"ამ არჩევნებში გამარჯვება არ ნიშნავს ფონს გასვლას" - კვირის პალიტრა

"ამ არჩევნებში გამარჯვება არ ნიშნავს ფონს გასვლას"

"ეს შუბლისძარღვგაწყვეტილები დღეს ამბობენ, შეცდომები დავუშვითო!"

შუალედური არჩევნები დასრულდა. პოეტი ერეკლე საღლიანი "კვირის პალიტრას"თავის შეხედულებებს უზიარებს.

- რითი განსხვავდებოდა ეს არჩევნები სხვებისგან?

- სამწუხაროდ, ეს არჩევნები თითქმის არაფრით განსხვავდებოდა სხვა არჩევნებისგან. იყო ისეთი, როგორსაც ველოდი. რატომ? იმიტომ, რომ გადამეტებულმა თავზე ხელის გადასმამ, ფერებამ და ვითომ კოაბიტაციამ გამოიწვია ის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ძალა მოიკრიბა.

მე ხშირად ვამბობდი, რომ ამ ხელისუფლებას ხელი უნდა შეეწყო ისეთი პოლიტიკური ძალის მოძლიერებისთვის, რომელიც იქნებოდა ჭეშმარიტი ოპოზიცია, მაგრამ ხელისუფლება დაადგა ცუდ გზას - ოპოზიციად ის პარტია არჩია, რომელსაც სახელი აქვს გატეხილი და ვერ მიხვდა, რომ ეს მასაც უტეხს სახელს.

მე არ ვიცი, რა დარღვევებზე იყო ლაპარაკი, მაგრამ მოქცევასაც ხომ აქვს ფორმა!

როცა თავხედობის მეტი არაფერი დაგრჩენია და შენთვის მიზანი ყოველგვარ საშუალებას ამართლებს, ნორმალური, გონიერი ადამიანი არასოდეს დადგება შენს მხარეს. უბედურება ის არის, რომ მაგათ წლების განმავლობაში იმუშავეს, რომ ხალხისთვის სახე დაეკარგათ და ბრბოდ ექციათ, მაგრამ მე იმედი მაქვს ჩემი ერის გონიერების! ნუ დააბრუნებთ ქვეყანას წარსულისკენ! ვიაროთ მომავლისკენ!

რაც შეეხება იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ""მოიგო... პირდაპირ ვამბობ: მე მხარს ვუჭერ იმ ძალას, რომელიც შედარებით ნაკლები ბოროტებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფრით აღტაცებული ვარ.

- სანდრა რულოვსის ფაქტორი რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი? - იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ქალბატონი სანდრა ეკუთვნის, არ ჰყავს უკეთესი კანდიდატი. ამ შემთხვევაში "ნაციონალურმა მოძრაობამ" სწორი არჩევანი გააკეთა. სხვა კანდიდატი რომ შეერჩიათ, უფრო სავალალო შედეგი ექნებოდათ.

- თქვენც ფიქრობთ, რომ სანდრა რულოვსის გამარჯვება იქნებოდა "ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური რეაბილიტაციის მცდელობა? - რულოვსის გამარჯვება არა მარტო მიხეილ სააკაშვილის, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" რეაბილიტაცია იქნებოდა.

- ამიტომ აქციეს ზუგდიდი საარჩევნო "სტალინგრადად"? - გენიალური ანდაზა გვაქვს ქართველებს - მღვრიე წყალში იოლია თევზის დაჭერა. სიტუაციას რომ ამტუტებ, ამღვრევ, მერე უმართავი ხდება ვითარება, ასეთ სიტუაციაში კი "ნაციონალებს" ბადალი არ ჰყავთ. უმართავი სიტუაცია "ნაცმოძრაობის" სტიქიაა. მათ ქაოსი უნდოდათ; ცდილობენ, სახელი გაუტეხონ დღევანდელ ხელისუფლებას და აღარ დარდობენ, რომ საქართველოსაც უტეხენ სახელს.

- რა შედეგს ელოდით? - მჯეროდა, რომ "ქართული ოცნება" მოიგებდა ამ არჩევნებს, მაგრამ ვიმეორებ - ამ არჩევნებში გამარჯვება არ ნიშნავს ფონს გასვლას. ქვეყანა ფონს რომ გავიდეს, საჭიროა რადიკალური ცვლილებები! საჭიროა, ქვეყანამ იზრუნოს, რომ ჰყავდეს ღირსეული ოპოზიცია, ეროვნული ძალა, რომელიც სამშობლოს არ გაასხვისებს. აგერ, დიდგორის მიდამოები, სადაც დავით აღმაშენებელმა ისტორიული ბრძოლა გადაიხადა, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს არაბებზე გაიყიდა. გასაგებია, რომ უცხოელები შემოდიან, ინვესტიციებს დებენ, მაგრამ დიდგორზეა ლაპარაკი! რამდენი ასეთი მაგალითი ვიცით და ეს შუბლისძარღვგაწყვეტილები დღეს ამბობენ, შეცდომები დავუშვითო! თავს გვაჩვენებენ, თითქოს ნანობენ თავიანთ საქციელს, რომ ახალი სატყუარა გადაუგდონ ხალხს!

