"დამოუკიდებლობა მუდმივად დასაცავი მონაპოვარია. საბჭოური აზროვნების ნაშთები დღესაც გვაბრკოლებს" - კვირის პალიტრა

"დამოუკიდებლობა მუდმივად დასაცავი მონაპოვარია. საბჭოური აზროვნების ნაშთები დღესაც გვაბრკოლებს"

ბრძოლის გარეშე, იმ ადამიანების გარეშე, ვინც საბჭოთა ოკუპაციის პირობებში იბრძოდა თავისუფლებისთვის, საქართველო ვერ დაიბრუნებდა წართმეულ დამოუკიდებლობას 1991 წელს,-ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე საქართველო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილებს და მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„მოგესალმებით! მოგესალმებით ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებო, განსაკუთრებით თქვენ, ვინც დღეს დადეთ ფიცი სამშობლოს წინაშე. მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მთავრობისა და პარლამენტის წევრებო. მოგესალმებით თქვენო უწმინდესობავ, მოგესალმებით პატივცემულო სტუმრებო, პატივცემულო საზოგადოებავ, მოგესალმებით ჩემო აქ და საზღვარგარეთ მცხოვრებო თანამემამულენო. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

გასულ წელს ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავი აღვნიშნეთ, რამაც მოგვცა საშუალება გაგვეზიარებინა იმ გზის მნიშვნელობა, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ დღემდე გაიარა. ეს არის გზა საქართველოს დაპრყობიდან მის გათავისუფლებამდე. ეს არის გზა სახელმწიფოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებისა. გასულ წელს ჩვენ გავიხსენეთ ისინი, ვინც წინ უძღოდნენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და საფუძველი ჩაუყარეს 1918 წელს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებას.

დღეს მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა, 31 მარტს ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავი აღვნიშნეთ, მათი ბრძოლის გარეშე, იმ ადამიანების გარეშე, ვინც საბჭოთა ოკუპაციის პირობებში იბრძოდა თავისუფლებისთვის საქართველო ვერ დაიბრუნებდა წართმეულ დამოუკიდებლობას 1991 წელს“,-მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს.

დამოუკიდებლობა მუდმივად დასაცავი მონაპოვარია. საბჭოური აზროვნების ნაშთები დღესაც გვაბრკოლებს, უკან გვწევს და ხელს უშლის ჩვენს თავისუფალ, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიღძვნილ საზეიმო ღონისძიება სიტყვთ გამოსვლისას განაცხადა.

"დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მთელი ისტორია გვახსენებს, რომ იგი მუდმივად დასაცავი მონაპოვარია. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვაშენოთ, გავაძლიეროთ, დავიცვათ ის მთავარი საყრდენები, რაზეც სახელმწიფოებრიობა დგას. მისი განმტკიცებისთვის დღევანდელი გამოწვევების ფონზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების გაძლიერება, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება და მომავალზე სწორება. ჩვენს საზოგადოებას დიდი დაღი დაასვა ტოტალიტარიზმმა, მისგან საბოლოოდ, ყოველმხრივ გათავისუფლება არის ერთ-ერთი რთული გამოწვევა, ბევრად უფრო რთული, ვიდრე დამოუკიდებლობის პირველ წლებში წარმოგვედგინა. საბჭოური აზროვნების ნაშთები დღესაც გვაბრკოლებს, უკან გვწევს და ხელს უშლის ჩვენს თავისუფალ, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. განსხვავებული აზრის მიუღებლობა, შიდა მტრის მუდმივი ძებნა, შეთქმულების თეორიების შეთხზვა და გავრცელება საბჭოური აზროვნების მაგალითებია",- აღნიშნა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"