"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ..." - რას აპირებს სანდრა რულოვსი? - კვირის პალიტრა

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ..." - რას აპირებს სანდრა რულოვსი?

გუშინდელი ე.წ არჩევნების მერე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საპროტესტო ტალღა უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან. ეს გავრცელდება მთელს ქვეყანაზე და დამთავრდება ივანიშვილის შუშის სასახლესთან, თბილისში, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა.

როგორც სანდრა რულოვსმა ოპოზიციის შტაბში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, 2019 წლის შუალედური არჩევნები არ იყო რეალური არჩევნები. მისი თქმით, "ეს იყო სპეცოპერაცია თვეების მანძილზე, განსაკუთრებით კი ბოლო დღეებში".

როგორც რულოვსმა აღნიშნა, პროტესტის ფარგლებში მთავარი მოთხოვნა ბიძინა ივანიშვილის ქვეყნის მმართველობიდან წასვლა იქნება.

"ჩვენ მოვითხოვთ მის წასვლას ამ ქვეყნიდან. თავი უნდა დაგვანებოს, იმიტომ, რომ მისი მოქმედება, მისი ე.წ. მმართველობა უკვე ყველასთვის ყველანაირ ზღვარს არის გადასული. ჩვენ ივანიშვილს აღარ უნდა ჩავატარებინოთ არჩევნები, იმიტომ, რომ არ შეუძლია, არ ატარებს არჩევნებს. ამიტომ, ჩვენ, ყველანი უნდა დავირაზმოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით და არ დავტოვებ არცერთ ქუჩას, უბანს, სოფელსა და ქალაქს. ყველანი ერთად, ხელი-ხელჩაკიდებულები უნდა მივიდეთ თბილისამდე და ივანიშვილი ამ ქვეყნიდან უნდა მოვიშოროთ. ეს საპროტესტო ტალღა უკვე დაწყებულია და ჩვენს მეგობრებთან და მთელ გუნდთან ერთად ჩამოვყალიბდებით, რომელი რეგიონებიდან დავიწყებთ. ყველგან ვიქნებით და ხალხის ძალას ვაჩვენებთ ივანიშვილს, რადგან არჩევნები არ ტარდება ამ ქვეყანაში. ივანიშვილის გარეშე უნდა გავაგრძელო ამ ქვეყნის გადარჩენა და აღმშენებლობა. მე ამ ბრძოლაში არ ვარ მარტო. აქ ძალიან ბევრი პარტია, ორგანიზაცია და მეგობრები არიან და ვისაც უნდა, შემოგვიერთდება. ჩვენ გვყავს საქართველოს ერთი მტერი, ეს არის, ივანიშვილი", - განაცხადა რულოვსმა.

"ინტერპრესნიუსი"