როგორ იწყებოდა თბილისის ომი - კვირის პალიტრა

როგორ იწყებოდა თბილისის ომი

(დასასრული. დასაწყისი "კვირის პალიტრა" #42)

"გამსახურდიას 100 ათასი დოლარის ეკვივალენტი თანხა გადაუხდია "ღამურებისთვის" "მხედრიონის" წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაში"

"ჯაბას სამოქალაქო ომი რომ  ნდომოდა,  ციხიდან გამოვიდოდა და დაპირისპირებაში ჩაერთვებოდა"

"ქართველმა ფუნიკულორი ჩააბარა, უკრაინელმა კი თავი შესწირა საქართველოს"

მხედრიონელმა, ჯაბა იოსელიანის დაცვის ყოფილმა უფროსმა თამაზ ფანჩულიძემ დავით ზეიკიძის ბრალდებებს (რომლებიც "კვირის პალიტრის" წინა ნომრებში გამოქვეყნდა) უპასუხა და თბილისის ომის რამდენიმე საინტერესო ეპიზოდიც გაიხსენა:

- აფხაზეთის ომში მხოლოდ  პოლიციელები კი არა, ყველა განწირული ვიყავით. უამრავი პროვოკაცია იყო. ხანდახან ბრძანება მოდიოდა, პოზიციები დატოვეთო, მერე კი გავიგებდით, რომ ეს ბრძანება გენშტაბიდან არ ყოფილა. ერთხელ რაციით სოხუმის ბრიგადის უფროსის, გენო ადამიას ხმით ბრძანება მიგვივიდა, მოგვიანებით რომ გადავამოწმეთ, გენო გადაირია, ეს ბრძანება მე არ გამიციაო...

მახსოვს, სოხუმის ბრძოლებისას ჯაბამ გენო ადამიას ჰკითხა, ანძაზე ჩვენები ხომ არიან, თუ ფუნიკულორი დავკარგეთ, სოხუმი დაეცემაო. კი, იქ მესამე ბატალიონი დგასო, უთხრა გენომ. ბატონმა ჯაბამ მაინც გაგზავნა გიგა გელაშვილი, მას ფუნიკულორზე არავინ დახვდა და თავისი ხალხი დატოვა. როგორც იქნა, მოძებნეს მესამე ბატალიონის უფროსი ვეკუა და შტაბში მოიყვანეს.

გენო ადამიამ სულ რუსულ-ქართულ-მეგრულად აგინა. ვეკუამ თავის მართლება დაიწყო, ჩემი ხალხი ახლაც ანძასთან დგას, ეტყობა, მეომრები იქვე, სახლებში შევიდნენო. ჯაბამ ორჯერ უთხრა ვეკუას, 50 მხედრიონელს მოგცემ და დაიტოვე ფუნიკულორზეო. არ მინდა, თავად მივხედავ ამ საქმესო, იუარა ვეკუამ. ჯაბამ გიგა გელაშვილის ხალხი ანძიდან მოხსნა და სადგურში გადაისროლა. მეორე დღეს შევიტყვეთ, რომ ვეკუას თავისი მებრძოლები არ დაუყენებია ანძასთან.  ფუნიკულორი, საიდანაც Mხელისგულივით ჩანდა სოხუმი, დილით უკვე დაკარგული იყო.

შევარდნაძე დილაადრიან მოვიდა შტაბში. მოიყვანეს ვეკუაც. მოგვიანებით გავიგეთ, თურმე ზვიად გამსახურდიას მომხრე ყოფილა და  განგებ ჩაუბარებია ფუნიკულორი. ზოგიერთ გენერალს უნდოდა, ვეკუა ისევ ფუნიკულორის დასაბრუნებლად გაეგზავნათ, მაგრამ ამის წინააღმდეგი ჯაბა იოსელიანი და ედუარდ შევარდნაძე წავიდნენ.

გენო ადამია და ჯაბა ვეკუას დასჯას მოითხოვდნენ, დასაჭერი, ტრიბუნალზე გადასაცემი და დასახვრეტი იყო, მაგრამ ომის დროს მის დასასჯელად ვის ეცალა, გადაწყდა, რომ გიგა გელაშვილის, ირაკლი ბათიაშვილისა და გურამ ჯანიაშვილის ხალხი წასულიყვნენ ფუნიკულორის დასაბრუნებლად. გააფთრებული ბრძოლა გაიმართა. რუსები და აფხაზები ფუნიკულორს არ თმობდნენ. "მხედრიონს" ამ ოპერაციის დროს ბევრი ხალხი დაეღუპა, გურამ ჯანიაშვილს კი 15 ავღანელი მოუკლეს. გიგა გელაშვილის ჯგუფში ერთი თბილისელი უკრაინელი იბრძოდა, გერასიმენკო. ქართულად ჩვენსავით ლაპარაკობდა.

