"წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილს ვუხსნიდი, ასე არ შეიძლება-მეთქი, მაგრამ "ქართული ოცნება" ეს არის დაჯგუფება, ამას პარტიას ვერ ვუწოდებ..." - კვირის პალიტრა

"წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილს ვუხსნიდი, ასე არ შეიძლება-მეთქი, მაგრამ "ქართული ოცნება" ეს არის დაჯგუფება, ამას პარტიას ვერ ვუწოდებ..."

ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ 19 მაისს ჩატარებული შუალედური არჩევნები უკან გადადგმული ნაბიჯია.

- სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში დეგრადაციის პროცესი გრძელდება. ქვეყანაში ყოველი შემდგომი არჩევნები უფრო სახიფათო სახეს იღებს. მაქსიმალური დრამატიზაციის ფონზე ისევ ორი ხელით სულელურ თამაშს ვუყურებთ. ახლანდელი არჩევნები უარესია, ვიდრე წინა. შემდეგი, ალბათ, უარესი იქნება. ამ სტანდარტით ევროპას ყოველ შემდგომ არჩევნებზე ვშორდებით.

- განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ზუგდიდზე, რატომ? - ხელისუფლებას მმართველობის ისეთი კონსტრუქცია აქვს, ისეთი მყიფე დომინოს ქვებით აშენებული, ერთიც რომ გამოაცალო, მთლიანად დაიშლება... ხელისუფლების ამოცანა მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაა და ამიტომ გასაკვირი არ არის, რაც ხდება.

არის მეორე მიზეზიც - ზუგდიდში სააკაშვილის მეუღლე იყრიდა კენჭს და მისი გამარჯვება ხელისუფლებისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა. ამით, ფაქტობრივად, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია მოხდებოდა. ამით ხელისუფლებას ის ერთადერთი ინსტრუმენტი წაერთმეოდა, რასაც ე.წ. ანტიმიშა ჰქვია და რითაც მუდმივად ცდილობს, ცხვრებივით შერეკოს არჩევნებზე ხალხი - მე თუ არა, მოვა მიშა და ყველას ეშაფოტზე გაგიშვებთო.

- ხალხს სააკაშვილის დაბრუნება უნდა?

- საზოგადოებას არც იმის დაბრუნება უნდა, რაც მაშინ გავიარეთ, მაგრამ ღირსეულ ალტერნატივას პოლიტიკური ბაზარი ვერ გვთავაზობს და ამ სულელური თამაშის მძევალია მთელი ქვეყანა.

მოსყიდვა, დაშინება, ტერორი, მედია თუ სხვა სახის რესურსი გახდა არჩევნებზე შედეგის მიღების მთავარი ინსტრუმენტი.

- დიდი ხმაური გამოიწვია ზუგდიდში სიების საკითხმა... - ეს სიები მძიმე საყურებელია. გასაგებია, რომ კანონი არ ირღვევა, მაგრამ კანონიც გადასახედია... ეს იმიტომ დასჭირდათ, რომ ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია, არ ჰყავს ამომრჩეველი. პარადოქსული ის არის, რომ არც "ნაცმოძრაობას" აქვს ლეგიტიმაცია.

საზოგადოების 70% არჩევანის გარეშეა დარჩენილი. კვლევებით კი არიან პირველ ადგილზე, მაგრამ როცა ხელისუფლების რეიტინგი 20%-ით განისაზღვრება, ასეთი პირველი ადგილი საამაყო არ არის.

- ამ არჩევნების პოლიტიკური ფასი რა იქნება? - საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფლებას მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუხდა, ახლა კი ეს ფასი უფრო გაიზრდება - დეგრადაციის პროცესი მიმდინარეობს და ჭაობში ვიძირებით. რომ გაფართხალდები, უფრო ჩქარდება პროცესი, საქართველოში არჩევნები კი სწორედ ამ გაფართხალებას ჰგავს. არჩევნების დროს გაფართხალება ახალი იმპულსია დეგრადაციის ფაზაში შესული "ქართული ოცნებისთვის". ჩემი აზრით, სისტემურად "ქართული ოცნება" დასრულებულია და მისი აღორძინება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. "ქართული ოცნების" ერთადერთი შანსია, სხვა არავინ ჰყავდეს პოლიტიკურ ველზე და მთავარი ოპონენტი ისევ იყოს სააკაშვილი - მეტი ინსტრუმენტი ხელისუფლების შესანარჩუნებლად მას არ აქვს. ამ თამაშში ორივე მხარე დივიდენდს იღებს, მაგრამ მე მაინც ოპტიმისტი ვარ - მგონია, რომ 2020 წლისთვის მულტიპარტიულ დემოკრატიას მივიღებთ, რაც, ჩემი აზრით, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

- მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს როგორ შეაფასებთ? - მიშას განცხადებებს, დიდი ხანია, არ ვაფასებ. ის თავის სტილშია - ყველა არჩევნების დროს ხან საიდან თხრის გვირაბს და ხან - საიდან.

- ამომრჩევლების ყველაზე დაბალი აქტივობა მთაწმინდაზე იყო, რატომ? - მთაწმინდა ასახავს იმ განწყობას, რაც არის. მთაწმინდაზე ადმინისტრაციული რესურსის ამუშავება ძალიან რთულია, რადგან იქ სხვა განწყობაა. თუ სოფლებში, რაიონებში მოწყვლადია ამომრჩეველი და მათზე ძალადობა ადვილია, თბილისში ამის გაკეთება რთულია და ამიტომ რეალური სურათი გვაქვს - ეს არჩევანი არ უნდათ.

თუმცა იმ 30%-შიც კი, რომელიც მივიდა, დაახლოებით ნახევარი ადმინისტრაციული რესურსია. რეალური აქტივობა მთაწმინდაზე იმის ნახევარი იყო, რა ციფრიც დაფიქსირდა. იგივე განწყობაა რეგიონებშიც, მაგრამ იქ ფულადი და სხვა რესურსებით თამაშობენ და მაღალ აქტიურობას აჩვენებენ. მეც მთაწმინდელი ვარ და არ დაგიმალავთ ჩემს არჩევანს - მიუხედავად იმისა, რომ ბევრ კანდიდატს პატივს ვცემ, ხმა მივეცი გრიგოლ გეგელიას. მას გამარჯვების ძალიან მცირე შანსი ჰქონდა, მაგრამ ჩვენი თაობის პოლიტიკოსებმა ბევრი შეცდომა დავუშვით და როგორც ჩანს, უნდა გავასუფთაოთ პოლიტიკური ველი; ხელი უნდა შევუწყოთ ახალგაზრდების გამოჩენას; ესტაფეტა მათ უნდა გადავაბაროთ. რაც უფრო სწრაფად გავაკეთებთ ამას, მით უკეთესი.

- ზუგდიდში დამკვირვებლების ასეთ უპრეცედენტო რაოდენობას რითი ხსნით? - "ნაცმოძრაობის" მეთოდია მაქსიმალური "დრაივი", მაქსიმალური ძალის დემონსტრირება. რესურსი მწირი აქვთ, ამიტომ ყველგან მობილიზებას ვერ მოახდენდნენ და ძალებს ერთ რაიონში მოუყარეს თავი. ეს მოსალოდნელიც იყო.

- ახლანდელი არჩევნები "ქართული ოცნებისთვის" როგორი მესიჯი იქნება? - "ქართულ ოცნებაზე" დიდი ხანია, ხელი მაქვს ჩაქნეული. წლების განმავლობაში "ქართულ ოცნებასაც", ბიძინა ივანიშვილსაც ვუხსნიდი, რომ ასე არ შეიძლება, მაგრამ ეს არის დაჯგუფება, ამას პარტიას ვერ ვუწოდებ. არანაირი იდეოლოგია არა აქვთ, ძალაუფლებით ტკბებიან, საკუთარ შეცდომებზეც ვერაფერს სწავლობენ... მათი მეთოდი ასეთია: ადამიანები მიყარონ საარჩევნო ყუთებთან - ვიღაც მოისყიდონ, ვიღაც შეაჯანჯღარონ... თუ შუბლის ძარღვს გაიწყვეტ, ასეთი მეთოდების მეტი რა არის...