"საქართველო, მიუხედავად მოკრძალებული გეოპოლიტიკური როლისა, მარტივად გასაწირი პაიკების რიგში არ წერია" - საქართველო აშშ-რუსეთის საჭადრაკო დაფაზე - კვირის პალიტრა

"საქართველო, მიუხედავად მოკრძალებული გეოპოლიტიკური როლისა, მარტივად გასაწირი პაიკების რიგში არ წერია" - საქართველო აშშ-რუსეთის საჭადრაკო დაფაზე

საქართველოს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგაც, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა აქვს დასაძლევი. ცალსახაა, რომ ეს გამოწვევები მხოლოდ შიდაპოლიტიკურ სვლებზე არ არის დამოკიდებული. გავლენიანი სახელმწიფოების გეოპოლიტიკურ თამაშებში პაიკის, ზოგჯერ კი მხედრის ფუნქციით საქართველოს მომავალზე მსჯელობა აქტუალობას ინარჩუნებს. ამ ცოტა ხნის წინ ამერიკულ გამოცემაში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საჭადრაკო დაფაზე აშშ-სთვის საქართველოს მნიშვნელობას აფასებს ამერიკელი პოლიტოლოგი ტედ კარპენტერი.

ის მაიკ პომპეოსა და ვლადიმირ პუტინს შორის სოჭში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. არაერთი ჩვნებური ექსპერტის შეფასებით, მისი მსჯელობა ზედაპირულია. ის აშშ-ს ხელისუფლებას ვენესუელაში რუსეთის ინტერესებზე ხელის აღების იმედად ურჩევს საქართველოსა და უკრაინის რეგიონებში პოზიციების დათმობაზე წასვლას.

რამდენად რეალურია აშშ-ს მხრიდან ხისტი საგარეო პოლიტიკის მყისიერი ცვლილების ალბათობა, ამ საკითხზე ექსპერტ ლევან ნიკოლეიშვილს ვესაუბრეთ:

- ტედ კარპენტერი საუბრობს მონროს დოქტრინის რუსეთისთვის შეხსენების აუცილებლობაზე. როგორ ფიქრობთ, კონტინენტური იზოლაციონიზმი შედის თუ არა აშშ/რუსეთის ინტერესებში? - მკვეთრი ნაბიჯები ამ მხრივ არ გადაიდგმება. რუსეთიც და ამერიკის შეერთებული შტატებიც კარგად ხვდებიან, რა ძალას წარმოადგენენ ერთმანეთთან მიმართებაში. მიუხედავად ბოლო ათწლეულში რუსეთის განსაკუთრებით გაძლიერებისა, ჯერჯერობით არ დგას იმ დონეზე, რომ  აშშ-ს შესაბამისი კონკურენცია გაუწიოს, ამიტომ ფრთხილია რიგ შემთხვევებში და დათმობებზეც მიდის. ლევან ნიკოლეიშვილი

დღევანდელი კონფრონტაცია აშშ-რუსეთს შორის მაგონებს ცივი ომის პერიოდს, როდესაც მხარდამჭერთა ფლანგები ერთი ხელის მოსმით ერთმანეთში არ იცვლებოდა  და არც ახლა გაიცვლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სტრატეგია უცვლელი რჩება, იცვლება მხოლოდ ტაქტიკა ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში. ვენესუელასთან ნებისმიერი ფორმით ურთიერთობისას, გამორიცხულია აშშ-მ უარი თქვას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან პარტნიორობაზე.

სტრუქტურულად აშშ-ს მმართველ ორგანოებში მუშაობს მიმართულებები, დეპარტამენტები, რომელიც კონკრეტული რეგიონის საკითხებს კურირებს. შედგენილია საკმაოდ გრძელვადიანი სამოქმედო გეგმებიც. შესაძლებელია ორგანომ, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის საკითხზე მუშაობს, ცვლილებები შეიტანოს მასში, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ მოხდება გეგმების მთლიანად გადახაზვა. გარდა ამისა, ნატოს წევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სარადარო სისტემებია დაყენებული. სწორედ იმ გამოწვევების გამო, რასაც რუსეთის მხრიდან ვაწყდებით.

ეფექტიანი მექანიზმია აშშ-ს მხრიდან რუსეთისთვის დაწსებული სანქციებიც, რომელიც ერთ-ერთი დამატებითი ინსტრუმენტია ზეწოლისთვის.

შესაძლოა შემცირდეს სანქციების რაოდენობა ან ხარისხი, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანი იქნებოდა ორივე მხარისთვის, შესაძლოა მოლაპარაკებისას, ვაჭრობის საფუძველზე, მოუწიოს რუსეთს ვენესუელასთან მიმართებაში პოზიციების დათმობა. სცენარი მრავალი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ისე, რასაც გვთავაზობს ტედ კარპენტერი.