ფუნიკულორზე  იერიშის დროს დაიჭრა, ჩამოიყვანეს, თავი შეუხვიეს და რომ უთხრეს, პოზიციიდან უნდა გაგიყვანოთო, გადაირია, იარაღი აიღო და... მეორე იერიშის დროს დაიღუპა. წარმოგიდგენიათ, ქართველმა ფუნიკულორი ჩააბარა, უკრაინელმა კი თავი შესწირა საქართველოს.  რუსებმა ანძასთან 120-მმიანი ნაღმსატყორცნები აიტანეს და სოხუმის დაბომბვა დაიწყეს...

ბოლო ხანს შევარდნაძე დაბნეული და უუნარო იყო.

ლოგიკურად აზროვნება უჭირდა. წითელ ხიდთან თავდაცვითი ზოლის გაკეთება გვინდოდა. გიგა გელაშვილი 60 კაცით იქ დავტოვეთ, ბატონი ჯაბა კი სინოპში წავიდა, სადაც ჩვენი შტაბი იყო, მაგრამ არავინ დაგვხვდა. რუსმა ქალებმა გვითხრეს, 4-5 საათია, გულრიფშისკენ წავიდნენო. მივხვდით, სოხუმი ჩაბარებული იყო. 60 კაცით ვერაფერს გავხდებოდით. ჯაბამ განკარგულება გასცა, სოხუმიდან გამოსულიყვნენ. ბოლოს სწორედ მათ დატოვეს სოხუმი და არა ზეიკიძის პოლიციელებმა.

გულრიფშში 500-მდე მეომარი, საბრძოლო ტექნიკა და უამრავი მსუბუქი მანქანა დაგვხვდა. შევარდნაძესთან შესვლა გამკაცრებული იყო. მთავარსარდალთან ირაკლი ბათიაშვილი და შოთა კვირაია იყვნენ. რუსებთან რადიოკავშირი ჰქონდათ და მსჯელობდნენ, როგორ გაეყვანათ შევარდნაძე აფხაზეთიდან. საბოლოოდ პრეზიდენტის მეურვეობა კვირაიამ იკისრა და ბაბუშერის აეროპორტიდან ТУ-134-ით გადააფრინა თბილისში.

ბატონმა ჯაბამ წინადადება შემოიტანა, კელასურის ხიდთან გავამაგროთ პოზიციები, გულრიფში, სოხუმი-ოჩამჩირის გზა, ოჩამჩირე და გალი არ დავთმოთო. Gგია ყარყარაშვილიც დაეთანხმა. ეს იდეა გენო ადამიასაც მოეწონა. გაიცა ბრძანება, რომ კელასურის ხიდთან ბეტონის ფილები მიეტანათ და გია ყარყარაშვილს თავისი ხალხი ჩაეყენებინა. დილის 7 საათზე სოხუმელ მხედრიონელს, დათო შონიას ბატონმა ჯაბამ უთხრა, ნახე, კელასურის ხიდთან ფილები თუ მიიტანეს და ხალხი თუ ჩააყენესო. შონია  ნახევარ საათში დაბრუნდა, ფილები კი დაუწყვიათ, მაგრამ ხალხი არ არისო.

გიამ იუარა, არა, იქ ჩემი ხალხი დავაყენეო. მერე ერთი ტანკით და სამი მსუბუქი მანქანით წავიდნენ კელასურის ხიდისკენ. კოლონას გენო ადამიაც შეემატა თავისი დაცვით და ცოტა ხანში კოლონას გაუსწრო. მოულოდნელად აფხაზების მოწინავე რაზმს შეეფეთა, მძღოლი მოუკლეს, დაჭრილი  გენო კი მანქანიდან გადმოხოხდა და მანქანის საბარგულს მიეყრდნო. მცველმა, რომელიც ახლდა, აფხაზურად დაიწყო ყვირილი, მერე კი ავტომატის ჯერი მიუშვა დაბნეულ აფხაზებს და რამდენიმე კაცი მოკლა. აფხაზები მიხვდნენ, რომ მოტყუვდნენ.

მცველი მოკლეს და მანქანას რომ მიუახლოვდნენ, საბარგულთან ჩაკეცილი გენო ადამია დაინახეს. მათ დანახვაზე გენოს "სტეჩკინისკენ" წაუღია ხელი, მაგრამ აფხაზებმა  დაასწრეს და მოკლეს. ეს ამბავი თავად აფხაზებისგან ვიცი. ადამიას უკან მომავალ კოლონას სროლის ხმა რომ შემოესმა, იფიქრეს, ალყაში არ მოვექცეთო და უკან გაბრუნდნენ. არადა, აფხაზები სულ 10-15 კაცი იყო, ჩვენები  რომ მიხმარებოდნენ, გენო გადარჩებოდა, მაგრამ...

გია ყარყარაშვილმა თქვა, 200 კაცი მყავს გულრიფშის საავადმყოფოში და კელასურის ხიდზე მათ დავაყენებო. გიო ("ჟორიკა") რურუასთან ერთად "ჟიგულით" წავიდა გულრიფშში, მაგრამ იქ 200 კაცის ნაცვლად რამდენიმე კაცი დახვდათ. ყარყარაშვილს გიო რურუასთვის შეუთავაზებია, ჩემი მეომრები დაფანტულან, დარჩი ჩვენთან და სვანეთის გზით წავიდეთო, მაგრამ ჟორიკა ჩვენთან დაბრუნდა. 60 კაცამდე დავრჩით.

დაცვითი ზოლის გაკეთება არ გამოვიდა. თან საშინელი დაბომბვა დაიწყო. მცირე ძალით ვეღარაფერს გავხდებოდით და გენერალ ქვარაიასთან ერთად სულ ბოლოს წამოვედით მერხეულის გზით სვანეთისკენ.

სოფელ ლათასთან ემზარ კვიციანი და ემზარ ჩხეტიანი შეგვხვდნენ. სოხუმის დაბრუნებაზე კი არა, უკვე დალის ხეობის დაცვაზე იყო ლაპარაკი. ჩხეტიანმა და კვიციანმა გვითხრეს, დალის ხეობაში შემავალ გვირაბებთან ჩვენი ხალხი დავაყენეთო. სოფელ აჟარაში ვნახეთ ყველა სამხედრო დანაყოფი, რომლებიც მერხეულის გზით წამოვიდნენ სვანეთისკენ. იქ იყო დათო ზეიკიძეც. რომ ამბობს, ელგუჯა ბუცხრიკიძეს იოსელიანმა უბრძანა, მებრძოლები შეეგროვებინა, რომ სოხუმისთვის ისევ შეგვეტიაო, აბსურდია.  ასეთი ბრძანება ჯაბას არ გაუცია.

28 სექტემბერს კელასურის ხიდთან ვაკავებდით მებრძოლებს, ვინც გარბოდა, ფეხებშიც კი ვესროლეთ, რომ შეგვეჩერებინა, მაგრამ ისინი უკვე მორალურად იყვნენ გატეხილი.

29-30 სექტემბერი იქნებოდა, ჭუბერში "ომეგას" ბიჭები რომ მოვიდნენ და ბატონ ჯაბას უთხრეს, სატელეფონო კავშირზე ("ომეგას" კოსმოსური სატელეფონო სადგური ამერიკელებმა აჩუქეს) შევარდნაძეა და თქვენთან საუბარი სურსო. შევარდნაძემ უთხრა, სასწრაფოდ ჩამოდი თბილისშიო, მაგრამ ბატონმა ჯაბამ, აქედან ხალხია გასაყვანი. სომხეთს, აზერბაიჯანსა და უკრაინას სთხოვეთ შვეულმფრენები, თორემ აქ ხალხი ჩაგვეხოცებაო.

შევარდნაძემ, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთო და კვლავ დაჟინებით მოსთხოვა თბილისში დაბრუნება. ბატონი ჯაბაც სასწრაფოდ დაბრუნდა თბილისში, სადაც ვითარება იძაბებოდა, ოპოზიცია შევარდნაძის გადადგომას მოითხოვდა. ქვეყნის მეთაურს  ჯაბა იოსელიანი თბილისში სჭირდებოდა.

თბილისში დაბრუნების შემდეგ ზეიკიძემ "მხედრიონთან" ურთიერთობის მოგვარება სცადა. ბატონ ჯაბას ეუბნებოდა, ჩვენი დროის გიორგი სააკაძე ხართო. ერთხელ კი დაურეკა და უთხრა, ბატონო ჯაბა,  360 გრადუსით შემოვბრუნდი თქვენკენო. ჯაბამ, თუ ასეა, ისევ იქ დარჩენილხარ, სადაც იყავიო და ტელეფონი დაუკიდა.

