"აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი "პარლამენტის ხელმძღვანელობისგან გამოხატული წმინდა ინტერესის" გამო ჩავარდა" - კვირის პალიტრა

"აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი "პარლამენტის ხელმძღვანელობისგან გამოხატული წმინდა ინტერესის" გამო ჩავარდა"

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს, რომლის ერთ-ერთი ინიციატორიც თავადაა, "პარლამენტის ხელმძღვანელობისგან გამოხატული წმინდა ინტერესი" იყო.

ამის შესახებ დეპუტატმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა.

მისი თქმით, თავად მზად იყო, გარკვეულ დათმობებზე წასულიყო, თუმცა კანონპროექტი მაინც ჩავარდა.

"გეტყვით, რა მოხდა რეკლამის შეზღუდვის კანონპროექტთან დაკავშირებით. ეს იყო პარლამენტის ხელმძღვანელობისგან გამოხატული წმინდა ინტერესი. თუ არ ვცდები "ალმა პლუსს" აქვს თბილისში რეკლამების მონოპოლია, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისის მერიამ გაუგრძელა მონოპოლისტურად და ესაც საკვლევი თემაა. ვფიქრობ, შესაძლოა, რაღაც კორუფციასთან მივიდეთ. პარლამენტში პირდაპირ დადიოდნენ "ალმა პლუსის" ხელმძღვანელები დეპუტატებთან, განსაკუთრებით პარლამენტის თავმჯდომარესთან და სთხოვდნენ, რაღაცნაირად შევეზღუდე ჩემს საკანონმდებლო წინადადებაში. როდესაც უმრავლესობის წევრი ვიყავი, ეს არ გამოსდიოდათ, მაგრამ მარტივად გამოვიდა, როცა უმრავლესობა დავტოვე. შესაბამისად, ეს კანონპროექტი ჩავარდა. იმის გამო, რასაც უმრავლესობა ითხოვდა, ვიყავი მზად გარკვეულ დათმობაზე წავსულიყავი და მეტრები ჩამოგვეწია, მაგრამ ბოლოს მაინც ჩააგდეს. ამ შემთხვევაში მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს გაკეთდა მხოლოდ მათი ინტერესის გამო და რაც არ უნდა ვუაროთ ირგვლივ, ამას კორუფცია ჰქვია.

მე არ დამინახავს, ვიღაცას ვიღაცამ რაღაც როგორ გამოართვა, მაგრამ ის, რომ იმ დაკვეთაზე იმუშავა, საერთო სახალხო დაკვეთის წინააღმდეგ წავიდა და კონკრეტული კომპანიის ინტერესი უფრო გაითვალისწინა, ამ შემთხვევაში ძალიან ცუდი რაღაც გააკეთა. გააჩინა განცდა, რომ პარლამენტში ნებისმიერი საკითხი ადამიანმა შეიძლება იყიდოს და გამოუჩნდეს ლობისტი. ლობიზმი ზოგადად, ცუდი არ არის, კარგია, როცა შეიძლება საერთო სახალხო კეთილდღეობა მოიტანოს.

ის, რაც ანგრევს შენს ქვეყანას, გირტყამს სოციალურად, კიდევ უფრო ძიმე მდგომარეობაში აგდებს შენს მოსახლეობას, ყოველ მეორე არასრულწოვანს აძლევს საშუალებას ამ სერვისის მომხმარებელი გახდეს და ამისკენ ხარ, ეს სახელმწიფოებრივი ინტერესის წინააღმდეგ წასვლაა და ამას კორუფცია ჰქვია," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დეპუტატის განცხადებითვე, რეკლამის ნაწილთან ერთად, მნიშვნელოვანი და "ძალიან კარგი კანონპროექტი იყო რეგულაციების ნაწილი". მისი თქმით, კანონპროექტის შედეგად, შესაძლებელი იქნებოდა, რომ დაახლოებით 2 წლის განმავლობაში მოთამაშების რაოდენობა 70%-ით შემცირებულიყო.

"ამ კანონპროექტს ახალი სახე მივეცი. უახლოეს დღეებში დაველაპარაკები ჩემს პარტნიორებს, ვინც ამ საკითხზე მუშაობდა, არასამთავროებს, საპატრიარქოს და ა.შ. თუ არ აპირებს მთავრობა, მაშინ მე დავარეგისტრირებ. ხომ ამბობენ, რომ ჩვენ ვიზავთ ამასო. ამ შემთხვევაში ისე გაყიდეს, რომ რადგან ჩემი კანონპროექტი იყო, მაგიტომ ჩავარდა. რეალურად იმიტომ ჩავარდა, რომ კორუფციული ინტერესი იყო.

ამ თემას ჩვენ არ ვხურავთ. შესაძლებლობებიდან გამომდინარე - ეს იქნება საპარლამენტო ტრიბუნა, პოლიტიკური ზეწოლა თუ ლობიზმი, კარგი გაგებით, რაღაც პროცესს ჩვენ მივიღებთ," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

იხილეთ ასევე: "თითო მოთამაშე ონლაინსამორინეს ყოველწლიურად 11.000 ლარს "ჩუქნის"

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო