"გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც კოტეჯს აქირავებს, ხელი სადურგლო საქმესაც მიჰყო" - რას წერს "როიტერი" საქართველოს მე-4 პრეზიდენტზე?
"გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც კოტეჯს აქირავებს, ხელი სადურგლო საქმესაც მიჰყო" - რას წერს "როიტერი" საქართველოს მე-4 პრეზიდენტზე?
ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც მოცემულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შთაბეჭდილებები, მასთან საუბარი და მისი ოჯახის დღევანდელი ცხოვრების დეტალები - პოლიტიკის გარეშე (ავტორი - მარგარიტა ანთიძე)
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
"ყოფილი პრეზიდენტები ხშირად კითხულობენ ლექციებს, მათ ვხედავთ მსხვილი კორპორაციების დირექტორთა საბჭოში ან ისინი საკუთარ ფონდებს ქმნიან... საქართველოს ექსპრეზიდენტი კი შედარებით უფრო მოკრძალებული გზით წავიდა - იგი Airbnb-ში ბინის გამქირავებელი გახდა (Airbnb - ინტერნეტ-პლატფორმა მათთვის, ვისაც უძრავი ქონება
აქვს და გაქირავება სურს).

ქვეყნის ხელისუფლებაში ხუთი წლით ყოფნის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის - საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტი თავის ყოფილ ცხოვრებას დაუბრუნდა და პოლიტიკის მასწავლებლობას აგრძელებს.

მას შემდეგ, რაც გასული წლის ბოლოს 49 წლის გიორგი მარგველაშვილმა აქტიურ პოლიტიკას ზურგი შეაქცია, იგი და მისი
ახალგაზრდა ოჯახი პროვინციულ ქალაქ დუშეთში ცხოვრობენ, საქართველოს დედაქალაქიდან ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, 60 კილომეტრის მოშორებით, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარ სახლთან ახლოს არსებული კოტეჯის გაქირავება დაიწყო, დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით.

"ეს ემოციურად საკმაოდ გამამდიდრებელი გამოცდილებაა ჩემთვის", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი «Reuters»-თან ინტერვიუში, - "ჩემი სტუმრების კომენტარები - რას ფიქრობენ, რა მოსწონთ, როგორი პირობები შევუქმენი, რომ ისინი კმაყოფილები და აქაური ხედებით ნასიამოვნები იყვნენ... ეს პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესოა".

გიორგი მარგველაშვილმა, რომელსაც სახელმწიფო პენსია არ აქვს, ხელი სადურგლო საქმესაც მიჰყო - ამზადებს ავეჯს და სხვადასხვა ნივთებს თავისი გაქირავებული უძრავი ქონებისათვის, რომელიც მშვიდ და წყნარ ადგილზე მდებარეობს. ყოფილმა პოლიტიკოსმა კოტეჯის გაქირავება დაახლოებით ორი თვის წინ დაიწყო. მას შემდეგ ერთოთახიან ბინაში უკვე რამდენიმე ათეულმა ადამიანმა იცხოვრა.

როგორც გიორგი მარგველაშვილი ამბობს, სტუმრები ძირითადად ქართველები არიან. მათ, რასაკვირველია, კარგად იციან, რომ მასპინძელი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტია, მაგრამ უცხოელებისათვის - ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან და ევროპის სახელმწიფოებიდან ჩამოსული ტურისტებისთვის, ეს ფაქტი მოულოდნელი და საკვირველია. ასეთი სიტუაცია უჩვეულოა და შორს არის პროდასავლური უპარტიო პოლიტიკოსის ყოფილი ცხოვრებიდან - იმ პოლიტიკოსისა, რომლის უფლებამოსილება შეზღუდული იყო და რომელსაც დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა როგორც ქვეყნის მმართველ პარტიასტან, ასევე ოპოზიციასთან.

გიორგი მარგველაშვილი, მისი ცოლი მაკა ჩიჩუა და ორი მცირეწლოვანი შვილი, გაქირავებულ კოტეჯთან ახლოს, მოკრძალებულ ორსართულიან სახლში ცხოვრობენ, რომელშიც ბევრი რამ მის მიერაა შექმნილი და მაკა ჩიჩუას ნახატებით არის დამშვენებული.

"პოლიტიკიდან ჩემი წასვლა... ამ ქვეყანაში პრეცედენტის შექმნის მცდელობაც იყო. ცხოვრება ხომ პოლიტიკის გარეშეც არსებობს", - ამბობს ექს-პრეზიდენტი.

ეზოში გასეირნებისას, საიდანაც გარემოს თვალწარმტაცი პეიზაჟი მოჩანს, გიორგი მარგველაშვილი თავის გეგმებზე ლაპარაკობს - მას უნდა, რომ თავის პატარა კარ-მიდამოში, თავის მამულში ცხენებით სეირნობის ბიზნესი და არყის გამოხდაც დაიწყოს.
კითხვაზე - იხსენებს და ენატრება თუ არა იგი თავისი ძველი სამუშაო პრეზიდენტის რანგში - გიორგი მარგველაშვილი არაორაზროვნად პასუხობს: "სრულიადაც არა".

"ის ხუთი წელი ინტენსიური მუშაობის პერიოდი იყო", - ამბობს ექს-პრეზიდენტი, - "ახლა, უბრალოდ, მშვიდი ცხოვრებით ვტკბები". წყარო


მოამზადა სიმონ კილაძემ


რატი
18 მაისი 2019 10:33
საინტერესოა ყოფილ პრეზიდენტებს რამდენი აქვთ პენსია? ზოგი ამბობს 1500 ლარიო ზოგი კიდევ 5000 ლარიო. თუ ვინმემ იცით რო გვითხრათ
niako
15 მაისი 2019 09:35
ძალიან მიყვარს ეს ოჯახი ყველაზე სასიამოვნო და ჯანსაღი წყვილია მთელ ქართულ პოლიტიკურ სურათზე ჩემთვის ევროპელობა სწორედ ასეთი აზროვნებაა
ნუკრი
15 მაისი 2019 07:38
ნამდვილი პოლიტიკოსი დემოკრატიის ნიმუში სუფთა . გაიხარეთ ბატონო პრეზიდენტო

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?