"არ გაივსო ეს ჩვენი ზუგდიდი ჩამოთრეულებითო..." - საარჩევნო კურიოზები - კვირის პალიტრა

"არ გაივსო ეს ჩვენი ზუგდიდი ჩამოთრეულებითო..." - საარჩევნო კურიოზები

19 მაისს გამართული შუალედური არჩევნები დაძაბულობის მიუხედავად, მეტად საინტერესო და სახალისო გამოდგა.

საარჩევნო პროცესი სულ რამდენიმე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა და წესით, დიდად დაძაბული არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოგეხსენებათ, ქართველების სამხრეთული ტემპერამენტი, ჰოდა, პოლიტიკური ძალები გვარიანად "გადახურდნენ", ეს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად შეეხო "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას". ამ უკანასკნელმა გასაოცარი მობილიზება მოხდინა რიგითი რულოვსის, უფრო ზუსტად, ექსპირველი ლედის სანდრა რულოვსის ზუგდიდში გასამარჯვებლად - ლამის 5000-კაციანი აქტივი გადასახლდა საარჩევნო დღეს ზუგდიდში. ამიტომაც იყო, ზუგდიდელები ხუმრობდნენ: "არ გაივსო ეს ჩვენი ზუგდიდი ჩამოთრეულებითო..."

"ვაი, იმ სამეგრელოს, ესენი რომ შემოუშვა"

რა თქმა უნდა, "ჩამოთრეულებს" შორის ყველაზე "თვალსაჩინო" "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იყო, რომელიც მიკროფონით დარბოდა საარჩევნო უბნებთან და დიდ-პატარას ნერვებს უშლიდა. შედეგად თვითონაც გვარიანად გაილანძღა, მაგალითად, ერთ-ერთ უბანზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ნიკა გვარამია და ადგილობრივი მცხოვრები ქეთევან სორდია. აი, რას ჰყვება ამ დაპირისპირებაზე ქალბატონი ქეთევანი ჟურნალისტებთან: "გვარამიამ მითხრა, რა გიჭირავს ხელში, აქ რატომ დგახარო?! ვუთხარი, რომ მოქალაქე ვარ-მეთქი. დამეტაკა, წამართვა ჩანთა, რომელშიც ფეხსაცმელები მედო. გადმომიგდო სათვალე. პირდაპირ დამიპირისპირდა. ეს საზიზღარი! ვაი, იმ სამეგრელოს, ესენი რომ შემოუშვა."

საბოლოოდ გვარამიამ ტერიტორია დაცვის თანხლებით დატოვა, რომელიც ზუგდიდში მუდმივად თან ახლდა.

ბატკანი საარჩევნო უბანში

სახალისო ამბავი მოხდა პანკისის ხეობის სოფელ ომალოს 24-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ამომრჩეველმა კომისიის წევრებს ნამცხვარი და ყვავილები მიუტანა. დანო თურქოშვილი საარჩევნო უბანზე ბატკანთან ერთად გამოცხადდა. მან კომისიის წევრებს ლექსიც კი წაუკითხა. თურქოშვილმა განაცხადა, რომ ამ ქმედებით კომისიის წევრების მიმართ პატივისცემა გამოხატა.

კოორდინატორები და სიები

ამ არჩევნების განუყოფელ ნაწილადაც იქცა უკვე ტრადიციად ჩამოყალიბებული კოორდინატორებისა და სიების ამბავი. ამჯერადაც უბნებთან მრავლად იყვნენ კოორდინატორები, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ, თუმცა ამის გაკეთებას მალულად ცდილობდნენ.

მაგალითად, მოქალაქე გიორგი კალანდიამ, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის 76-ე საარჩევნო უბანთან სიებითა და საბუთებით იდგა, განაცხადა, რომ დისერტაციას იცავდა. ზესტაფონში კი ერთ-ერთმა კოორდინატორმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თან ცოდვების სია ჰქონდა, რომელსაც აღსარებისთვის აგროვებდა. კიდევ ერთი ქალბატონი აცხადებდა, რომ საკუთარი დაბადების დღის სტუმრების სია ჰქონდა თან, რომლის სრულყოფასაც ცდილობდა.

დაბნეული კანდიდატი

ხულოში საარჩევნო უბანზე მისულმა გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ირაკლი ჯორბენაძემ აღმოაჩინა, რომ პირადობის მოწმობა სახლში, პიანინოზე დარჩენოდა... ამ მიზეზით მან ხმა 15 წუთის განმავლობაში ვერ მისცა.

ჩხუბი პირველი ამომრჩევლის სტატუსისთვის

ზუგდიდის #21-ე საარჩევნო უბანზე მოქალაქეებმა პირველი ამომრჩევლის სტატუსისთვის იჩხუბეს. კაცმა თქვა, რომ უბანზე სპეციალურად მივიდა დილის 7-ის ნახევარზე, რათა ხმა პირველს მიეცა. ხოლო ქალი, რომელმაც მას ხმის მიცემა დაასწრო - 8-ის ნახევარზე. დაძაბულობა პოლიციამ განმუხტა.

ნაკურთხი საარჩევნო უბანი

ხმის მიცემის დროს ზუგდიდის მეხუთე საარჩევნო უბანი აკურთხეს და კომისიის წევრები დალოცეს. ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა განაცხადა, რომ ეს ჯერ პირველი უბანი იყო და საღამომდე რამდენიმე ადგილის კურთხევასაც მოასწრებდა.

"ნასვამი რომ ვარ, საჭესთან ხომ არ ვარ? "

ზუგდიდის #5 უბანზე ნასვამ მამაკაცს ხმის მიცემის საშუალება არ მისცეს. როგორც უბნის თავმჯდომარე ანა თოდუამ განმარტა, ის ნაკადის მომწესრიგებელსა და რეგისტრატორს არ დაემორჩილა. მომხდარით მოქალაქე ნაწყენი დარჩა და განაცხადა: "ნასვამი რომ ვარ, საჭესთან ხომ არ ვარ? რა გინდათ? არჩევნებზე არ უნდა მოვსულიყავი?!"

იხილეთ ვიდეო