მიშა მიშად, ტურისტების მოზიდვა იქით იყოს და, ცივა, კაცო, ეს ოხერი! - კვირის პალიტრა

მიშა მიშად, ტურისტების მოზიდვა იქით იყოს და, ცივა, კაცო, ეს ოხერი!

მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას "რუსთავი 2"-ის ეთერში გავიდა გიგი უგულავას მეუღლის, ლელა კილაძის სატელევიზიო დებიუტი - შოუ "ბრავო" (ეს ქალბატონი ამ საოცრების პროდიუსერი გახლავთ) და მე ხელები მექავებოდა, ამაზე რამე დამეწერა.

ვიტყოდი, რომ იტალიურ ტელევიზიებში (რომელთა კალკს, თავის ჭკუაში, აკეთებს "რუსთავი 2") ორმეტრიან ულამაზეს წამყვან ქალებს მომხიბლავი გარეგნობის გარდა კარგი დიქცია და მდიდარი ლექსიკა აქვთ, რომ საკონკურსო ჟიურიში "ჩვენიანია" და "მიშა ევასებას" პრინციპით ხალხი არ უნდა შეყარო, რომ არ შეიძლება გეგა ფალავანდიშვილი ("რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი უფროსი) "განსაკუთრებული" სახის ინსცენირებაში ათამაშო, რადგან ძალიან უნიჭო მსახიობია. ეს ყველაფერი მინდოდა, მაგრამ სააკაშვილმა, როგორც ყოველთვის, დავთარი ამირია. მან არა მარტო კვირის, არამედ მთელი წლის ტელეშოუ ჩაატარა.

ერთხელ სააკაშვილმა ალალად თქვა, პრეზიდენტობა იმიტომ მინდოდა, რომ ბავშვობის სურვილები ამესრულებინაო.”რა უნდათ ბავშვებს? ბევრი კარუსელი, ფერად-ფერადი სახლები,  კიდევ - ბეტმენობა ან სპაიდერმენობა. კარუსელები რახანია გვაქვს, უგემოვნოდ აჭრელებული სახლები - რამდენიც გნებავთ. ისმის კითხვა: აქცია თუ არა აუხდენელ ოცნებად მიშამ ყველა ბიჭუნას ნატვრა სუპერგმირად  ან რაიმე სახის მენად გადაქცევისა? მე მგონი, აქ მიშას არ გაუმართლა. ბოროტ ჩრდილოელ მონსტრთან მებრძოლი მზეჭაბუკი ვერ გახდა (გორში რომ შეეშინდა, ეგ ოცნებები იქ დასრულდა),  მფრინავიც სუსტია - სუპერმენივით ვერ შლის ფრთებს.

არ გახსოვთ, ბათუმში რა უხეიროდ დადგა გაფრენის სპექტაკლი?! აშკარად ჩანდა, რომ გვერდით ნამდვილი პილოტი ეჯდა.  ამიტომ მიშამ ჰაერსა და მიწას თავი დაანება და სხვა სტიქიაში სცადა ბედი -  შავ ზღვაში შეცურა და, როგორც სამთავრობო არხებმა თქვეს, სამ-ნახევარი კილომეტრიც იცურა (ისე, საინტერესოა,  დაცვა კატარღით მიჰყვებოდა თუ ცურვით, ალბათ, ისეც და ასეც); წყლიდან ამოსულმა შიშვლად წაგვიკითხა ამინდის პროგნოზი (ძალიან არაპროფესიულად, ფაქტობრივი შეცდომებით) და შემდეგ ბევრი არაადეკვატური რამ თქვა.

KvirisPalitra.Geახლა, რა შუაშია აქ ტელეკრიტიკა! საქმეც ის არის, რომ მიშამ ეს სწორედ ტელევიზიებისთვის გააკეთა. მან მიიჩნია, რომ შიშველი ტორსით ეკრანზე გამოჩენა ეფექტურია! იმდენი ღვარა ოფლი ტრენაჟორებზე, რომ საცოდაობა იქნებოდა, მისი ტანი სამყაროს არ ეხილა. რა უნდოდა მიშას, რატომ გაშიშვლდა? განა არ იცის, რომ პრეზიდენტები არ სჩადიან ასეთ რაღაცებს, რომ პუტინმა, უბრალოდ, ფოტოსესია ჩაატარა და ნახევრად შიშველს ინტერვიუ არ მიუცია. განა მიშა ვერ ხვდება, რომ არასერიოზული კაცის იმიჯს იმყარებს? მე მგონი, ამ კითხვებზე პასუხი ისევ მის ბავშვურ ფანტაზიებში უნდა ვეძებოთ.

ჩვენი პრეზიდენტი ხომ არა მარტო პოლიტიკურ კარიერაზე ოცნებოდა,  მას შოუმენობაც სურდა უთუოდ! უნდოდა, ტელეწამყვანი ყოფილიყო, ან თუნდაც არტისტი. თანაც, როცა პრეზიდენტი ხარ და ამასთან, ტელევიზიებსაც ფლობ, ძალიან იოლია ზემოაღნიშნული სურვილების ასრულება. მიშამაც გაიხადა. რა მიიღო ამ ტელეშოუთი? მაყურებელთა დიდი რაოდენობა, ანუ მაღალი რეიტინგი? კი ბატონო.

მეტსაც გეტყვით, სულ შიშვლად რომ ირბინოს, ზერეიტინგული იქნება (მე შენ გეტყვი, პრეზიდენტის პოსტზე ვერ დარჩება ამის შემდეგ, თუ რა). ამომრჩეველთა სიყვარული ასეთი აქციებით არ იზრდება, მიშას მამაკაცური შარმით მოხიბლული ქალების რიცხვი, ალბათ, უცვლელი დარჩა. მიშა ასეთი ადამიანებისათვის უკვე ლეგენდაა, კერპი, რომელმაც, რაც უნდა ჩაიდინოს, მაინც სასურველი იქნება.

იქნებ ბათუმში 11 ნოემბერს ზღვაში შესვლის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა (მიშამ ხომ თქვა, 11 ნოემბრამდე გრძელდება საბანაო სეზონიო)? არა მგონია, ასე იყოს, თუმცა, თუ მიშა ადგილობრივი ხელისუფლებიდან ვინმეს დაავალებს,  ისინი "სამშობლოს გულისთვის" 11 იანვარსაც შეცურავენ შავი ზღვის ტალღებში... მაგრამ არა მგონია, მათ მაგალითს ჩვეულებრივმა მოკვდავებმა მიჰბაძონ. მიშა მიშად, ტურისტების მოზიდვა იქით იყოს და, ცივა, კაცო, ეს ოხერი!

შალვა რამიშვილი