მამუკა ბახტაძე აფხაზებსა და ოსებს მიმართავს - კვირის პალიტრა

მამუკა ბახტაძე აფხაზებსა და ოსებს მიმართავს

ამ საზეიმო დღეს მსურს, ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს მივმართო და მათ ჩვენი საერთო სამშობლოს დამოუკიდებლობის დღე მივულოცო - ეს არის დღე, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენი წინაპრები მხარდამხარ იბრძოდნენ ჩვენი საერთო სამშობლოს მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. მინდა გითხრათ, რომ თითოეული თქვენგანის ტკივილი საქართველოს ტკივილია და საქართველოს თითოეული წარმატება კი თქვენი წარმატებაა! ჩვენ საქართველოს მომავალი მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია.

საქართველოს თითოეულ მოქალაქეში ცოცხლობს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ამავე დროს, საქართველოს თითოეული მოქალაქე ქმნის ჩვენი სამშობლოს მომავალს!

მხოლოდ განვითარებით და მშვიდობით, მუხლჩაუხრელი შრომით და ერთსულოვნებით, სამშობლოს სიყვარულით და ჩვენი ეროვნული იდეით - განათლებით, ჩვენ დავძლევთ სიღარიბეს! ჩვენ დავძლევთ ოკუპაციას და შევქმნით ერთიან და ძლიერ სახელმწიფოს!“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბახტაძემ ასევე საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა, რომ აუცილებლად დადგება დღე, როდესაც მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ აღმოაჩენს ყველაზე განათლებულ, ერთ მუშტად შეკრულ, მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ საქართველოს.

“კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე ჩვენია! დიდება გმირებს! ღმერთმა დალოცოს საქართველო!“, - განაცხადა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას.

"ინტერპრესნიუსი"