ნუკრი ქანთარია: "ითქვა, თითქოს ბახტაძესა და ქობულიას შორის დაპირისპირების მიზეზი ჰესებიც იყოო, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

ნუკრი ქანთარია: "ითქვა, თითქოს ბახტაძესა და ქობულიას შორის დაპირისპირების მიზეზი ჰესებიც იყოო, მაგრამ..."

"ქობულია გულნატკენი იქნება - კაცი წამოვიდა სხვა ქვეყნიდან, სადაც აწყობილი საქმე დატოვა, აქ კი თავისი პოტენციალი ვერ გამოიყენა"

"ალბათ, ზედმეტად პრინციპული ვიყავი", - ასე უპასუხა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ უწოდებდნენ მას "უცხო სხეულს". მისი შეფასებით, ზოგიერთი გადაწყვეტილება, რომლებიც თავადაც არ მოსწონდა, ქვეყნისთვის საზიანო იყო. თუმცა ყოფილი მინისტრი არ აზუსტებს, კონკრეტულად, რომელ გადაწყვეტილებას გულისხმობს. მისი განცხადებით, ის საქართველოში დარჩენას აპირებს და თუ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა, იტყვის, ვისთან ითანამშრომლებს. კულუარული ინფორმაციით, ქობულიას პოლიტიკური პარტნიორები შეიძლება გახდნენ უმრავლესობის ყოფილი წევრები (ლევან კობერიძე, ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი და ა.შ.).

რას ფიქრობს უმრავლესობა აწ უკვე ყოფილ ეკონომიკის მინისტრზე, "კვირის პალიტრას" "ქართული ოცნების" წევრი ნუკრი ქანთარია ესაუბრა.

- გიორგი ქობულიამ არ გამოკვეთა მიზეზი, თუ რატომ დაატოვებინეს თანამდებობა. ერთადერთი, რაც ჩემთვის გასაგებია, ის ნებით არ წასულა.

- არ გიცდიათ გარკვევა, რატომ იყო ქობულია "ოცნების" ხელისუფლებისთვის "უცხო სხეული"? - არა ვარ ეკონომიკური ბლოკის წევრი, ამდენად მას არ ვიცნობ. საერთოდ, როდესაც გუნდში ვიწვევთ ვინმეს და მერე ის მიდის, ვფიქრობ, ცუდი მოვლენაა. თუ გუნდის წევრია, ის სხვადასხვა პოზიციაზე უნდა განაგრძობდეს მუშაობას. ქობულია მოიწვიეს როგორც პროფესიონალი, სხვა მხრივ მას არავინ იცნობდა.

როგორც ჩანს, იყო რაღაც შეუთავსებლობა, რის გამოც თანამდებობა დატოვა. კარგი იქნებოდა, თუ პარლამენტში ამაზე დაუფარავად ილაპარაკებდა.

- გიორგი ქობულიას განცხადებები პრემიერმა გაბრაზებული კაცის სიტყვებად ჩათვალა და სერიოზული განმარტება არც გაუკეთებია. თქვენც ასე ფიქრობთ? - რა თქმა უნდა, გულნატკენი იქნება - კაცი წამოვიდა სხვა ქვეყნიდან, სადაც აწყობილი საქმე დატოვა, აქ კი თავისი პოტენციალი ვერ გამოიყენა. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება და აბსოლუტურად ლოგიკურია, თუ ის გულნატკენია.

- ბახტაძემ ქობულიას მუშაობის ტემპი დაუწუნა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ამის უკან სხვა მიზეზი იმალება. რატომ დაუპირისპირდა ბახტაძე ქობულიას?

- ტემპის გამო ყველა მოქალაქეს აქვს მთავრობის წევრებთან პრეტენზია, რომ საჭიროა წინსვლა, თანაც სწრაფი ტემპით.

- კულუარული ინფორმაციით, პრემიერისა და ქობულიას დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი ანაკლიის პორტი იყო. - მათ წრეში არ ვყოფილვარ, ამიტომ დაწვრილებითი ინფორმაცია ნამდვილად არა მაქვს. ითქვა, თითქოს დაპირისპირების მიზეზი ჰესებიც იყოო, მაგრამ თავად ქობულიამ ეს უარყო.

- თუმცა ფაქტია, რომ მისი გადაყენებიდან მალევე პანკისში სწორედ ჰესის გამო დიდი ქვათა სროლა და დაპირისპირება მოხდა. ეს დამთხვევა იყო? - არა მგონია, ეს მთავარი საკითხი იყოს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ - კადრების შერჩევას დაფიქრება სჭირდება, რათა შემდგომ თანამდებობიდან ამა თუ იმ პირის უცბად გაშვებამ არ მოგიწიოს.

- როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა ივანიშვილს ქობულიას თანამდებობიდან გადაყენებასთან კავშირი? - ივანიშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, დამფუძნებელია და, ბუნებრივია, მისი გვერდის ავლით ასეთი რამეები არ ხდება.

- ქობულია პოლიტიკურ აქტიურობას არ გამორიცხავს. - ეს მისი საქმეა და ხელს ვერავინ შეუშლის. პოლიტიკურ აქტიურობას თუ მწარე ლაპარაკს, ხელისუფლებასთან ოპონირებას, არავინ არავის უშლის. ეს კაცი ინტელიგენტია, ჩანს, რომ მაღალი კატეგორიებით განიხილავს ყველაფერს. ასე რომ, თუ გადაწყვეტს პოლიტიკაში მოსვლას, ეს მისი საქმეა.

- სავარაუდოდ, ვის გუნდში ვიხილავთ? - ეს არ არის ჩემთვის საინტერესო.

- აქედან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია მათი ტანდემი? - ეს მათი არჩევანია, ამასთან, პოლიტიკური სპექტრიც გამდიდრდება. ამაში ცუდი არაფერი იქნება.

- თქვენ პირადად სად ხედავთ მომავალში თქვენს თავს? - მე არჩევანი გაკეთებული მაქვს და ვარ იქ, სადაც ვარ. შემდგომ რამდენად საჭირო იქნება პოლიტიკაში ჩემი ყოფნა, ჩავთვლი თუ არა ამას საჭიროდ, ეს უკვე მეორე საკითხია.