"პუტინს გავახსენებდი, რომ რუსეთმა ყველა პირობა და ხელშეკრულება დაარღვია" - რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი პუტინზე, სააკაშვილსა და მარგველაშვილზე?
"პუტინს გავახსენებდი, რომ რუსეთმა ყველა პირობა და ხელშეკრულება დაარღვია" - რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი პუტინზე, სააკაშვილსა და მარგველაშვილზე?
ფოტო:სალომე ზურაბიშვილი
"საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ევროკავშირისაგან არ დაღლილა"
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთში ვიზიტის დროს ინტერვიუ მისცა საინფორმაციო სააგენტო Eesti Rahvusringhääling-ის (ERR) კორესპონდენტს ტარმო მაიბერგს, რომელსაც ესაუბრა ესტონეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, ნატო-ევროკავშირთან ინტეგრაციაზე, შავიზღვისპირა რეგიონის უსაფრთხოებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთთან დამოკიდებულებაზე, აგრეთვე თავისი წინამორბედი ყოფილი პრეზიდენტების - მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შესახებ.

ინტერვიუ ესტონეთის ტელევიზიითან გადაიცა, გამოქვეყნდა Eesti Rahvusringhääling-ის ვებ-გვერდზეც რუსულ და ესტონურ ენებზე.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

- როგორი იქნება საქართველოს წვლილი
ევროკავშირში, ამ ორგანიზაციის წვერი თუ გახდება?

- ჩვენ ისედაც დიდი წვლილი შეგვაქვს ნატოში და ევროკავშირში, ვმონაწილეობთ ავღანეთის, მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მისიებში. საქართველო ამით აჩვენებს, რომ ის ერთგული პარტნიორია და რომ მხოლოდ მიღება არ სურს. ჩვენც გვსურს საკუთარი წვლილი შევიტანოთ საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვაში და
ტერორიზმთან ბრძოლაში. ჩვენ მზად ვართ სრულფასოვანი წევრობისათვის.

- საქართველო ცდილობს კარგი მეზობელი იყოს. რა დახმარების გაწევა შეგიძლიათ სომხეთსა და აზერბაიჯანის კონფლიქტის გადაწყვეტაში მთიანი ყარაბაღის გამო?
- ამ კონფლიქტის გადაწყვეტაში ჩვენი ჩარევისათვის ორივე სახელმწიფოსაგან მიწვევაა აუცილებელი. ტრადიციულად, საქართველოს როლი კავკასიაში იმით გამოიხატებოდა, რომ გამაწონასწორებელი ძალა ყოფილიყო. ჩვენს ირგვლივ მრავალი იმპერია არსებობდა, ზოგიერთი კი სხვადასხვა დროს საქართველოს ტერიტორიას თავს ესხმოდა ხოლმე. ასწლეულების განმავლობაში მრავალი ასეთი თავდასხმა გადავიტანეთ. 25-საუკუნოვანმა ისტორიამ დაადასტურა, რომ ჩვენ ყველასთან ერთად თანაცხოვრება შეგვიძლია.

- საქართველოს მცხოვრებლები მხარს უჭერენ ნატოში და ევროკავშირში გაწევრებას, მაგრამ იციან თუ არა მათ, როგორ მუშაობს ევროკავშირი? მოდის სულ უფრო მეტი სიგნალი იმის შესახებ, რომ მოსახლეობას არ ესმის ევროკავშირის მუშაობის პრინციპები და ამიტომ ამ ორგანიზაციით "იღლებიან"...
- მე დარწმუნებული არ ვარ, რომ სხვა ქვეყნების ხალხებსაც ესმოდათ ეს პრინციპები ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებამდე. ჩვენ ამჟამად თავისუფალი სავიზო რეჟიმი გვაქვს. საზღვრების გახსნის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეები 756 ათასჯერ იყვნენ. საქართველო დაღლას არ გრძნობს. ზოგჯერ მე ხუმრობით ვამბობ ხოლმე, რომ საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ევროოკავშირისაგან არ იღლება. ხომ არიან ისეთი ქვეყნებიც, რომლებიც უკვე დაიღალნენ, თუმცა ევროპის კავშირის წევრები არ არიან. საქართველოს მოსახლეობის 75% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ცოტა უფრო ნაკლები - ნატოს წევრობას.
 სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრემიერ-მინისტრ იური როტასთან ერთად
ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებლია. საქართველოს მოსახლეობას შეიძლება ყველა დეტალი არ ესმის, მაგრამ ერთი რამ მათ ზუსტად იციან: საქართველოს სხვა პერსპექტივა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ევროპაში დაბრუნდეს.

