"მიუღებელია ქვეყანაში არეულობა"- კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს - კვირის პალიტრა

"მიუღებელია ქვეყანაში არეულობა"- კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს

ვერავინ გაბედავს იმას, რომ ქვეყანაში შემოიტანოს ქაოსი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანია, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ვინმე კანონის ფარგლებს გასცდება, სახელმწიფო შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

"ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ქვეყანაში არეულობა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იყვნენ ადამიანები, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური ხედვები აქვს ამა თუ იმ საკითხზე, კატეგორიულად მიუღებელია დაპირისპირება. ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა მოუტანა ქვეყანას დაპირისპირებამ, სისხლისღვრამ, სამოქალაქო ომებმა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბარეთ და ვერავინ გაბედავს იმას, რომ ქვეყანაში შემოიტანოს ასეთი ქაოსი. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს ამ არჩევნებში, გასულ არჩევნებშიც ჰქონდათ შესაძლებლობა იმისა, რომ მოსახლეობასთან ყოველგვარი პრობლემების გარეშე წარმოედგინათ თავიანთი ხედვები, ჰქონოდათ კომუნიკაცია, ჩაეტარებინათ საარჩევნო კამპანია კანონის ფარგლებში. რა თქმა უნდა, გამოხატვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ვინმე კანონს გადასცდება, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ყოფილი პრეზიდენტი, მისი თანაგუნდელები - სახელმწიფო, მთავრობა, რა თქმა უნდა, განახორციელებს და მოახდენს რეაგირებას კანონის შესაბამისად, ძალიან მარტივად," - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი განცხადებები პირველი შემთხვევა არ არის და ქაოსის შემოტანის მცდელობა იყო გასულ წლებშიც. ამასთანავე, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, არჩევნები მშვიდობიანად და გამჭვირვალედ ჩატარდება და „მოსახლეობას ექნება ყველანაირი შესაძლებლობა იმისა, რომ მშვიდობიან გარემოში მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვის ჩააბარებს ჩვენი ქვეყნის ბედს სამომავლოდაც.“

"ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე...ვაპირებ ვათანძარა ოჩოკოჩი ბოლომდე შეგისრულოთ"

"ინტერპრესნიუსი"