ზუგდიდში "ოცნების" მარცხი სააკაშვილის სრულ რეაბილიტაციას ნიშნავდა - კვირის პალიტრა

ზუგდიდში "ოცნების" მარცხი სააკაშვილის სრულ რეაბილიტაციას ნიშნავდა

"როდესაც განწყობა ანტისახელისუფლებოა, გნებავთ სიებით იარონ, გნებავთ ტანკებით, მაინც არ ცვლის არჩევნებს"

ვახტანგ ძაბირაძე, პოლიტოლოგი:

- არჩევნებს ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია, მაგრამ ეს ყველა არჩევნების დროს იყო. მთავარია, ყველაფერი ნორმალურ ვითარებაში ჩატარდა. ახლა ვისმენთ ცხელ გულზე გაკეთებულ განცხადებებს, მაგრამ მალე ყველაფერი დამშვიდდება...

- მთაწმინდაზე ამომრჩეველმა რატომ არ იაქტიურა? - ეს არის საპარლამენტო მანდატისთვის ბრძოლა. მთაწმინდა თბილისის ცენტრია და ამომრჩეველმა ჩათვალა, რომ ერთი მანდატის მოპოვება სურათს ვერ შეცვლის...

- ზუგდიდი რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი ორივე მხარისთვის?

- ზუგდიდი ხელისუფლებისთვის ყველაზე სუსტი წერტილია. ოპოზიციაც ყველაზე სუსტ წერტილს ეძებს, რომ იქ მიაღწიოს წარმატებას. ამასთან, იქ დაასახელეს ისეთი კანდიდატი, რომელიც პირდაპირ ასოცირდება სააკაშვილთან, ასე ვთქვათ, მისი ორეულია. ამიტომ იქ ხელისუფლების მარცხი ნიშნავდა არა მარტო რეგიონის დაკარგვას, არამედ სააკაშვილის სრულ რეაბილიტაციას. სანდრა რულოვსის გამარჯვება ნიშნავდა, რომ 2020 წლისთვის "ნაცმოძრაობას" დიდი პიარის კეთების საშუალება ექნებოდა. ბუნებრივია, ეს შედეგი გავლენას მოახდენს არა მარტო სამეგრელოზე, არამედ პოლიტიკურ გარემოზე მთელ ქვეყანაში. ამიტომაც იყო ასეთი მნიშვნელოვანი არა მარტო ოპოზიციისთვის, ხელისუფლებისთვისაც იქ გამარჯვება...

თუ გახსოვთ, 2002 წელს "ნაცმოძრაობამ" ზუგდიდიდან დაიწყო - სამეგრელო იყო ანტისახელისუფლებო ადგილი. ეს ბუნებრივი იყო იმ ფონზე, რაც ხდებოდა ზუგდიდში შევარდნაძის ჩამოსვლის შემდეგ - "მხედრიონის" თარეში და ა.შ. სამეგრელო არის ერთადერთი რეგიონი - თუ არ ჩავთვლით ცხინვალსა და აფხაზეთს - სადაც 90-იან წლებში უმძიმესი ვითარება იყო, ამიტომ ანტიშევარდნაძისტული განწყობა გასაკვირი არ ყოფილა. შემდეგ იქ ახალაიების ჯგუფი მუშაობდა. ზუგდიდში 2012 წელსაც წააგო ოპოზიციამ... ამით იმის თქმა მინდა, რომ იქ, ტრადიციულად, "ნაცმოძრაობა" იგებს. ასეა დღემდე, რაც დადასტურდა თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნებით.

- ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ ზუგდიდშიც ატერორებდნენ და აწამებდნენ ადამიანებს... ე.წ. კასრების საქმეც ყველასთვის ცნობილია... ამის მიუხედავად, "ნაცმოძრაობამ" იქ ამომრჩეველი მაინც შეინარჩუნა. - ქარდავაც, ახალაიებიც იქაურები არიან, მაგრამ თავიდანვე სხვაგვარი სიტუაცია შეიქმნა, რაც, დაგეთანხმებით, ცოტა უცნაურია. დიახ, განწყობა დარჩა... 2012 წელს ზუგდიდი როლანდ ახალაიამ მოიგო და ეს შემთხვევითი არ ყოფილა.

- აჟიოტაჟი ატყდა სიების გამო... - როგორც ვიცი, ეს კანონით აკრძალული არ არის - ლაპარაკია ე.წ. "ქართული ოცნების" აქტივისტების სიაზე. ზეწოლა შეიძლება იყოს ირიბი, მაგრამ მგონია, ამომრჩეველი არჩევანს მაინც თავისუფლად აკეთებს. 2012 წელს "ნაცმოძრაობაც" ასეთივე სიებით დადიოდა. როდესაც განწყობა ანტისახელისუფლებოა, გნებავთ, სიებით იარონ, გნებავთ - ტანკებით, მაინც არაფერი იცვლება. თუ ოპოზიციას ისეთი მხარდაჭერა არა აქვს, რომ თვლის, არჩევნები სიების გამო წააგო, ესე იგი რეალურად ვერ აფასებს ამომრჩევლის განწყობას. არასდროს მიმაჩნდა ეს მნიშვნელოვან დარღვევად.

რაც შეეხება მოსყიდვას, აქაც იგივე ვითარებაა - ჩვენს ამომრჩეველს ვერავინ მოისყიდის. არის მომენტი, როცა არც ძალა, არც რეპრესიული მანქანა და არც ფული აღარ მუშაობს. დღეს "ქართულ ოცნებას" ასეთი მომენტი არ უდგას, მაგრამ შეიძლება 2020 წელს დაუდგეს. შეიძლება "ნაცმოძრაობამ" და გაერთიანებულმა ოპოზიციამ იყვირონ და პროვოკაციები მოაწყონ, მაგრამ ამით რეალობას ვერ შეცვლი.

- რა მესიჯი იქნება დღევანდელი არჩევნები პარტიებისთვის? - ეს არჩევნები პოლიტიკური სპექტრისთვის უნდა გახდეს განსჯისა და ანალიზის საგანი. რას ილაპარაკებენ ტელევიზიით და მედიით, ეს პიარია და გასაგებია, მაგრამ უნდა დასხდნენ ის ადამიანები, ვინც საარჩევნო პროცესში მეტ-ნაკლებად ჩართულია და აქვთ ანალიზის უნარი და ამ შედეგების მიხედვით შეიმუშაონ სტრატეგია 2020 წლისთვის. ეს არჩევნები არის გენერალური რეპეტიცია ერთი წლით ადრე მთავარ არჩევნებამდე. ისიც გამოჩნდა, რა შეიცვალა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დღემდე, როგორ შეიცვალა ამომრჩევლის განწყობა ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" მიმართ. ეს არჩევნები მშვენიერი მასალაა იმისათვის, რომ გამოკითხვებს კი არ დაეყრდნო, რეალური მონაცემებით განსაზღვრო, საით მიდის ამომრჩეველი და როგორ უნდა დაგეგმო შენი სტრატეგია 2020 წლისთვის.