KvirisPalitra.Ge- რატომ დააპატიმრა ზვიად გამსახურდიამ ჯაბა იოსელიანი?

- 1991 წელს ჩატარდა ცალკე კონგრესის, ცალკე უზენაესი საბჭოს არჩევნები, სადაც "მრგვალი მაგიდა" და მისი სატელიტი პარტიები მონაწილეობდნენ. კონგრესის მხარეს ყველა ანგარიშგასაწევი ოპოზიციური ძალა დადგა. როდესაც გამსახურდიასა და კონგრესში მყოფ ოპოზიციას შორის დაპირისპირება უკიდურესობამდე მივიდა, გამოიცა ზვიად გამსახურდიას ბრძანება, რომლის თანახმადაც უკანონოდ გამოცხადდა ყველა შეიარაღებული ფორმირება.

ვითარება რომ განმუხტულიყო, ოპერის ბაღში დავიწყეთ შიმშილობა. ჩვენთან ერთად შიმშილობდნენ ბატონი ჯაბა და ირაკლი წერეთელი. მოვითხოვდით, არჩეულ უზენაეს საბჭოს ასევე არჩეულ კონგრესთან დაეწყო მოლაპარაკება, ვითხოვდით ყველა შეიარაღებული ფორმირების განიარაღებასა და ერთ სტრუქტურაში მოქცევას.

მოშიმშილეებთან კაკო ასათიანი მოვიდა და ბატონ ჯაბას დაჰპირდა, უსათუოდ დავიწყებთ მოლაპარაკებას კონგრესთანო, მაგრამ გამსახურდიამ უარი თქვა დიალოგზე და ძალისმიერი მოქმედება არჩია, - შავნაბადაზე ჩვენს ბაზას ღამით მუხანათურად დაესხნენ თავს. სპეცოპერაციაში რუსული ჯარის "ღამურები" მონაწილეობდნენ.

გააფთრებული ბრძოლა გაიმართა. ჩვენს მხარეს რამდენიმე დაიჭრა. მოკვდა ერთი რუსი ჯარისკაცი.

შტაბი დაარბიეს და შავნაბადაზე მყოფი მაშველთა კორპუსის ყველა წევრი აიყვანეს. მაშინ შტაბი ჭადრაკის სასახლეში გვქონდა. მომხდარის შესახებ რომ გავიგეთ, შავნაბადაზე გავცვივდით. ათი კაცი ვიქნებოდით: ჯაბა, მისი შვილი კონსტანტინე, გია სვანაძე, ზაზა ვეფხვაძე და ედპ-ის რამდენიმე წევრი. ავედით თუ არა, ტყვიები დაგვიშინეს. ჩვენს მანქანებს ტანკებით გადაუარეს, ძლივს  გავასწარით. მოგვიანებით გავიგეთ, რომ გამსახურდიას 100 ათასი დოლარის ეკვივალენტი თანხა გადაუხდია "ღამურებისთვის" "მხედრიონის" წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაში.

მეორე დღეს ჯაბა იოსელიანი ოპერის ბაღთან მიტინგზე გამოვიდა. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დაგმო ზვიად გამსახურდიას ქმედება. ბატონ ჯაბას ეუბნებოდნენ, ძალა გაქვთ, ტყეში გადით და იქიდან შეებრძოლეთ ზვიად გამსახურდიასო, მაგრამ ჯაბა იოსელიანმა ეს არ გააკეთა, საქართველოში სამოქალაქო ომს არ დავიწყებო. მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღეში ბატონი ჯაბა თავისი ძმაკაცის ბინაში დააპატიმრეს. მან დაპირისპირებას ციხეში წასვლა არჩია.

- მსმენია, რომ არა ჯაბა, ზვიადს ვერ დაამხობდნენ, "მხედრიონის" ხელმძღვანელის ციხიდან გამოსვლამ გადაწყვიტა თბილისის ომის ბედიო.

- ჯაბას გარდა გამსახურდიამ დააპატიმრა გია ვაშაკიძე, ზაზა ვეფხვაძე, გოგა ხაინდრავა, მამუკა გიორგაძე, გია ჭანტურია... ამის მერე ოპერის ბაღში აქციები განვაახლეთ. თავიდან "მხედრიონი" მთავრობის სახლთან არ მდგარა.

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების რღვევა "მრგვალი მაგიდიდან" დაიწყო. მისი წევრები დაეტაკნენ ერთმანეთს და 22 დეკემბერს მთავრობის სახლთან ტყვია გავარდა. ჩვენ ამ დროს ისევ ოპერასთან გვქონდა მშვიდობიანი აქციები, ბატონ ჯაბას გათავისუფლებას ვითხოვდით. იმაში, რომ "მრგვალი მაგიდის" წევრების ერთმანეთთან დაპირისპირება თბილისის ომად იქცა, "მხედრიონს" იოტისოდენა ბრალი არა აქვს.

მალე გავიგეთ, რომ ციხეში ჯაბა იოსელიანის მკვლელობა იგეგმებოდა. მხედრიონელები შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ, ორი კაცი სუკ-ის იზოლატორში შესულიყო და ხელმძღვანელს დალაპარაკებოდა. მე და კუკური გრიგოლია ("ელექტრიკი"), შევედით. მეგობრები გარეთ გველოდებოდნენ. უშიშროების მინისტრის მოადგილეს ვუთხარით, რა ინფორმაციაც გვქონდა და მოვთხოვეთ, ჯაბა იოსელიანი უნდა გაათავისუფლოთ-მეთქი.

შემოგვთავაზა, ერთი თქვენგანი შევიდეს ბატონ ჯაბასთან და თუ ისურვებს ციხიდან გასვლას, გავუშვებთო. კუკური ჩავიდა, მაგრამ ბატონმა ჯაბამ უარი თქვა, ყველა პოლიტპატიმარს თუ გაუშვებენ, იმ შემთხვევაში გავალო. ჯაბას სამოქალაქო ომი რომ  ნდომოდა,  ციხიდან გამოვიდოდა და დაპირისპირებაში ჩაერთვებოდა, მაგრამ ეს არ გააკეთა.

ამასობაში თავისუფლების მოედნიდან მერაბ კოსტავას საზოგადოება წავიდა და რადგან ვშიშობდით, ჯაბას თავს არ დასხმოდნენ, E 22 მხედრიონელი თავისუფლების მოედანზე დადგა. დეკემბრის ბოლოს თენგიზ კიტოვანსა და სიგუას 60-70 კაცამდეღა დარჩათ, მთავრობის სახლში კი რამდენიმე ათასი ზვიად გამსახურდიას მომხრე და გვარდიელი იყო. კიტოვანს და სიგუას იმდენად გაუჭირდათ, სასტუმრო "თბილისიდან" შტაბი "იმელში" გადაიტანეს.

თენგიზ სიგუა და კიტოვანი იძულებული გახდნენ, სუკ-ის ციხე გაეტეხათ და ჯაბა იოსელიანი გამოეყვანათ. ციხის კარი კიტოვანმა, ლანჩავამ და სხვა გვარდიელებმა შეამტვრიეს და ყველა პოლიტპატიმარი გამოიყვანეს.

ბატონი ჯაბა ფაქტის წინაშე დადგა, - თბილისში ომი იყო და მისი ამოცანა ძმათამკვლელი ომის მალე დასრულება გახდა. ჯაბას ციხიდან გამოსვლიდან მეორე დღესვე 700-800 თბილისელი დადგა მთავრობის სახლთან და ამან გადაწყვიტა ომის ბედი.

6 იანვარს ზვიად გამსახურდია რუსების დახმარებით გავიდა მთავრობის სახლიდან. ოპოზიციის შტაბში ამბობდნენ, ზვიად გამსახურდია არ გავუშვათ, მოვკლათო, მაგრამ ჯაბამ განაცხადა, არავითარი ლიკვიდაცია,  გავუშვათო. ბოლოს და ბოლოს, კონსტანტინეს შვილიაო.

არ უარვყოფ, პრეზიდენტი რომ სომხეთისკენ მიდიოდა, გზაში შეტაკებები იყო, მაგრამ  ორმხრივად ისროდნენ. გამსახურდიას ბევრი ჰყავდა გამწარებული, მთავრობის სასახლესთან მის წინააღმდეგ მაშინ თბილისის ნაღები საზოგადოება იდგა. ამ დაპირისპირებაში ზვიად გამსახურდიას რომ გაემარჯვა, ციხეებს გატენიდა და საშინელ  რეპრესიებს დაიწყებდა.

დასასრულ, მინდა ჩემ მიერ დაშვებული უზუსტობა გამოვასწორო: წალენჯიხაში ავეჯის დაყაჩაღების ეპიზოდში ქუთაისის პოლიციელები ვახსენე. უნდა მეთქვა, "ჩამოსული პოლიციელები".

მარი ზანდუკელი