"გოგაშვილი გვეუბნება, არსებობს მესამე მხარე, რომლისგანაც მეც და მაჩალიკაშვილსაც ლიკვიდაციის საფრთხე გვემუქრებაო, მან უნდა თქვას ხმამაღლა ვინ არის ეს მხარე" - კვირის პალიტრა

"გოგაშვილი გვეუბნება, არსებობს მესამე მხარე, რომლისგანაც მეც და მაჩალიკაშვილსაც ლიკვიდაციის საფრთხე გვემუქრებაო, მან უნდა თქვას ხმამაღლა ვინ არის ეს მხარე"

სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ რისკის ქვეშ არის მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის სიცოცხლე, რის გამოც გოგაშვილი სამართალადამცველებს ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

"რისკის ქვეშ არის ჩემი და ვახას სიცოცხლეც. მე, არანაირად არ ვარ შურისმაძიებელი და არც ვაპირებ კანონს იქით გადავიდე, მაგრამ მას რომ რამე დაუშავდეს, პირველ რიგში, ვინ იქნება ეჭვმიტანილი?! გოგაშვილი და სახელმწიფო. ან, პირიქით, მე რომ რამე

დამიშავდეს და ვახამ არ გააკეთოს ეს, ვახა იქნება ეჭვმიტანილი და ეს გამოიწვევს ძალიან მძიმე მდგომარეობას და დაძაბულობას საქართველოში. ამიტომ, მოვუწოდებ ძალოვნებს, რომ ამას ძალიან დიდი ყურადღება მიაქციონ და მაქსიმალური ყურადღებით იყვნენ ჩემი და იმ ადამიანის მიმართ", - განაცხადა გოგაშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" საუბრის დროს.

როგორც ექსპერტი გია ხუხაშვილი გოგაშვილის განცხადებაზე შეფასებისას ამბობს, სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ უნდა დაასახელოს იმ პირთა ვინაობა, ვისაც ის განიხილავს საფრთხედ.

"ეს არის ძალიან მძიმე განცხადება იმიტომ, რომ ფაქტობრივად, გოგაშვილი გვეუბნება, რომ არსებობს მესამე მხარე, რომელიც დაინტერესებულია მთელი ამ ისტორიის დამალვით და შესაბამისად, მეც და მეორე მხარეც ვდგავართ ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხის ქვეშო. დარჩა შთაბეჭდილება, რომ მან იცის ეს მესამე მხარე ვინ არის, ჰოდა, თქვას ხმამაღლა ვინ არის...

ფაქტია, რომ სისტემაშია ვიღაც, ვინც ამ მესამე მხარეს წარმოადგენს, ის, ვინც შემოიყვანა ჩატაევი. რას გვეუბნება ამ განცხადებით გოგაშვილი? იმას, რომ მე არ შემომიყვანია ჩატაევი და არც სპეცოპერაცია ჩამიტარებიაო, ახლა კი მეც და მაჩალიკაშვილი ვართ სწორედ იმის სამიზნე, ვინც ეს გააკეთა, რათა გადაიფაროს ეს დანაშაული და ხელი შეახოცოს სხვასო...  მოკლედ, ის იყო სუს-ის უფროსის მოადგილე, დიდი ალბათობით, უნდა იცოდეს ვინ არის ეს მხარე და ეს უნდა გვითხრას", - განაცხადა გია ხუხაშვილმა kvirispalitra.ge-სთან.

(სპეციალურად საიტისთვის)