სანდრა რულოვსი ამომრჩევლებს: "ნუ გეშინიათ, მე აქ ვარ და დაგეხმარებით ამ მართლა "ფაროსანა მთავრობის" შეწამვლაში" - კვირის პალიტრა

სანდრა რულოვსი ამომრჩევლებს: "ნუ გეშინიათ, მე აქ ვარ და დაგეხმარებით ამ მართლა "ფაროსანა მთავრობის" შეწამვლაში"

ნუ გეშინიათ, მე აქ ვარ და დაგეხმარებით ამ მართლა "ფაროსანა მთავრობის" შეწამვლაში, - ასე მიმართა გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდელებს 19 მაისის არჩევნების წინ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში. სანდრა რულოვსმა აღნიშნა, რომ 19 მაისს ხალხი დაიბრუნებს ძალაუფლებას და ზუგდიდი გადაიქცევა საქართველოს ევროპულ კარიბჭედ, სწრაფი განვითარების მთავარ ცენტრად.

"25 წელია მე მირჩევნია დავდგე თქვენს გვერდში და დაგეხმაროთ, ვიდრე ვიცხოვრო ჩემს აყვავებულ ჰოლანდიაში. გული მტკივა, როცა ვხედავ რა მოუტანა 7- წლიანმა უპატრონობამ, კორუფციამ, ნეპოტიზმმა და განუკითხაობამ ზუგდიდს - უკიდურესი გაჭირვება, შემოსავლის გარეშე, შიმშილის ზღვარზე დარჩენილი ოჯახები, რომელთა ოჯახის წევრები ხშირად ემიგრაციაში იმყოფებიან. ნუ გეშინიათ, მე აქ ვარ და დაგეხმარებით ამ მართლა "ფაროსანა მთავრობის" შეწამვლაში. ჩემ და თქვენს სიყვარულს და ურთიერთპატივისცემას შორის ვერავინ ჩადგება, ვერც ზონდერი, ვერც პროვოკატორი და მით უმეტეს ვერც ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, რადგან ჩვენი პოლიციის შინაგანი ძახილია - ემსახუროს ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. აქ, სამეგრელოში საქართველოს ბედი წყდება. ზუგდიდიდან იწყება საქართველოს გამარჯვება", - აღნიშნა ზუგდიდი მერობის კანდიდატმა ვიდეომიმართვაში.

"ინტერპრესნიუსი"