ადა მარშანია: "10 პოლიტიკოსიდან 8 "შიზოფრენიკია" საქართველოში" - კვირის პალიტრა

ადა მარშანია: "10 პოლიტიკოსიდან 8 "შიზოფრენიკია" საქართველოში"

10 პოლიტიკოსიდან 8 "შიზოფრენიკია" საქართველოში - ჩვენ უნდა ველოდოთ როდის გადადგამს პუტინი პირველ ნაბიჯს? და რომ არ გადადგას, მერე რას ვშვებით?"- ასე ეხმაურება "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, ადა მარშანია, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, რუსეთთან დიალოგი დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო და ამ მიმართულებით, "მსოფლიოს არ უნდა დაველოდოთ".

"პირდაპირი დიალოგი რუსეთთან დიდი ხანია დასაწყებია. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვლის განცხადებას, ჩვენ უნდა ველოდოთ როდის გადადგამს პუტინი პირველ ნაბიჯს? და რომ არ გადადგას, მერე რას ვშვებით? ვტოვებთ უპატრონოდ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიას? ოკუპანტს არ უნდა ველაპარაკოთ? ვინ უნდა ელაპარაკოს ოკუპანტს, მსოფლიო? და ჩვენ რას ვშვებით? ჩვენ დავკარგეთ მიწა-წყალი, ჩვენ დავკარგეთ ორი რეგიონი, ჩვენ უფრო უნდა ვიყოთ აქტიურები და ჩვენ უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯი, იმ ხალხმა, ვინც ტერიტორიები დაკარგა.

საუბარი უნდა შედგეს იმაზე, რაც დავკარგეთ - სოხუმზე და ცხინვალზე.

ჩვენ როგორც კი ჩავდივართ მოსკოვში, პირველი სიტყვები, რასაც ვამბობთ, ეს არის რომ - ჩვენ ყოველთვის ჩავალთ მოსკოვში, სოხუმზე და ცხინვალზე სასაუბროდ, სოხუმის და ცხინვალის დასაბრუნებლად. საუბრით ბრუნდება ტერიტორიები პირველ რიგში, დიალოგის დაწყებით, სხვანაირად როგორ შეგვიძლია? გვაქვს ატომური ბომბი და ვესროლოთ რუსეთს? არ გვაქვს ბომბი, რომც გვქონდეს, ვერ ვესვრით რუსეთს ბომბს.

რატომ ხართ იმაში დარწმუნებული, რომ ჩვენი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების გამო მსოფლიო დაეტაკება რუსეთს. არ იზამს ამას, არ არის სულელი და გიჟი, როგორც ჩვენი ბევრი პოლიტიკოსი საქართველოში. მათ შიზოფრენიას მე ვუყურებ 30 წელია. 10 პოლიტიკოსიდან 8 "შიზოფრენიკია" საქართველოში.

სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას პუტინმა, რას ვშვებით ჩვენ იმ შემთხვევაში, თუ ეს ნაბიჯი პუტინმა არ გადადგა და როგორც ჩანს, მისი ქცევიდან, მათი განცხადებებიდან, არ აპირებს ამ პირველ ნაბიჯს. მიმაჩნია, რომ მიდგომა არასწორია. დიალოგი უნდა გავმართოთ, მაგრამ პირველი ნაბიჯი ჩვენ უნდა გადავდგათ, დაზარალებულმა ხალხმა, იმ ხალხმა, ვინც ტერიტორიები დაკარგა.

ჩვენ რუსეთთან თანხვედრი ინტერესები უნდა მოვძებნოთ. რუსეთი სახელმწიფოა, ჩვენ მოგვწონს თუ არა, მათ აქვთ თავისი ინტერესები, მუდმივი თუ ცვალებადი, მეზობელია რუსეთი, ამას ჩვენ ვერაფერს ვუშვებით.

მმართველ პარტიას შტამპები აქვს თავში, იმ შტამპებს ვერ სცილდება, ერთი შტამპი ნატო-ში შესვლა აქვთ და ამის მეტს ვერაფერს ხედავენ, რა მდგომარეობაა ჩვენს ირგვლივ. მეორე შტამპი აქვს, რომ ჰგონია, საერთაშორისო საზოგადოების მეშვეობით ეშველება ჩვენი ქვეყნის გამთლიანების საკითხს. საუბედუროდ, ცდებიან ამ ორივე საკითხში ჩვენი გამოჩენილი პოლიტიკოსები," - აღნიშნა ადა მარშანიამ.

იხილეთ ასევე: "პუტინს გავახსენებდი, რომ რუსეთმა ყველა პირობა და ხელშეკრულება დაარღვია" - რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი პუტინზე, სააკაშვილსა და მარგველაშვილზე?

"ინტერპრესნიუსი"