სოზარ სუბარი: "ნაციონალებს" ერთადერთი შეუძლიათ, ჩაი აიდუღონ, ოღონდ ფრთხილად, პირი არ დაიწვან" - კვირის პალიტრა

სოზარ სუბარი: "ნაციონალებს" ერთადერთი შეუძლიათ, ჩაი აიდუღონ, ოღონდ ფრთხილად, პირი არ დაიწვან"

რას პასუხობს ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს და რატომ არ ამბობს უარს "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელ მანკიერ ტრადიციაზე - კოორდინატორების მობილიზებაზე?

"კვირის პალიტრა" მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონალური მიმართულების ხელმძღვანელს, სოზარ სუბარს ესაუბრა.

- "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციების მიუხედავად, არჩევნებმა სერიოზული დარღვევებისა და ექსცესების გარეშე ჩაიარა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მხოლოდ 60-მდე საჩივარი დაიწერა, ისიც - პროცედურულ გადაცდომებზე.

საქართველოში ტრადიცია დამკვიდრდა, რომ ყოველი არჩევნები იქცევა ერთგვარ რეფერენდუმად - რა უნდა საქართველოს, დაბრუნება წარსულში თუ გზა ევროპისა და განვითარებისკენ. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპა, ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატიაა ჩვენი არჩევანი.

- ყველა საარჩევნო უბანზე მობილიზებული იყვნენ კოორდინატორები სამაგიდო სიებით, არადა, თავის დროზე "ქართული ოცნება" სწორედ ამის გამო აკრიტიკებდა "ნაციონალურ მოძრაობას". - თუ კოორდინატორების მობილიზებაზე ვილაპარაკებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუგდიდში არნახული მობილიზება გამოაცხადა - 5 ათასი აქტივისტი, დამკვირვებლები, თითო უბანზე 50-60 "ნაციონალური მოძრაობის" წევრი... თუმცა მათ ამან ვერ უშველა.

რაც შეეხება დამკვირვებლებს, რომლებიც სიებით ამოწმებდნენ, ვინ მოვიდა არჩევნებზე და ვინ - არა, ესენი არიან ჩვენი აქტივისტები.

- მაგრამ ამის გამო ხომ აკრიტიკებდით "ნაციონალურ მოძრაობას"? - ჩვენ არ მოგვწონდა, როდესაც ""ნაციონალური მოძრაობა" ძალადობდა ამომრჩეველზე, თორემ თითოეული პარტია თუ გააკონტროლებს თავის ამომრჩეველს, შეახსენებს, რომ არჩევნებზე მოსვლა მათი ვალდებულებაა - ეს დარღვევა არ არის.

- და ეს არ არის ამომრჩევლის ნების კონტროლი? - ნების კონტროლი იქნება, თუ შეჰყვები ადამიანს კაბინაში და უკარნახებ, ვინ შემოხაზოს. დარღვევაა ე.წ. სომხური კარუსელი, როდესაც ადამიანს უკვე შემოხაზული ბიულეტენი მიაქვს უბანზე. ასეთი რამ არც ერთ უბანზე არ ყოფილა - ეს "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში გამორიცხულია.

- "ნაციონალური მოძრაობა" ამბობს, რომ ზუგდიდში ე.წ. სომხური კარუსელის დატრიალების მცდელობა გქონდათ, თუმცა ეს დროულად აღკვეთეს. - მთელი დღე ყველა უბანი იყო პირდაპირ ეთერში და არც ერთი მსგავსი ფაქტი, მით უმეტეს - მათი აღკვეთილი, არ მინახავს. რაც შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, საკრებულოს წევრის, ლევან ხაბეიშვილის ბოდვას მოვუსმინე, რომ ვიღაცამ ვიღაცას თურმე სიგარეტის კოლოფი გადასცა და მისი ვარაუდით, შეიძლებოდა ამ კოლოფში სიგარეტი კი არა, ფული ყოფილიყო. ასეთ ბოდვებს თუ მოვუსმენთ, შორს ვერ წავალთ.

- მაგრამ ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის ამსახველი კადრები აქვთ, თანაც - არაერთი... - არ ღირს ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება.

- "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, დარღვევებთან დაკავშირებით ეუთოს მკაცრი დასკვნა ექნება.. - ჯერ ჩამოყალიბდნენ გრიგოლ ვაშაძე და მისი ლიდერი სააკაშვილი, აინტერესებთ თუ არა ეუთოს ან ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა. სააკაშვილს არანაირი დასკვნა არ აინტერესებს, მისი ერთადერთი მიზანია არეულობა და სისხლის ღვრა. ეს სიტყვა არ უხსენებია, მაგრამ... ასე რომ, დაწყნარდნენ... ეს იქნება ჩემი მკაცრი და მკაფიო რჩევა.

- ზუგდიდში "ქართული ოცნების" ლიდერებთან ერთად ჩასული იყო შინაგან საქმეთა მინისტრიც. ეს აუცილებელი იყო? - შინაგან საქმეთა მინისტრი ყველგან იყო მისული, მათ შორის - მთაწმინდაზეც, სადაც ხმა მისცა. ჩავიდა ზუგდიდში, რადგან გამოცხადებული იყო, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აპირებდა პროვოკაციების მოწყობას. გიორგი გახარია იქ უნდა იყოს, სადაც რამე დარღვევაა მოსალოდნელი.

- "ნაციონალური მოძრაობა" ხმების დასაცად ემზადება და აქციების დაწყებას აანონსებს. - "ნაციონალურ მოძრაობას" შეუძლია, ყველანაირი აქცია მოაწყოს, მაგრამ კანონის დარღვევის შემთხვევაში პოლიცია რეაგირებას მოახდენს. ვურჩევ, მშვიდად იყვნენ. ერთადერთი, რისი "ადუღებაც" შეუძლიათ, ჩაია... აიდუღონ, ოღონდ ფრთხილად იყვნენ, პირი არ დაიწვან. ვინც კანონს დაარღვევს, ყველა აგებს პასუხს.