"თუ სააკაშვილს მართლა უნდა პრობლემები შეუქმნას "ქართულ ოცნებას", მიმართოს ივანიშვილს და უთხრას: მოდი, ერთად წავიდეთ!" - კვირის პალიტრა

"თუ სააკაშვილს მართლა უნდა პრობლემები შეუქმნას "ქართულ ოცნებას", მიმართოს ივანიშვილს და უთხრას: მოდი, ერთად წავიდეთ!"

თუ სააკაშვილს მართლა უნდა პრობლემები შეუქმნას "ქართულ ოცნებას", წავიდეს და თანაც, მას შეუძლია კაცურად წავიდეს - მიმართოს ბიძინა ივანიშვილს და უთხრას: მოდი, ერთად წავიდეთ! - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ნიუსრუმი" განაცხადა.

მისი თქმით, თუ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს "ქართული ოცნებისთვის" პრობლემების შექმნა სურს, ის უნდა გაჩერდეს.

"მიშას გაჩერება მე არ ვიცი რას ნიშნავს, გაჩერებული ეს კაცი არავის უნახავს, სულ მოძრაობს. სხვა საკითხია რა ჯობია სახელმწიფოებრივად. მე მიშას ვურჩევდი, თუ უნდა პოლიტიკური ლანდშაფტის შექმნა და "ქართული ოცნებისთვის" პრობლემების შექმნა, უნდა გაჩერდეს", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" სიმბიოზად იქცა, რადგან ორივე პარტია ერთმანეთს კვებავს და შედეგად, თავიანთ ამოცანას ასრულებენ.

"სააკაშვილის გაჩერებით ბევრად მიღწევადი იქნება ის შედეგი, რაც მას უნდა, ვიდრე არგაჩერებით. ეს ორპოლუსიანობაა ანგრევს ყველაფერს, არ აძლევს პოლიტიკურ სივრცეს გახსნის საშუალებას, რომ ალტერნატიული ცენტრები ჩამოყალიბდეს. "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთგვარ სიმბიოზად ჩამოყალიბდა - ისინი კვებავენ ერთმანეთს, ავსებენ და ინაწილებენ ძალაუფლებას. ამით ორივე თავის ამოცანას ასრულებს - "ქართული ოცნება" ინარჩუნებს ძალაუფლებას, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" ინარჩუნებს მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს. შესაბამისად, ამ პროცესიდან ორივეს თავის დივიდენდი აქვს.

თუ მიხეილ სააკაშვილს მართლა უნდა პრობლემები შეუქმნას "ქართულ ოცნებას", წავიდეს და თანაც, მას შეუძლია კაცურად წავიდეს - მიმართოს ბიძინა ივანიშვილს და უთხრას: მოდი, ერთად წავიდეთ! აი ეს იქნება მისგან ისტორიული ნაბიჯი. შეუძლიათ წავიდნენ რომელიმე ნეიტრალურ ქვეყანაში, არც საფრანგეთში და არც ჰოლანდიაში", - განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ თქვა, რომ ოპოზიცია გაჩერებას არ აპირებს.

"ეს არ არის გასული წლის ნოემბერი, როცა მივიღეთ რაც იყო. ვერ ეღირსებიან. ბრძოლა გამარჯვებამდე. მე არ გავჩერდები არც ერთი წამით, ვიდრე ივანიშვილს არ ჩამოვაშორებთ საქართველოს მმართველობას", - განაცხადა სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო