სანდრა რულოვსსა და პარტიის სხვა წევრებს "ოცნების" წარმომადგენლები თავს დაესხნენ? - რას ამბობენ "ნაცმოძრაობაში"? - კვირის პალიტრა

სანდრა რულოვსსა და პარტიის სხვა წევრებს "ოცნების" წარმომადგენლები თავს დაესხნენ? - რას ამბობენ "ნაცმოძრაობაში"?

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსსა და პარტიის სხვა წარმომადგენლებს თავს დაესხნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიაში განუცხადეს, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა სანდრა რულოვსი და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერები, დადიანების ეზოში იყვნენ და ადგილობრივ მედიასაშუალებას ინტერვიუს აძლევდნენ.

"მათ 5 ადამიანი დაესხა თავს. ესენი იყვნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ის პირები, რომლებიც ჩვენს წარმომადგენლებს ასევე დაესხნენ თავს, რამდენიმე დღის წინ სოფელ რიყეში. მათ ჩვენი პარტიის ფოტოგრაფს და კიდევ რამდენიმე ადამიანს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა", - განაცხადეს პარტიაში.

ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ სამართალდამცავები საჭირო საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ.

"ინტერპრესნიუსი"