"დამაჯერებლად ვიმარჯვებთ, ამის დასტურია პანიკაში მყოფი ე.წ. "ქართული ოცნება" - კვირის პალიტრა

"დამაჯერებლად ვიმარჯვებთ, ამის დასტურია პანიკაში მყოფი ე.წ. "ქართული ოცნება"

არჩევნების გაყალბების მცდელობა ან გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია და საქართველოს მოქალაქე არავის აპატიებს თავისი ნების და კონსტიტუციური უფლების ფეხქვეშ გათელვას,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ზუგდიდში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გრიგოლ ვაშაძემ ზუგდიდელებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რამდენიმე ნაბიჯი რჩება გამარჯვებამდე.

"ძალიან დიდი მადლობა ზუგდიდელებს. ისინი აქტიურად გამოხატავენ საკუთარ არჩევანს, მოდიან საარჩევნო უბნებზე და მასიურად უჭერენ მხარს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, სანდრა რულოვსს. ხალხის განწყობა აჩვენებს, რომ ჩვენ დამაჯერებლად ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში. ამის დასტურია პანიკაში მყოფი "ოცნება", ე.წ. "ქართული ოცნება", მისი პოლიტიკური პოლიცია სუს-ი, პროვოკატორები, ზონდერები, სიგარეტის კოლოფში ჩაკუჭული ფული, რომელსაც ისინი მოყვანილ ხალხს უხდიან. სრულიად ნირწამხდარი და დემორალიზებული არიან. ამის კიდევ ერთი დასტურია, რომ ე.წ. "ქართული ოცნების" და ე.წ. ხელისუფლების მთავარი გამყალბებელი შს მინისტრი სასწრაფოდ ჩამოქანდა სამეგრელოში. უზარმაზარი მადლობა ჩვენს დამკვირვებლებს, მხარდამჭერებს, ხალხს, რომლებმაც დღეს აღკვეთეს გაყალბების უამრავი მცდელობა მათ შორის, "კარუსელის", მოსყიდვის ფაქტები",- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია ეფექტურად აკონტროლებს თითოეულ უბანს.

"ეფექტურად ვაკონტროლებთ საარჩევნო უბნებს, განსაკუთრებით, ტექნოლოგიური თვალსაზრისით. ჩვენი წარმომადგენლები აქტიურად გააგრძელებენ ამ მუშაობას და გთხოვთ, ერთი წუთით არ შეანელოთ ის პროფესიული აქტივობა, რასაც დილიდან ეწევით. ასევე გააგრძელეთ ეს ხმების დაცვის პროცესში, იმიტომ რომ 4 ნაბიჯი გვრჩება გამარჯვებამდე. განსაკუთრებით მინდა ყველას ვუთხრა, არჩევნების გაყალბების მცდელობა ან გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია და საქართველოს მოქალაქე არავის აპატიებს თავისი ნების და კონსტიტუციური უფლების ფეხქვეშ გათელვას. აუცილებლად მოგეკითხებათ ამაზე პასუხი",- განაცხადა ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"