“მე არ ვაკეთებ არაფერს ისეთს, რაც სააკაშვილმა გააკეთა. ასე რომ, მე საერთოდ არ მაქვს შიშები" - რა უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა ესტონელ ჟურნალისტს - კვირის პალიტრა

“მე არ ვაკეთებ არაფერს ისეთს, რაც სააკაშვილმა გააკეთა. ასე რომ, მე საერთოდ არ მაქვს შიშები" - რა უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა ესტონელ ჟურნალისტს

რატომ უნდა დავაბრუნოთ სააკაშვილი? მისი დრო წავიდა და მან ნამდვილად ვერ მოახერხა საკუთარი თავის რეაბილიტაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.

კითხვაზე, „რას იტყვით სააკაშვილის მომავალზე და როგორ დააბრუნებთ მას უკან?“, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ სააკაშვილის დრო წავიდა. მისივე თქმით, სააკაშვილთან მას არანაირი ურთიერთობა არ აქვს.

„რატომ უნდა დავაბრუნოთ? თუ შეიძლება, დაიტოვეთ ის აქ სადმე, ვისაც უნდა. არა, მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი აღარ დგას ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში. მისი დრო წავიდა და მან ნამდვილად ვერ მოახერხა საკუთარი თავის რეაბილიტაცია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა კითხვაზე, შეუქმნის თუ არა უხერხულობას ის, თუ მაგალითად, ათი წლის შემდეგ რეჟიმი შეიცვლება და ეცდებიან, ის სასამართლოს გადასცენ და რაიმე ქმედებაში დასდონ ბრალი.

“მე არ ვაკეთებ არაფერს ისეთს, რაც სააკაშვილმა გააკეთა. ასე რომ, მე საერთოდ არ მაქვს ასეთი სახის შიშები. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ, როდესაც ძალაუფლება გვაქვს და თუ ზღვარს გადავალთ, უნდა ვიცოდეთ, რა იქნება შედეგი. და ისევ, მე არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილი საქართველოსთვის პრობლემაა. და შესაძლოა, მას უკრაინა ელოდება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს იმაზეც, რას გეგმავს პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ჟურნალიტსმა შეახსენა მას, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სტუმრების მიღება airbnb-ს მეშვეობით დაიწყო.

„ალბათ, ისევ იმას გავაკეთებ, რაც სწორი იქნება. ეს ძალიან საინტერესო გამოცდილებაა, თუმცა მე არასოდეს ვყოფილვარ ბიზნესში, ამიტომ სასტუმროს (“airbnb”) ბიზნესი არ არის ჩემი მომავალი. თუმცა, ეს ძალიან დემოკრატიულია, რომ პრეზიდენტი ამჟამად იღებს სტუმრებს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ჟურნალისტის შემდგომ კითხვაზე, რომ შეიძლება, მესიჯი იყოს, რომ საქართველოში არ არის ასეთი დონის წარმომადგენლისთვის საპენსიო სისტემა, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ მისი აზრით, ეს შეიცვლება, თუმცა მსგავსი შეთავაზების გაკეთებას თავად არ გეგმავს.

„არ არსებობს. ეს არის პარლამენტისთვის და ეს არ არის პრეზიდენტისთვის. რატომ, მე არ ვიცი. ადრე, მათ შორის სააკაშვილის დროს, პრეზიდენტები ბევრ ფულს აკეთებდნენ და მათ არ სჭირდებოდათ პენსია. ვფიქრობ, რომ ეს შეიცვლება იმ ცვლილებებთან ერთად, რომლებიც ქვეყანაში ხდება. ყოფილი პრეზიდენტი კითხულობს ლექციებს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. ალბათ, უნდა იყოს პენსია, მაგრამ მე არ ვაპირებ ასეთი წინადადების შეთავაზებას, რადგან ყველა იფიქრებს, რომ ამას ჩემი თავისთვის ვაკეთებ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

უ შეიძლება, დაიტოვეთ ის აქ სადმე, ვისაც უნდა