სამწუხაროდ, ამ არჩევნებით ერი წაგებული დარჩა. მოგებული დარჩა "ქართული ოცნება". არ არის შექმნილი საზოგადოების კეთილდღეობაზე მორგებული მოდელი. ყველა ხელისუფლებამ გაუშვა ხელიდან ისტორიული შანსი. თქვენ დღეს გაქვთ ამის საშუალება და ნუ გაუშვებთ შანსს! კიდევ არის დრო! დღეს ჩვენი ქვეყანა არის იმ ავაზაკის მდგომარეობაში, რომელმაც იწამა უფალი და მოხვდა სამოთხეში. ეროვნული ფასეულობისკენ ეს წამიერი შებრუნება გადაგარჩენთ თქვენც და ჩვენს ქვეყანასაც!

"ცდილობენ, მუდმივად ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ჰყავდეთ საზოგადოება"

ტარიელ ხარხელაური, პოეტი: - მარტო წინასაარჩევნოდ არ იქცევა ნიკა გვარამია და მისი არხი ასე გამომწვევად. მაგათ ქვეყანა ისევე ამოიგეს ფეხქვეშ, როგორც თვითონ საზოგადოება. არა აქვს მნიშვნელობა, ვისი და რისი დირექტორი ხარ, ზრდილობა ყველას მოეთხოვება. მანდილოსანს ასე ელაპარაკო, შეიძლება?! ჩემთვის კაცთანაც კი მიუღებელია იმ ენით საუბარი, როგორც ეგ საუბრობს. სიძულვილის ენა ყველაზე ტრაგიკულია ჩემთვის. რაკი ქალბატონთან ასე იქცევა, მას კაცობის არანაირი ნიშანი არა აქვს. ასეთი ადამიანები არ უნდა ჭაჭანებდნენ სამზეურზე.

ცდილობენ, რომ ანკესზე წამოაგონ, მუდმივად ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ჰყავდეთ საზოგადოება. "რუსთავი 2"-ის დირექტორს უნდა, ისტერიკული ფონი შექმნას ქვეყანაში. თუკი მართალი კაცი ხარ, საზოგადოებასთან როცა გადიხარ, დაცვა რატომ გჭირდება?! შენი ხალხის რატომ უნდა გეშინოდეს?.. როგორი ცუდი უნდა იყოს შენი საქციელი და მოქმედება, რომ ხალხთან გასვლა დაცვის თანხლებით დაგჭირდეს! ასეთი საქციელით, წაქეზებით, სიძულვილის ენაზე საუბრით რომელიმე პარტია კი არ რჩება მოგებული, ქვეყანა რჩება წაგებული.

- წინასაარჩევნოდ ზვიადისტების თემის წამოწევა რას ემსახურებოდა? - დაპირისპირებას, მეტს არაფერს! ხალხის უმრავლესობა ხვდება, ვისთან გვაქვს საქმე გვარამიას სახით. ამით განხეთქილების ახალი ტალღა ააგორა. ზვიადის თემა განხეთქილებისთვის სჭირდება. ამით საზოგადოებას დაგვცინის.

ცდილობენ, წინ გაგვეგონ საგორავივით, მანქანას ან ურმის თვალს რომ გაუჩხერენ ხოლმე წინ, რომ გააშეშონ. საზოგადოებამ ძალიან კარგად ვიცით, როგორი ეკონომიკური ფონია ქვეყანაში, მაგრამ როცა ქვეყანა გიყვარს და პასუხისმგებელი ხარ ქვეყნის მომავალზე, ეკონომიკური ფონის გარდა სხვა რაღაცეებსაც უნდა გაუწიოთ ანგარიში.

ახლა მე სოფელში ვცხოვრობ და ჩვენთან გლეხი აღარაა. აღარ აქვს გლეხს მიწისადმი ისეთი დამოკიდებულება, როგორიც პაპაჩემს ან სხვა წინაპრებს ჰქონდათ. მიწის სიყვარულით უნდა დავიწყოთ სამშობლოს სიყვარული.

ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა გვაკლია. მე რომ ხელისუფლებას ვირჩევ, პასუხისმგებელი ვარ იმ ხელისუფლებაზეც და ქვეყანაზეც, რომელიც მას ვანდე. ხალხმა ხელისუფლების მართვა ვერ ვისწავლეთ. ხელისუფლებას ხალხის არ ეშინია, იმიტომ, რომ გათითოკაცებული ვართ. როგორც კი ხელისუფლება დაინახავს საზოგადოების ძალას, იმუშავებს ისე, როგორც ქვეყნისთვის უმჯობესია, ახლა კი ისე ვართ, როგორც ხელისუფლებას უნდა.

რას ნიშნავს, გვარამია რომ აცხადებს - 1000-ლარიან ჯილდოს ვაწესებ, ვინც არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციას მომაწვდისო!"ამით საზოგადოებას დასცინის, არაფრად აგდებს! ეს ღირსების შელახვაა! არჩევნებმა რომ სამართლიანად უნდა ჩაიაროს, ეს ყველამ ვიცით და ასეთი დაპირებით რის მიღწევას ცდილობს?!

ჩვენ რომ ეკლესიაში მხოლოდ პირჯვრის საწერად არ შევდიოდეთ და 10 მცნებით ვცხოვრობდეთ, ყველაფერი უკეთესად იქნებოდა.

ჩემთვის ასეთი ზიზღის ენა მიუღებელია! სიყვარულით სიარული უფრო იოლია. ვილაპარაკოთ სიყვარულის ენით, რომ როგორმე დამშვიდდეს ქვეყანაც, ერიც...