- თქვენ არ დაიღალეთ კარზე მუდმივი "კაკუნისაგან"?
- არა, ჩვენ არ უნდა დავიღალოთ. ზოგიერთმა ევროპელმა ერთი წამით თვალი რომ დახუჭოს და წარმოიდგინოს, თუ რა იქნებოდა ევროპა ევროკავშირის გარეშე. ალბათ, ისინი დაღლას აღარ იგრძნობდნენ.

- ესტონეთში შავი ზღვის როლს ნაკლებად აცნობიერებენ, ვიდრე საქართველოში...
- ასეთი მიდგომა თანდათან შეიცვლება. საკითხი ეხება იმ ზღვას, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. შავი ზღვა ერთგვარი ხიდია აზიისაკენ. ჩვენ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს დადებული, ჩვენი ნავსადგურები შუალედურ პორტებად იქცნენ ჩინეთსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ, შავი ზღვის ნაპირზე მდებარე ქვეყანა, სულ უფრო მეტად ვხედავთ, თუ როგორ "აღებენ" ფართოდ ევროპელები საქართველოს. ანუ შავი ზღვა კი არ ყოფს, არამედ აერთიანებს...

- თქვენ რუსეთთან გაყინული კონფლიქტი გაქვთ...
- არა, გაყინული კონფლიქტები არ გვაქვს. საქმე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს ძალიან დიდი პრობლემაა და ყოველდღიური ტრაგედია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობენ - როგორც 300 ათასი შიდა ლტოლვილისათვის, ასევე ქვეყნის ხელისუფლებისთვისაც. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს გადასაწყვეტი ისეთი სიტუაციები, როცა ადამიანებს საოკუპაციო ხაზთან იტაცებენ და არ ვიცით, თუ როდის და როგორ დაბრუნდებიან ისინი უკან. საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარება, ყოველდღიური პროვოკაციები სიტუაციას ამწვავებენ.

- როცა მე პარლამენტის სპიკერს ირაკლი კობახიძეს ვესაუბრე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიების თემაზე, მან თქვა, რომ საქართველო მახეშია გაბმული, ხაფანგში იმყოფებაო...
- ჩვენ ხაფანგში ვართ არა ოკუპირებული ტერიტორიების, არამედ რუსეთის გამო. დღეს ყველა ხაფანგშია იმიტომ, რომ რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის უნარი არავის არ აქვს.

- რას ეტყოდით პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს?
- და თვითონ რას მეტყოდა? რუსეთი როგორც საერთაშორისო საზოგადოების წევრი, ცუდად იქცევა, მოსკოვი არავის პატივს არ სცემს - არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არამედ საერთოდ. როგორი დიალოგი უნდა გვქონდეს ასეთ სიტუაციაში? ვლადიმირ პუტინთან საუბრის დროს მე მას გავახსენებდი იმას, რომ რუსეთმა, როგორც საერთაშორისო საზოგადოების წევრმა, რომელიც პატივს უნდა სცემდეს საერთაშორისო სამართალს, ყველა პირობა დაარღვია, ხოლო როგორც საქართველოს მეზობელმა - ყველა ხელშეკრულება, რომლებიც ტერიტორიულ მთლიანობას ეხება და ის დაპირება, რაც მან 2008 წლის ომის შემდეგ მოგვცა.

- ანუ თქვენ ტერიტორიების უკან ძალით არ დაიბრუნებთ?

- არა. ზოგჯერ პოლიტიკა რეალიზმიდან იწყება. არის რამდენიმე ხერხი: პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი - კავშირის ქონა საოკუპაციო ხაზს იქით მცხოვრებ მოსახლეობასთან. ჩვენ ამას ვაკეთებთ ყველა საშუალების გამოყენებით: ვთავაზობთ მათ უფასო სამედიცინო დახმარებას, განათლებით უზრუნველყოფას, სტუდენტური გაცვლის პროგრამებს...

