ლია მუხაშავრია: "პროკურატურასაც კლანის წევრები მართავენ" - კვირის პალიტრა

ლია მუხაშავრია: "პროკურატურასაც კლანის წევრები მართავენ"

"პროკურატურაში ფარცხალაძემდეც ის ხალხი იყო და დარწმუნებული ვარ, თადუმაძის შემდეგაც ისინი დარჩებიან. ეს არის მონოლითური ორგანიზმი, რომელშიც შეღწევა ძალიან რთულია. თუ არა ხარ კლანის ახლობელი ან მისი წევრი, იქ ვერ მოხვდები, ხოლო თუ მოხვდები, გარანტირებული გაქვს სამუდამო პროკურორობა"

რა წერია მთავარი პროკურორის 2018 წლის ანგარიშში და ვინ მართავს რეალურად მთავარ საგამოძიებო უწყებას, ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრას" იურისტი ლია მუხაშავრია ესაუბრა.

- თავიდანვე არ მქონდა იმედი, რომ შალვა თადუმაძე საზოგადოების მაღალი ინტერესის საქმეებზე აქტიური მთავარი პროკურორი იქნებოდა, გახსნიდა რეზონანსულ საქმეებს და ყველა კითხვას პასუხს გასცემდა.

თადუმაძე "ქართული ოცნების" ლიდერის პირადი ადვოკატი იყო და ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული პირია. მოლოდინი, სამწუხაროდ, გამართლდა, არც ერთ საქმეზე არა გვაქვს პასუხი და არ გახსნილა სარალიძის, მაჩალიკაშვილისა თუ ბევრი სხვა საქმე.

- ათი თვის წინ პროკურორთა საბჭოს წინაშე შალვა თადუმაძემ პირობა დადო, რომ მისი პრიორიტეტი გახმაურებული საქმეების გახსნა და სამართლიანობის აღდგენა იქნებოდა. - ყურადღებით გავეცანი მთავარი პროკურორის 2018 წლის ანგარიშს და მასში მოყვანილია საქმეების დასრულებისა და საპროცესო დარღვევების გამოვლენის სტატისტიკა, მათ შორის ყოფილი პოლიტპატიმრების საქმეების რაოდენობა, თუ რამდენი დასრულდა და რამდენი გაამართლა სასამართლომ. მაგრამ ეს არ არის შთამბეჭდავი, თუ წარმოვიდგენთ, რომ 225 კაცი იყო პოლიტპატიმრად აღიარებული და მხოლოდ 6 საქმეა გადასინჯული და განხილული.

შეიძლება პროკურატურას საამისო რესურსი არა აქვს, მაგრამ რა უშლის ხელს, დაიმატოს ადამიანური რესურსი და უფრო აქტიურად იმუშაოს.

- პროკურატურაში რეორგანიზაცია თადუმაძემ ხომ ჯერ კიდევ თვეების წინ დააანონსა, თუმცა პრესსამსახურის გარდა, თანამდებობა არავის დაუტოვებია. - პროკურატურაში არაფერი იცვლება. არადა, საჯარო განცხადებები კეთდებოდა, თვითონ მოვისმინე ტელევიზიით, რომ სტაჟირებაზე იღებდნენ ახალგაზრდებს. გარწმუნებთ, ახალგაზრდებმა რაც უნდა თავი გამოიჩინონ, სამსახურსა და თანამდებობას ვერ მიიღებენ.

- "დღეს გვაქვს პროკურატურა, რომელიც 27 წლის განმავლობაში არასოდეს სარგებლობდა ნდობის მაღალი ხარისხით, თუმცა მას აქვს შესაძლებლობა, მოიპოვოს საზოგადოების ნდობა", - ეს განცხადება შალვა თადუმაძემ მთავარ პროკურორად არჩევამდე გააკეთა. მას შემდეგ ათი თვე გავიდა, თუმცა არაფერი შეცვლა. სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 61%-მა არ იცის, როგორ შეაფასოს მთავარი პროკურატურის საქმიანობა. - პირადად მას არაფერი შეუცვლია და არც ანგარიშში ჩანს ამის შესახებ რამე. რამდენი პროკურორი მიიღეს, ძველმა რამდენმა დატოვა სისტემა, ანგარიშში არ წერია.

- რატომ არ აწყობს თადუმაძეს ახალი კადრები? - იმიტომ, რომ თავის სკამზე მშვიდად ზის, არავინ სთხოვს თავის შეწუხებას და რატომ უნდა გადაიკიდოს იქ მოკალათებული კლანის წარმომადგენლები?!

