ცუდი და კარგი ამბები - კვირის პალიტრა

ცუდი და კარგი ამბები

ცუდით დავიწყებ: წინა კვირას ყველაზე გულისშემძვრელი ამბავი, რომელიც საინფორმაციო სააგენტოებში ამოვიკითხე, ასეთი იყო: ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც საქართველო მედიის თავისუფლების ხარისხით მეასე ადგილზეა. შარშან 81-ეზე ვყოფილვართ.

ის კი არა, ჩვენზე წინ რამდენიმე აფრიკული ქვეყანაც კი აღმოჩნდა. ეს ძალიან, ძალიან მეწყინა. ძალიანაც აღვშფოთდი, ასე როგორ გაგვიმეტეს, კი გვაქვს პრობლემები, მაგრამ სულ უკან-უკან როგორ მივდივართ, აშკარად გვჩაგრავენ-მეთქი, ვიფიქრე. აღშფოთება და უსამართლობის გრძნობა განელებული არ მქონდა, რომ მეორე დღეს ტელევიზორი "იმედზე" გადავრთე.

ხუთი საათი იყო და მეც საინფორმაციო გამოშვების ყურება დავიწყე. უკეთესს რას ნახავ კაცი?! უპირველესად  გვითხრეს, რომ ველისციხეში უძველესი გვირაბი აღმოუჩენიათ. მერე  გავიგეთ, რომ პუტინი სერდიუკოვის გადაყენებას ითხოვს.  ჩვენთვის ესეც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. შემდეგ მოჰყვნენ, დუმა აფხაზეთში რუსი ბიზნესმენებისთვის პრივილეგიებს ითხოვსო. არ ვდავობ, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია. მორიგი ახალი ამბავი უკვე პარიზში გამართული საპროტესტო აქციები იყო. არადა,  სულ რამდენიმე საათის წინ, პოლიციასთან შეხლა-შემოხლით დასრულდა მოვაჭრეების აქცია ლილოში.

აქციის დროს პოლიციამ ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი აქტივისტი დააკავა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. იმ ძველ, კეთილ დროში, როდესაც "იმედი" ჯერ კიდევ იყო ტელევიზია, იგივე ხუთსაათიანი გამოშვება ასე დაიწყებოდა: "ხმაური იყო დღეს ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. შეტაკება მოხდა პოლიციასა და მოვაჭრეებს შორის" და ა.შ. ხუთსაათიან გამოშვებას ვინ ჩივის, იმ დღეს ეს ამბავი არც ერთ ნაციონალურ არხს ერთი სიტყვითაც არ უხსენებია.

არც ის, რომ "ეროვნული ფორუმი" თავის დაკარგულ წევრს მთელი საღამო (ღამეც) ეძებდა და ვერც ერთ პოლიციის განყოფილებაში ვერ მიაკვლია. ამიტომაც ლილოს მოვაჭრეების აქციაზე, რომელთაც მაღაზიები დაულუქეს, საქართველოს არაფერი გაუგია. დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანსაც პირველად ესმის. მოკლედ, არ არის ინფორმაცია, არ არის პრობლემა.

ეჰ, ან მეასე ადგილზე როგორ ვართ ნეტავი!

რაც შეეხება კარგ ამბავს: წინა კვირის ყველაზე სასიხარულო ცნობა, რაც საინფორმაციო სააგენტოებში ამოვიკითხე, ასეთი იყო: "ნოღაიდელი ევროპაში იმყოფება". რადგან მაგან ევროპისკენ გაიხედა, აწი რაღა მომკლავს?!