"ვუერთდები სანდრას მოწოდებას,არ ვაპირებთ გავჩერდეთ,ვიდრე ივანიშვილს არ ჩამოვაშორებთ საქართველოს" - კვირის პალიტრა

"ვუერთდები სანდრას მოწოდებას,არ ვაპირებთ გავჩერდეთ,ვიდრე ივანიშვილს არ ჩამოვაშორებთ საქართველოს"

ახლა დრო არის დარაზმვის, ერთად შეკვრის და მშვიდობიანი ფართო მოძრაობის გაშლის. მშვიდობიანი ტალღის შექმნის, რომელიც წალეკავს ივანიშვილს,- ასე ეხმაურება საქართველოში დღეს ჩატარებულ არჩევნებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილმა 19 მაისის არჩევნებს ფარსი უწოდა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოში თავისუფალი არჩევნები ვერ ჩატარდება.

„მინდა გამოვეხმაურო საქართველოში ჩატარებულ მორიგ საარჩევნო ფარსს. შარშან, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა ივანიშვილმა თავხედურად მოიპარა გია ვაშაძის გამარჯვება და როცა ჩვენ ეს შევარჩინეთ მქონდა ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულება ივანიშვილის პირობებში საქართველოში არჩევნების თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობის თაობაზე. როდესაც სანდრამ გადაწყვიტა ზუგდიდში კენჭისყრა, მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობდი, მას არც ერთ შემთხვევაში არ მისცემდნენ გამარჯვების შესაძლებლობას,მაინც მხარი დავუჭირე, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო ბრძოლაში და ბევრ ადამიანს გაუჩნდა ენთუზიაზმი, ბევრმა ირწმუნა თავისი ძალა, ბევრმა მოსინჯა თავისი ძალა, მათ შორის, ამ პოლიტიკურ რაუნდში. დღე დგება ისეთი შედეგი, როგორიც იყო მოსალოდნელი. ივანიშვილმა არჩევნები საქართველოში გააუქმა და ჩაიდო ჯიბეში. შეუძლებელია იმ ქვეყანში, სადაც არის არაფორმალური მმართველობა ტარდებოდეს ფორმალურად სწორი და დემოკრატიული არჩევნები“,- განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელია ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა აღარ იყოს.

„იმისთვის, რომ ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები საქართველოს რომელიმე ცალკე აღებულ პუნქტში ან ქვეყნის მასშტაბით, ამის ერთადერთი მეთოდი არის ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის მოშორება. მეტი გზა არჩევნების ჩატარების ფიზიკურად და თეორიულადაც არ არსებობს. ჯერ მოშორდება ივანიშვილი და მერე არის არჩევნები. ივანიშვილი და არჩევნები ერთად საქართველოში შეუთავსებელია“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე განცხადებით, ის სრულად უჭერს მხარს სანდრა რულოვსის მოწოდებას.

„მთლიანად მხარს ვუჭერს და ვუერთდები დღეს სანდრას მოწოდებას. არ ვაპირებთ გავჩერდეთ. ეს არ არის გასული წლის ნოემბერი, როცა მივიღეთ რაც იყო. ვერ ეღირსებიან. ბრძოლა გამარჯვებამდე. მე არ გავჩერდები არც ერთი წამით, ვიდრე ივანიშვილს არ ჩამოვაშორებთ საქართველოს მმართველობას. ვუჭერ მხარს სანდრას მოწოდებას, გავიდეს და მოიაროთ თითოეული ქალაქის უბანი, მიხვიდეთ ყველგან, სადაც კიდევ დარჩა ხალხი. ახლა დრო არის დარაზმვის, ერთად შეკვრის და მშვიდობიანი ფართო მოძრაობის გაშლის. მშვიდობიანი ტალღის შექმნის, რომელიც წალეკავს ივანიშვილს. მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ჩვენი უნდა შევქმნათ ფართო პროექტი. ჩვენ ყველგან უნდა დავუპირისპირდეთ, ცინიზმს, უტიფრობას, ტყუილს “,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.