- ანუ პროკურატურასაც კლანის წევრები მართავენ? - რა თქმა უნდა. როდესაც ვამბობთ, რომ სასამართლოში კლანური მმართველობაა, პროკურატურაც ამ სისტემის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. სასამართლოში ვითარება არ გაუმჯობესდება, თუ პროკურატურაში რეფორმა არ ჩატარდა ან პირიქით. ორივეგან ძალიან ცუდად არის საქმე.

- როგორც ამბობენ, ფარცხალაძე პროკურატურაზე გავლენას კვლავაც ინარჩუნებს. - შიდა სამზარეულოში რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ პროკურატურაში ფარცხალაძემდეც ის ხალხი იყო და დარწმუნებული ვარ, თადუმაძის შემდეგაც ისინი დარჩებიან. ეს არის მონოლითური ორგანიზმი, რომელშიც შეღწევა ძალიან რთულია. თუ არა ხარ კლანის ახლობელი ან მისი წევრი, იქ ვერ მოხვდები, ხოლო თუ მოხვდები, გარანტირებული გაქვს სამუდამო პროკურორობა.

პროკურატურაში არაფერი იცვლება, იქ რამდენიმე ხელისუფლებაგამოვლილი ხალხი მუშაობს. სწორედ ამიტომაც ვერ შეაღწია იქ რეფორმებმა. მხოლოდ ტელევიზიით ვხედავთ ახალგაზრდა პროკურორებს, რომლებიც პროცესებზე გამოდიან. ამით საზოგადოებას აჩვენებენ, თითქოს პროკურატურა განახლებულია.

- "ოცნებიდან" თადუმაძეს ვინ მფარველობს? - ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილი. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ივანიშვილს რა შეაჩერებს, რომ დაურეკოს და იმან კიდევ დეტალურად არ უამბოს ივანიშვილს რაც აინტერესებს? პროკურატურაში ხალხი თავს ძალიან კარგად გრძნობს, არანაირი დისკომფორტი არ ექმნებათ, მიუხედავად კრიტიკისა და ქარცეცხლისა, მათ აქვთ გარანტიები. ამიტომაც შეასრულებენ ყველა პოლიტიკურ დაკვეთას.

- მაშინ რატომ მოუწია თანამდებობის დატოვებამ ირაკლი შოთაძეს, არ შეასრულა ივანიშვილის დაკვეთა? - სარალიძის სკანდალი მაშინ იმდენად მწვავე იყო, რომ ეტყობა, მრჩევლებმა ურჩიეს ივანიშვილსაც და შოთაძესაც გადადგომა. მაგრამ, ვფიქრობ, შოთაძის გადადგომა არ იყო სარალიძის საქმესთან დაკავშირებული. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ საქმეს სრულად გამოიძიებდნენ და ყველა კითხვაზე პასუხი გვექნებოდა.

როდესაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ვუსმენდით პროკურორებს, მახსოვს საზოგადოების საშინელი განცვიფრება და აღშფოთებაც იმით, თუ რა არაკომპეტენტური პირების ხელშია გამოძიება და საპროკურორო ზედამხედველობა.

სადაც პოლიტიკური ინტერესია, პროკურატურაც შესაბამისად მოქმედებს, ხოლო რაკი ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს, თავს არ იწუხებს იმით, რომ ყველა გაუხსნელი საქმე გახსნას და რეზონანსული საქმეები გამოიძიოს. იქ ღამეებს არავინ ათენებს და თავგადაკლული არავინ მუშაობს...

- ახალი კონსტიტუციით პროკურატურა დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა, იუსტიციის სამინისტროს აღარ ექვემდებარება. ეს აისახა თუ არა დადებითად პროკურატურაზე? - თავის დროზე ძალიან ვაკრიტიკებდი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, რომელმაც ხელები დაიბანა და პროკურატურისგან გათავისუფლდა. პროკურატურა ხელისუფლებასთან შეზრდილი ორგანოა და დამოუკიდებლობა მის საქმიანობაზე არანაირად არ აისახება, თუნდაც იმიტომ, რომ იცვლება მხოლოდ მთავარი პროკურორი და არაფერი სხვა. მთავარი პროკურორები კი ხელისუფლებასთან ძალიან დაახლოებული პირები არიან, რაც გამორიცხავს პროკურატურის თავისუფლებას. აქედან გამომდინარე, მისი საქმიანობის შედეგებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა ის ფასადური რეფორმა, რომელმაც საკონსტიტუციო ნორმით ფორმალურად აქცია დამოუკიდებელ ორგანოდ.

- წინასაარჩევნოდ, როგორც წესი, პროკურატურა აქტიურდება და გახმაურებული საქმეების გახსნას იწყებს. 2020 წლის არჩევნებამდე ელოდებით თადუმაძის გააქტიურებასაც?

- შეიძლება ეს ხერხი ისევ გამოიყენონ, მაგრამ ვეჭვობ, ამით მიზანს მიაღწიონ.