საქართველოს მთავარი "კოზირი" სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციაა, ვართ ენერგორესურსების გამტარი სახელმწიფო. აშშ-ევროპა-რუსეთის ჭიდილის მთავარი მიზეზი სწორედ ის არის, თუ რომელი გზით მოხდება ნავთობის ევროპისთვის მიწოდება: საქართველოს თუ ისევ რუსეთის გავლით და ის, თუ როგორი იქნება ძალთა ბალანსი შემდგომი პროცესების განვითარებიდან გამომდინარე.

მას შემდეგ რაც დადგინდა, რომ ენერგორესურსების გადინება აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან საქართველოს გავლით მოხდებოდა აშშ-მა პირველ რიგში დასვა საკითხი გაძლიერებულიყო უსაფრთხოება. დაიწყეს გადამზადება იმ ძალოვანი ქვედანაყოფებისა, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ნავთობსადენის დაცვას. ამას მოჰყვა ნელ-ნელა სხვადასხვა რეფორმების განხორციელება და ამ რეფორმებში დახმარების აღმოჩენა.

- არის თუ არა ნატოს სამხედრო ბლოკის და კონკრეტულად აშშ-ს საქართველოთი დაინტერესება რეგიონში გავლენის სფეროს შენარჩუნებითაც გამოწვეული. ვინაიდან ნატოს წევრი - თურქეთი ცვალებადი საერთაშორისო პოლიტიკით ხასიათდება?

- თუ ისტორიას გადავხედავთ, თურქეთმა არაერთხელ შეიცვალა პოლიტიკური ვექტორი რუსეთთან მიმართებაში. დღესაც აქტუალურია თურქეთის ჭიდილი ევროსტრუქტურებთან საგარეო მიმართულების კუთხით. მიუხედავად ამისა, საფუძველს მოკლებულია ვიმსჯელოთ თურქეთის მხრიდან ნატოს რიგების დატოვების საშიშროებაზე, ვინაიდან მან ნატოს დახმარებით შეძლო სამხედრო პოტენციალის ამაღლება.

შესაფერისი დრო იქნება თუ გავიხსენებთ რუსეთისგან "ს-400" ტიპის საჰაერო დაცვის სისტემების შეძენას, მყისიერი რეაგირება მოჰყვა შეერთებული შტატებიდან. აშშ თურქეთს აღარ მიაწვდის საბრძოლო თვითმფრინავების სათადარეგო ნაწილებს. საჰაერო საბრძოლო მზადყოფნის თვალსაზრისითაც დაეცემა თურქეთის სამხედრო შესაძლებლობები, ეს კი რა თქმა უნდა არ შედიოდა მის ინტერესებში. ამიტომ შეინარჩუნებს გარკვეული დოზით რუსეთთან ურთიერთობას საკუთარი გეოპოლიტიკური თამაშის ინსცენირებისთვის, თუმცა ვერასდროს წავა ნატოს წინააღმდეგ. არც ნატოს ინტერესებშია თურქეთისგან დისტანცირება, ვინაიდან მხოლოდ სახმელეთო ძალების თვალსაზრისით სამხედრო ბლოკის ერთ-ერთი მსხვილი კონტრიბუტორია.

შავ ზღვაზე ნატოს დაინტერესება საქართველო-უკრაინით გამოწვეულია არა თურქეთის ალტერნატივების შეფასება-მომზადებით, არამედ არაწევრი სახელმწიფოების ალიანსში მიმდინარე პროცესებში ჩართვით.

ამავდროულად, ალიანსში ხდება გარკვეული მექანიზმების შემუშავებაც, რომელიც ერთი მხრივ ზრუნავს აღმოსავლეთ პარტნიორი სახელმწიფოების დაცულობა გაძლიერდეს, მეორე მხრივ კი ნატოს როლი გაიზარდოს შავ ზღვაზე.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სტაბილური კავკასია ჭირდება, მზად არიან უსაფრთხოების სფეროში დახმარება აღმოგვიჩინონ. ჩვენ კი, მაქსიმალური ძალისხმევა უნდა ჩავდოთ ამ სტაბილურობის შესანარჩუნებლად. უსაფრთხოების ძალებთან ერთად გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა.

მოკლედ,  საქართველო მიუხედავად მოკრძალებული გეოპოლიტიკური როლისა მარტივად გასაწირი პაიკების რიგში არ წერია.

იხილეთ ასევე: რის სანაცვლოდ შეიძლება "დაუთმოს" აშშ-მა რუსეთს საქართველო და უკრაინა? - რას წერს ამერიკელი პოლიტოლოგი?

გოჩა პაპიძე (სპეციალურად საიტისთვის)