"მარნეულში, კანდიდატის მეუღლე არიგებდა ინდურ ბრინჯს და ზეთს - დღეს ელოდებიან, რომ ინდური ხმები მოვა" - კვირის პალიტრა

"მარნეულში, კანდიდატის მეუღლე არიგებდა ინდურ ბრინჯს და ზეთს - დღეს ელოდებიან, რომ ინდური ხმები მოვა"

დღეს ჩვენ ხმა მივეცით მარნეულის მომავალს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" მარნეულის მერობის კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა განუცხადა.

მან საკუთარი პოლიტიკური არჩევანი მარნეულის მუნიციპალიტეტის N67-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

"დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში არის მერობის კანდიდატების შუალედური არჩევნები და დღეს ჩვენ ხმა მივეცით მარნეულის მომავალს. მარნეულის იმ მომავალს, რომელიც დემოკრატიული, ევროპული საქართველოა და რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ქალაქი იქნება და მშენებლობას დემოკრატიული, არჩევნების გზით დაიწყებს", - განაცხადა იმამკულიევმა.

როგორც ის ამბობს, მერის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია.

"მთელ საქართველოს და მსოფლიოს კარგად ახსოვს 2014-2016-2017 წლების არჩევნები, სადაც მე ვიყავი კანდიდატი და ყოველთვის მე ვიყავი ამ ბრძოლაში გამარჯვებული და დღესაც, ჩვენ გავიმარჯვებთ.

სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" აგრძელებს აგრესიით, მოსყიდვით და ამომრჩევლებზე ზეწოლით ბრძოლას, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია არც "ქართული ოცნების", არც ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი მოსახლეობა ერთად დავდგებით იმისთვის, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვოთ. ინციდენტი იყო სოფელ სადახლოში, სადაც ჩვენს ერთ-ერთ წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "ქართული ოცნების", მერიის წარმომადგენლებმა.

მოსყიდვის ფაქტებიც იყო - კანდიდატის მეუღლე სოფელ-სოფელ დადიოდა და არიგებდა ინდურ ბრინჯს და ზეთს. დღეს უკვე ელოდებიან, რომ ინდური ხმები მოვა, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ მარნეულში ინდური ხმები არ არის, მარნეულში საქართველოს მოქლაქეების ხმებია", - განაცხადა იმამკულიევმა.

"ინტერპრესნიუსი"