"არ არის აუცილებელი, რომ ფინანსთა მინისტრი იცოდეს ყველამ, ის არ არის როკ-ვარსკვლავი" - რას ამბობს ივანე მაჭავარიანი NDI-ის კვლევაზე - კვირის პალიტრა

"არ არის აუცილებელი, რომ ფინანსთა მინისტრი იცოდეს ყველამ, ის არ არის როკ-ვარსკვლავი" - რას ამბობს ივანე მაჭავარიანი NDI-ის კვლევაზე

თუ 45%-ს ფინანსთა მინისტრის შესახებ არ სმენია, ეს არცთუისე ცუდი მაჩვენებელია, რადგან არ არის აუცილებელი, რომ ფინანსთა მინისტრი იცოდეს ყველამ. ის არ არის როკ-ვარსკვლავი, - ასე აფასებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავრიანი NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, მთავრობის მუშაობას გამოკითხული მოსახლეობის 56% უარყოფითად აფასებს, უშუალოდ ფინანსთა მინისტრის მუშაობით კმაყოფილია მხოლოდ 8%, 45%-ს კი არაფერი სმენია მის შესახებ.

ივანე მაჭავარიანის განმარტებით, მისი უწყება საქმეს წყნარად აკეთებს.

"ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს წყნარად. მთავარია, რომ ქვეყნის ფისკალური და მაკროეკონომიკური განვითარება და რეფირმები არ შეჩერდეს და მდგრადი განვითარება შევინარჩუნოთ", - აცხადებს მინისტრი.

რაც შეეხება იმას, რომ კვლევის მიხედვით მოსახლეობის მხოლოდ 8% აფასებს ფინანსთა მინისტრის საქმიანობას დადებითად, ივანე მაჭავარიანი პასუხობს: "ვინც იცის, ეტყობა ის აფასებს, დანარჩენმა არ იცის და ამიტომ არ აფასებს".

რაც შეეხება იმას, თუ რატომ უარესდება ყოველწლიურად საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგად მთავრობის საქმიანობის შეფასების მაჩვენებლი, ივანე მაჭავარიანის თქმით, მთავრობის საქმიანობის მაჩვენებელი ცუდი არ არის და ამას არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და რეიტინგებიც ადასტურებს. მისივე განმარტებით, რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი დიდი ალბათობით, სწორედ საქართველოს ექნება და აღნიშნული სავალუტო ფონდმა თავის რეპორტშიც გამოაქვეყნა, თუმცა ეს საკმარისი არ არის და უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა არის საჭირო. ივანე მაჭავარიანის თქმით, პროგრესი, რომელიც დღეს ქვეყანაშია, შესაძლოა, ბოლომდე არ ან ვერ მიდის თითოეულ მოქალაქემდე.

"ინტერპრესნიუსი"