საქართველოში, რამდენიმე საარჩევნო ოლქში პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

საქართველოში, რამდენიმე საარჩევნო ოლქში პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს

პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის, 08:00 საათზე, ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა.

დღეს არჩევნები 410 საარჩევნო უბანზე იმართება, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი.

თბილისში, #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. გარდა ამისა, დღესვე მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

არჩევნების დღეს ამომრჩევლები ძირითადად ერთ საარჩევნო ბიულეტენს მიიღებენ, ხოლო ზესტაფონსა და ჭიათურაში, იმ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნებთან ერთად იმართება საკრებულოების შუალედური არჩევნები - 2 ბიულეტენს.

ამასთან, ბიულეტენები დაბეჭდილია როგორც ქართულ, ისე შესაბამისი საარჩევნო უბნებისთვის, ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ ენებზე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 19 მაისის არჩევნებს 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6 139 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი აკვირდება. არჩევნების დღეს გააშუქებს 45 მედია ორგანიზაციის 1 917 წარმომადგენელი. 19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.

ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 08 :00 საათიდან გაიხსნა ამომრჩევლებისთვის და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ანა მიქელაძემ მოქალაქეებს შეახსენა, რომ ხმის მიცემა არის ფარული და მოქალაქე საკუთარ არჩევანს ხმის მიცემის კაბინაში აკეთებს.

"საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში და არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დასრულებამდე,"- განაცხადა მიქელაძემ.

განსაკუთრებული დაძაბულობა ზიგდდშია, სადაც მერს ირჩევენ, იქ ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო შეკრებილი ოპოზიციური ძალების. ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ექსპირველი ლედი სანდრა რულოვსია.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს უპრეცედენტო ძალები არ არის ზუგდიდში მობილიზებული, ზუგდიდში არის მობილიზებული დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთაწმინდის #5 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალების მობილიზება იმ რისკებიდან გამომდინარეობს, რომელსაც უწყება აფიქსირებს.

„მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ დღეს იმ რისკებიდან გამომდინარე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აფიქსირებს, საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება ზუგდიდს, ზუგდიდში არის ზედმეტი კონცენტრირება დამკვირვებლების რაოდენობის, რომელიც უპრეცედენტოა ამ ქალაქისთვის და საერთოდ საარჩევნო სისტემისთვის, ამიტომ ჩვენი ყურადღება ზუგდიდთან მიმართებაში არის საკმაოდ კონცენტრირებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს უპრეცედენტო ძალები არ არის ზუგდიდში მობილიზებული, ზუგდიდში არის მობილიზებული დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა. სწორედ ამაზე პასუხის სახით არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ის ძალები მობილიზებული, რომელიც აუცილებელი იმისთვის, რომ მართლწესრიგი იყოს უზრუნველყოფილი და რაც მთავარია, წყნარ, მშვიდ და დემოკრატიულო გარემოში მივცეთ ჩვენს ზუგდიდელებს არჩევანის გაკეთების საშუალება“, - განაცხადა გახარიამ.