"საუბრობენ, როგორც უნდა "აადუღონ" სამეგრელო და აჭარა" - რა ჩანაწერს ავრცელებს არჩილ თალაკვაძე - კვირის პალიტრა

"საუბრობენ, როგორც უნდა "აადუღონ" სამეგრელო და აჭარა" - რა ჩანაწერს ავრცელებს არჩილ თალაკვაძე

გაფრთხილებთ, არ გაბედოთ არც ერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და არ გადაუხვიოთ კანონს; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში, ბრიფინგზე განაცხდა.

თალაკვაძემ მედიის წარმომადგენლებს აუდიოჩანაწერი წარუდგინა, სადაც მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები - ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ, როგორც უნდა „აადუღონ“ სამეგრელო და აჭარა.

"საარჩევნო უბნებზე დღეს პროვოკაციები აიხსნება იმით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუსტად იცის, რომ ამ არჩევნებში მარცხდება. როგორც ჩანს, ერთადერთი, რისთვისაც ემზადება, არეულობა და დესტაბილიზაციაა. გუშინაც და ადრეც არაერთხელ განგვიცხადებია, რომ დამკვირვებელი ორგანიზაციების საფარქვეშ ჩამოყვანილი აგრესიული აქტივისტები არეულობის შესაქმნელად სჭირდებათ. დღეს მიმდინარე პროვოკაციებმა ეს დაადასტურა. როგორც ჩანს, მიუხედავად პოლარიზაციისა, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბშიც არიან ადამიანები, რომელთათვისაც მიუღებელია დაპირისპირება და დესტაბილიზაცია. სწორედ ამ ადამიანებმა გამოიტანეს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული გეგმის შესახებ და ჩვენს შტაბს მოაწოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სამუშაო სხდომაზე მათ მიერვე გაკეთებული აუდიოჩანაწერი, რომლის მონაწილენი, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები, ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ, თუ როგორ უნდა „აადუღონ“ ზუგდიდი და აჭარა, მიუხედავად იმისა, მოიგებენ თუ წააგენებ არჩევნებს", - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, აუდიოჩანაწერი გამოძიებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს.

"ეს აუდიოჩანაწერი ჩვენ უკვე გადავეცით შესაბამის ორგანოებს და ვითხოვეთ შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყება. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით საზოგადოებას გავაცნოთ ამ ჩანაწერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ვციტირებ: "ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში მოიგებენ თუ წააგებენ, უნდა აადუღონ ზუგდიდი და აადუღონ აჭარა. შემდგომ კი მთელი საქართველო“. მთელ ჩვენს ქვეყანას და სამეგრელოს კი ყველაზე მწარედ ახსოვს, რას ნიშნავს „ადუღებული“ ზუგდიდი. გვახსოვს 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირება. გვახსოვს, როგორც ცდილობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აქტივისტები ერთი წლის წინ აჭარის „ადუღებას“, როდესაც თითქმის გადაწვეს ბათუმის ცენტრი. ამიტომ, ბუნებრივია, სახელმწიფო და საზოგადოება ამას აღარ დაუშვებს და გაფრთხილებთ, არ გაბედოთ არცერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და არ გადაუხვიოთ კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება", - განაცხადა თალაკვაძემ, რომელმაც ჟურნალისტებს ბრიფინგზე აუდიოჩანაწერი წარუდგინა.

"ინტერპრესნიუსი"