ კი - ტერიტორიული დავა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის კუთვნილების გამო. გადმოცემულია პრობლემის ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა ქრონოლოგიურად: აზერბაიჯანელ მესაზღვრეთა მოქმედება, მონასტრის რელიგიურ მსახურთა განცხადებები, ქართული საზოგადოების საპროტესტო აქციები, მხარეთა ოფიციალური პოზიციები... მასში ასახულია აზერბაიჯანელ ექსპერტთა თვალსაზრისიც, რომლებშიც გაკრიტიკებულია საქართველოს პრეზიდენტი და ა.შ.

"დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული წმინდა სალოცავია და რეგიონის თვალსაჩინო კულტურულ-არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაყოფილი დავით გარეჯის კომპლექსი ოც წელზე მეტია მტკივნეულ სადაო საკითხად რჩება ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის... აზერბაიჯანულ მხარე არაერთხელ გადაუკეტავს მონასტერთან მისასვლელი გზები ქართველი მომლოცველების, მღვდლებისა და ტურისტებისათვის, რაც დიდ ვნებათაღელვას იწვევს და ჩრდილს აყენებს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას და მჭიდრო თანამშრომლობას, მაგრამ მხარეები ჯერაც ვერ შეთანხმებულან, თუ სად და როგორ უნდა გატარდეს საზღვარი და ვის შემადგენლობაში უნდა იყოს სამონასტრო კომპლექსი", - ნათქვამია სტატიაში.

როგორც პუბლიკაციის ავტორები აღნიშნავენ, საზღვრის სადელიმიტაციო ორმხრივი კომისია 1996 წლიდან მუშაობს, მაგრამ კომისიის წევრებს თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში საზღვრის ერთი მესამედის დელიმიტირება ჯერაც ვერ მოუხერხებიათ, განსაკუთრებით ეს ეხება დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის კუთვნილებას.

სიტუაციის გაანალიზება-განხილვისას ირკვევა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერში მისასვლელი გზა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ბაქოში ვიზიტის დროს (2019 წლის თებერვლის ბოლოს) გაკეთებული განცხადების შემდეგ გადაკეტეს. ქართველმა ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ორი ქვეყნის საზღვრის საკითხი სასწრაფოდ უნდა მოგვარდესო.

ზოგიერთები თვლიან, რომ ბაქოს გაღიზიანება სწორედ სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებამ გამოიწვია. ექსპერტი შაჰინ რზაევი მიიჩნევს, რომ მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი არაპროფესიულად მოქმედებდა, ამიტომაც აზერბაიჯანულმა მხარემ აჩვენა, თუ ვინ მართავს სიტუაციას სინამდვილეში: "როგორც ჩანს, ყველა მომხდარის მიზეზი სწორედ მის დაუფიქრებელ განცხადებებში უნდა ვეძებოთ: იგი ერევნაში ერთს ლაპარაკობს, ბაქოში მეორეს, ქართველ მესაზღვრეებთან კი სელფებს იღებს დავით გარეჯში", - ამბობს აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი.

სტატიაში ასევე ასახულია დავით გარეჯის ლავრის არქიმანდრიტ კირიონის საუბარი, ქართველი ისტორიკოსის ლადო მირიანიშვილის თვალსაზრისიც, რომლებშიც მოცემულია როგორც ამ კულტურულ-არქიტექტურული ძეგლის მნიშვნელობა ქართველებისთვის, ასევე მასთან დაკავშირებული პოლიტიკური მოვლენები - "საბჭოური მემკვიდრეობა" - ტერიტორიების დაყოფა 1920-იანი წლების დასაწყისში, ამიერკავკასიის რესპუბლიკების საზღვრების ჩამოყალიბება და ა.შ.

"ტერიტორიული დავები ორივე ქვეყნისათვის მტკივნეული თემაა და ამიტომ ბევრ ექსპერტს ეჭვი ეპარება, რომ საზღვრების საკითხი მოწესრიგებული იქნება. ქართველებთან უთანხმოებაში "ცეცხლზე ნავთს ასხამს" ბაქოს მხარის პოზიცია, რომლის მიხედვით, დავით გარეჯის მონასტერს ალბანური წარმოშობა აქვს, ანუ ის იმ ქრისტიანული სახელმწიფოს კულტურული ძეგლია, რომელიც ადრე შუა საუკუნეებში თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებობდა. "როცა ალბანური ეკლესია მეფის რუსეთმა აკრძალა, დავითგარეჯის კომპლექსის გამოქვაბულთა მონასტრების დიდი ნაწილი ქართველმა მღვდლებმა გადააკეთეს, დაიწყეს მასობრივი მშენებლობა, [ფრესკების დახატვა] და დღეს ეს ყველაფერი ადრეფეოდალურ ქართულ მემკვიდრეობად არის წარმოდგენილი", - ამბობს ბაქოში არსებული კავკასიის ისტორიის კვლევითი ცენტრის დირექტორი რივზან ჰუსეინოვი.

ცხადია, ქართული მხარე აზერბაიჯანელთა მტკიცებას უარყოფს და უსაფუძვლოდ თვლის. "არანაირი ისტორიული წყაროებით არ ამტკიცდება, რომ დავით გარეჯი ალბანური ძეგლს წარმოადგენს. ამ მონასტრების მღვიმურ-გამოქვაბულური სისტემა ტიპიური ქართული არქიტექტურაა. იკონოგრაფიის სტილიც ქართულია, რომელიც საქართველოს ბევრ რეგიონში გვხვდება", - აცხადებს ლადო მირიანაშვილი.

"სიტუაციის გამწვავების ფონზე ქართული სამღვდელოებაც მკვეთრ განცხადებებს არ მოერიდა, - ნათქვამია სტატიაში და ამის დამადასტურებლად პუბლიკაციაში მიტროპოლიტ იობის გამონათქვამებია დამოწმებული (მან ქრისტიანების მეგობრობა მუსულმანებთან ურჩხულთან მეგობრობას შეადარა და თქვა, რომ თუ სისხლის დაღვრა იქნება საჭირო, რელიგიის მსახურებმა ხალხს მაგალითი პირველებმა უნდა აჩვენონ). თუმცა საქართველოს საპატრიარქომ ამგვარი განცხადებებისაგან თავი შორს დაიჭირა და აღნიშნა, რომ პრობლემის მოგვარება მოლაპარაკებით უნდა მოხდეს. წყარო

იხილეთ ასევე: "დაუთმობს აზერბაიჯანი თავის ტერიტორიას, ანუ ალბანური წარმოშობის მონასტერს საქართველოს?" - რას წერს აზერბაიჯანული გამოცემა?

მოამზადა სიმონ კილაძემ