"ქართველების არგუმენტია, 2008 წელს რომ ჩვენი ქვეყნისთვის მაპ-ი მოგეცათ, თავიდან ავიცილებდით რუსეთის აგრესიასო, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, კრემლი მაინც იგივეს გააკეთებდა" - კვირის პალიტრა

"ქართველების არგუმენტია, 2008 წელს რომ ჩვენი ქვეყნისთვის მაპ-ი მოგეცათ, თავიდან ავიცილებდით რუსეთის აგრესიასო, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, კრემლი მაინც იგივეს გააკეთებდა"

ლიეტუვური გამოცემ «Delfi» (ლიეტუვა) აქვეყნებს ინტერვიუს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივან დევიდ ჰობსთან, რომელშიც  ის საუბრობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის როლსა და მნიშვნელობაზე რუსეთის მეზობელი სახელმწიფოებისათვის: რატომაა ნატოს ქოლგის ქვეშ ცხოვრება სასარგებლო, რატომ უბრუნდება რუსეთს ბუმერანგივით თავისი პროპაგანდა და როგორი დამოკიდებულება აქვს ნატოს საქართველოსა და უკრაინის მიმართ. დევიდ ჰობსს რუსი ჟურნალისტი კონსტანტინ ეგერტი ესაუბრება. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- როგორ ფიქრობთ - ნატოს ბუქარესტის სამიტზე, 2008 წელს, როცა უკრაინას და საქართველოს უარი ეთქვათ ალიანსში მიღების გეგმის ("მაპ"-ის) მიცემაზე, როცა ამთ რუსეთი წაახალისეს ამ ქვეყნების მიმართ ზეწოლასა და აგრესიულ ქმედებაზე, ნატოს მიერ შეცდომა იქნა დაშვებული?

- მე არ ვფიქრობ, რომ ეს შეცდომა იყო. უფრო ზუსტად, ეს იყო კომპრომისი. იმ მომენტში ორივე ქვეყანა - საქართველოც და უკრაინაც, ნატოში მისაღებად მზად არ იყვნენ. ეს ფაქტია. დღეს ქართველებს თავიანთი არგუმენტი აქვთ: აი, მაშინ რომ ჩვენი ქვეყნისთვის მაპ-ი მოგეცათ, ამით თავიდან ავიცილებდით რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ განხორციელებულ აქციასო. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ კრემლის იურისტები მშვენივრად გაიგებდნენ განსხვავებას ალიანსის სრულუფლებიან წევრობასა და მაპ-ის მიცემის კანდიდატურას შორის. დარწმუნებული ვარ, მოსკოვი იგივეს გააკეთებდა საქართველოსათვის მაპ-ის მიცემის შემდეგაც...

- რა პერსპექტივები აქვთ საქართველოს და უკრაინას დღეს? იმავე საქართველოში საზოგადოება ძველებურად მხარს უჭერს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის იდეას, ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების კონტროლი სამხედრო სტრუქტურების მიმართ, თვითონ ქართველი სამხედროები კი აქტიურად მონაწილეობენ ნატოს სხვადასდხვა ოპერაციებში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რა გამოდის - რუსეთს არაფორმალური ვეტოს უფლება აქვს ნატოს გადაწყვეტილებებზე თბილისისა და კიევის მიმართ? - დიახ, ჩვენ მოწმენი ვართ ძალიან გონივრული სტრატეგიისა მოსკოვის მხრიდან: ნატოში გაწევრიანების მსურველ სახელმწიფოს თავის საზღვრებისა და ტერიტორიების გამო მეზობლებთან კონფლიქტები არ უნდა ჰქონდეს. და როცა ასეთ კონფლიქტებს, ვთქვათ, თქვენ სპეციალურად ქმნით და მუდმივად ხელს უშლით ჭრილობების მოშუშებას, ამით თქვენ თითქოს ვეტოს უფლებას იღებთ რომელიმე ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საკითხში. 2008 წელს მე ვერ გავითვალისწინებდი იმას, რომ რუსეთი სამხედრო ძალას გამოიყენებდა და ალიანსის წევრებს დილემის წინაშე დააყენებდა. დღეს ბევრი ამბობს: "აი, ჩვენ ხომ გაფრთხილებდით!". კი, მაგრამ მე ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ მსგავსი პრობლემა, ნატოს წევრად მიღებასთან დაკავშირებით, დიპლომატიური გზებით შეიძლება მოგვარდეს. ნატოს გვერდით ცხოვრება ძალიან სასარგებლოა. მე ნატოს ყოველთვის ვადარებ ხოლმე კეთილ მეზობელს: მას ყოველთვის კარგ მდგომარეობაში აქვს მესერი, კრეჭს გაზონებს, ბალახს, რგავს ყვავილებს, იცავს გზაზე მოძრაობის წესებს და საღამოს 10 საათზე იძინებს. თუ ასეთი მეზობელი გეყოლებათ, თქვენც მშვიდად იძინებთ.

- მაგრამ ვლადიმირ პუტინი, როგორც ჩანს, სხვანაირად ფიქრობს. ეყოფა მოთმინება და ამტანობა დასავლურ საზოგადოებას და დასავლელ პოლიტიკოსებს კიდევ დიდხანს იცხოვრონ ამ უცნაურ დაპირისპირებაში - "მეორე ცივ ომში"? - ჩვენ ხომ მივეჩვიეთ წინა "ცივ ომში" ცხოვრებას და ძალიან გაგვიკვირდა მისი უეცრად დასრულება. მართალი გითხრათ, დღევანდელი ვითარება ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე მაინცდამაინც დიდ გავლენას არ ახდენს. დიახ, ეს ახალი სტატუს-კვოა და ალბათ, რაღაც ფასის გადახდა მოგვიწევს, მაგრამ ეს ფასი ბევრად მცირე იქნება იმასთან შედარებით, რაც ჩვენ წინა პერიოდში გადავიხადეთ.

მოამზადა სიმონ კილაძემ