- რამდენად ძლიერია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება და რამდენად კარგად არის დაცული ადამიანთა უფლებები?
- ჩვენთან ადამიანის უფლებები კარგადაა დაცული იმ სახელმწიფოებთან შედარებით, რომლებიც ჩვენნაირ მდგომარეობაში იმყოფებიან. ეს ჩვენი გამარჯვებაა - საოკუპაციო ხაზის, დეზინფორმაციისა და ცრუ პროპაგანდის მიუხედავად.

- მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, როცა ხალხი, ადამიანები თავიანთ ნება-სურვილს ავლენდნენე, იმდროინდელი ხელისუფლება მათ პოლიციის დახმარებით "ამშვიდებდა". დღეს ხალხს შეუძლია თავისი აზრის თავისუფლად გამოხატვა?
- სრულიად. მე შემიძლია შედარების გაკეთება, რადგან პირადად ვმონაწილეობდი საპროტესტო მიტინგებში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს. ჩვენ ვვითარდებით. ჩვენ არ ვართ იდეალური სახელმწიფო და განა ოდესმე ვიქნებით ასეთი? განა საერთოდ არიან იდეალური სახელმწიფოები? ახლა ჩვენთან კარგი პერიოდია. საქართველოში წამომსვლელნი ზოგჯერ ფიქრობენ, რომ სადღაც შორეულ აღმოსავლურ ქვეყანაში მოდიან და უცებ აღმოაჩენენ ხოლმე, რომ ისე არაა, როგორც მიაჩნიათ. საქართველო ევროპული სახელმწიფოა.

- და რას უპირებთ მიხეილ სააკაშვილს? უკან დაიბრუნებთ?
- გთხოვთ იგი იქ გააჩეროთ, სადაც არის. ქართულ პოლიტიკაში ის უკვე არავითარ როლს აღარ თამაშობს.

- განა უცნაური არ არის, როცა ჯერ პრეზიდენტი ხარ, ათი წლის შემდეგ კი სასამართლოში რაღაცას დაგაბრალებენ?
- საჭიროა იცოდე, როგორ უნდა მოიქცე, როცა ხელისუფლებაში ხარ. შეიძლება უკრაინაში ელოდებიან...

- თქვენი წინამორბედი გიორგი მარგველაშვილი Airbnb-ის მეშვეობით ბინას მოკლევადიანი გაქირავებით არის დაკავებული. თქვენ რას გააკეთებს მომავალში?
- შეიძლება ისევ წერა დავიწყო. მე არასდროს არ მქონია კავშირი მეწარმეობასთან, ამიტომ Airbnb-ით სარგებლობა ჩემი პერსპექტივა არ არის.

- არ გიკვირთ, რომ თქვენი წინამორბედი ამ საქმითაა დაკავებული?
- გააჩნია, როგორ შევხედავთ. ვიღაც, ალბათ, შოკირებულია და თვლის, რომ ეს სახელმწიფოს რეპუტაციის შეურაცხყოფას წარმოადგენსო. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ძალზე დემოკრატიულია, როცა პრეზიდენტი სტუმრებს საკუთარ სახლში იღებს.

- განა ეს იმის სიგნალი არაა, რომ თქვენთან სახელმწიფოს წარმომადგენლებისათვის ღირსეული საპენსიო სისტემა არ არსებობს?
- დიახ, ეს ასეა. მაგრამ არა პარლამენტის წევრებისათვის და არა პრეზიდენტისათვის. არ ვიცი, რატომ. ადრე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის დროს, პრეზიდენტები იმდენ ფულს იღებდნენ, რომ მათ პენსია არ სჭირდებოდათ. მე ასეთი წინადადებით არ გამოვალ, თორემ ყველა ჩათვლის, რომ ამას საკუთარი თავისთვის ვაკეთებ. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

ზურაბი
22 მაისი 2019 13:27
ალტერ ეგო, "ქაჯები" თბილისური ტერმინია და ზუსტად შენზეა ზედგამოჭრილი...
დავითი
22 მაისი 2019 13:19
როდის მივხვდებით ქართველები რა არის კარგი და რა არის ცუდი...
სამწუხაროდ საქართველოს კიდევ კარგა ხანი დასჭირდება, რომ ამ ქალბატონის დონეზე ავიდეს
კ ო მ ბ ლ ე
22 მაისი 2019 04:01
1783 წლიდან დაიწყე და დღემდე, თუმცა ვინ მოგისმენს? რუსეთი ეხლა გალაქტიკებზე ფიქრობს, თუ როგორ გადააკეთოს სათავისოდ, სამყაროს რუქა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები