"მმართველ გუნდში დისკუსიისას მე ერთხელ მართლაც მიწოდეს "უცხო სხეული" - კვირის პალიტრა

"მმართველ გუნდში დისკუსიისას მე ერთხელ მართლაც მიწოდეს "უცხო სხეული"

მმართველ გუნდში დისკუსიისას მმართლაც მიწოდეს "უცხო სხეული", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში ღია ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. კითხვაზე, კონკრეტულად ვინ უწოდა მას უცხო სხეული, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ არაერთმა.

"არ მინდოდა ამაზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ ვერ შევიკავებ თავს. ქალბატონო ნატო, მემგონი თქვენ მითხარით, რომ თქვენი აზრებით უცხო ნაწილი ბრძანდებოდითო. მე ერთხელ ამ დისკუსიებში მართლაც მიწოდეს უცხო სხეული," -მიმართა ქობულიამ დეპუტატ ნატო ჩხეიძეს.

უმრავლესობიდან გიორგი ქობულიასთან ღია ფორმატში შეხვედრას ესწრებიან ზაზა ხუციშვილი, ბიძინა გეგიძე და შოთა შალელაშვილი. გიორგი ქობულიას უსმენენ უმრავლმესობის ყოფილი წევრები და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომდგენლები. პარლამდნტში ყოფილი მინისტრის მოსასმენად მივიდა დავით უსუფაშვილიც.

კითხვაზე, რატომ გამათავისუფლეს თანამდებობიდან? - ეს არ იყო ერთი ან ორი საკითხი, ეს საკითხების კრებული იყო, რომელთა შესრულებას მე ჩემი მხრიდან დაჟინებით ვითხოვდი, - აღნიშნული განცხადება ქობულიამ დეპუტატების კითხვის პასუხად გააკეთა.

"ალბათ ეს საკითხები სრულ თანხვედრაში არ იყო. მიახლოებით რომ გასაგები იყოს, ეს ეხება ალტერნატიული კომპანიების შემოყვანაზე მორგებული სტრატეგიის არსებობას სხვადასხვა სექტორებში. იგივე, თუ როგორ უნდა მოხდეს ელექტროენერგიის შესყიდვისა და იმპორტის სისტემის ჩამოყალიბება. ეს ის საკითხები იყო, რაზეც საერთო ენა ვერ ვიპოვეთ. ალბათ მე რაღაც საკითხებში მძიმე და პრინციპული აღმოვჩნდი. არ მჩვევია და თავიდანვე გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ მე მხარს არ ვუჭერ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც ფუნდამენტალურად არ მესმის და რასაც არ ვეთანხმები. ეს იყო დიდი პროცესი - არ იყო ისე, რომ ვმუშაობდით და უცებ რვა თვის თავზე რაღაც უთანხმობა მოხდა. ეს იყო თვეების განმავლობაში მიმდინარე პროცესი. ამაზე მეტის თქმა მიჭირს", - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

როგორც ქობულიამ აღნიშნა, თუ საქართველოს მოსახლეობამ კლება დაიწყო, ეს ეკონომიკისთვის წარმოუდგენელი გამოწვევა იქნება.

"მე არ ვარ იმის მომხრე, რომ ჩვენ მოვამზადოთ კადრები და მერე ეს კადრები უცხოეთში გავუშვათ. ეს იდეა არ არის ჩემთვის მისაღები. რატომ? - იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ გვჭირდება ქვეყნაში კვალიფიციური კადრები. ამიტომ ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, რომ შევქმნათ მაქსიმალური პირობები, რომ ვინც მუშაობს უცხოეთში, ისინიც უნდა მოვიყვანოთ. ჩვენ რომ ახლა მსოფლიო ბანკის პროგნოზი ვნახოთ, ძალიან შემზარავი ციფრებია. 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა რამდენად დაიწევს, ნახეთ ეს ციფრები, მათი პროგნოზი. ეს არის უზარმაზარი გამოწვევა ჩვენი ეკონომიკის. თუ ჩვენმა მოსახლეობამ შემცირება განაგრძო, ეს საერთოდ წარმოუდგენელი გამოწვევა იქნება", - განაცხადა ქობულიამ.

"ინტერპრესნიუსი"