"მინდა, ერთი რჩევა მივცე ქალბატონ სანდრას, დაისვენეთ" - კვირის პალიტრა

"მინდა, ერთი რჩევა მივცე ქალბატონ სანდრას, დაისვენეთ"

მინდა, ერთი რჩევა მივცე ქალბატონ სანდრას, რომელიც იყო ჩვენი კანდიდატის ოპონენტი, დაისვენეთ. მე მას ვურჩევდი მიხედოს თავის მეუღლეს და ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი ოპონენტების განცხადებებს არჩევნების დღესთან დაკავშირებით.

"ჩვენი დესტრუქციული ოპონენტების განსაკუთრებული აქცენტი ზუგდიდზე იყო გადატანილი. მე დღეს მოვისმინე შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე სხვა რეგიონის პოლიციის უფროსი იყო ჩასული ზუგდიდში და ამაზე გამოთქვამდნენ პრეტენზიას. მინდა მათ შევახსენო, ამ ადამიანებს, რომ 5 ათასი ადამიანი, მათი აქტივისტი იყო მობილიზებული და ჩაყვანილი ზუგდიდში, არა ზუგდიდელი, არა მეგრელი, ანუ ადგილობრივი მოსახლეობა არ იყო. ამ შემთხვევაში, მათ არავითარი მორალური უფლება არ აქვთ სახელმწიფოს წაუყენონ პრეტენზია, თუ რატომ იყო მობილიზებული პოლიცია, დამატებითი ძალები ზუგდიდში, ვინაიდან სახელმწიფო ხედავდა გარკვეულ თეორიულ რისკებს, რომ ჩვენს ოპონენტებს გამომდინარე მათი ხასიათიდან გარკვეული დესტრუქცია და დაძაბულობა შეეტანათ. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ის განცხადებები, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებს, შეურაცხმყოფელია ამომრჩევლისთვის.

"რაც შეეხება სააკაშვილის პოლიტიკას და მის რიტორიკას, რომელიც უკიდურესად შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია არამარტო ჩვენი მოსახლეობისთვის, არამედ სწორედ მისი ამომრჩევლებისთვის. ჩემთვის, ის ფაქტი, რომ ამ ადამიანმა თავისი ცოლი გამოუშვა ამ ბრძოლაში, ამით ყველაფერია ნათქვამი. ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი გამოიტანს შემდეგ დასკვნას, რომ ეს ადამიანი, ისე როგორც იქცეოდა ომში 2008 წელს, როცა მან ქვეყნის სირცხვილი აჩვენა მთელ მსოფლიოს, როგორც მხდალმა პოლიტიკოსმა, იგივე გაიმეორა ახლაც. მინდა, ერთი რჩევა მივცე ქალბატონ სანდრას, რომელიც იყო ჩვენი კანდიდატის ოპონენტი, დაისვენეთ. მე მას ვურჩევდი მიხედოს თავის მეუღლეს და ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას",-განაცხადა ღარიბაშვილმა.

იხილეთ ასევე: "მე, როგორც ქალი პოლიტიკოსი, მივმართავ ღარიბაშვილს, ქალები გჯობივართ ბევრად!"

"ინტერპრესნიუსი"