"სტრატეგიული პარტნიორობა ვასალობას არ ნიშნავს!" - კვირის პალიტრა

"სტრატეგიული პარტნიორობა ვასალობას არ ნიშნავს!"

"ოპოზიციას საარჩევნო ურნასთან ვერ მიჰყავს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი და როგორ წარმოგიდგენიათ, მან ხალხი ქუჩაში გაიყვანოს?"

19 მაისის შუალედურ არჩევნებამდე არაერთხელ მოვისმინეთ, რომ ეს არჩევნები იქნებოდა ერთგვარი რეპეტიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. შედეგად ვნახეთ, რომ მთაწმინდის ოლქის გარდა, სადაც მეორე ტური უნდა გაიმართოს, მმართველმა ძალამ პირველივე ტურში ყველა მუნიციპალიტეტში პირწმინდად მოიგო, მათ შორის ზუგდიდში მერობისთვის ბრძოლაც. მოგეხსენებათ, სწორედ ზუგდიდი გახლდათ ცხელი წერტილი წინასაარჩევნოდაც და არჩევნების დღესაც. იქ კენჭს გაერთიანებული ოპოზიციის წარდგენით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი იყრიდა. როგორ შეიძლება შეფასდეს მიღებული შედეგები მომავალი საპარლამენტო არჩევნების პერსპექტივაში და რამდენად სწორად აანალიზებს და აფასებს ამ შედეგებს ოპოზიცია? - ამ შეკითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძესთან:

ხათუნა ლაგაზიძე

- თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილით დავიწყებ, რადგან ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად სწორედ ეს მიმაჩნია, რადგან მეორე ტურია გასამართი მთაწმინდაზე, სადაც ვხედავთ, რომ არა და ვერ ხერხდება ოპოზიციის გაერთიანება შალვა შავგულიძის კანდიდატურის ირგვლივ. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, რომ რამდენიმე დღის წინანდელი მარცხისგანაც ოპოზიციამ ვერაფერი ისწავლა. შეიძლება უფრო ცუდადაც არის საქმე და სწავლის სურვილი არც აქვს.

თუ რატომ არ უჭერენ მხარს შავგულიძეს, ყველას თავისი არგუმენტი აქვს, მაგრამ აქ პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მთაწმინდის არჩევნები შეიძლება მართლაც გამხდარიყო ტესტი და რეპეტიცია 2020 წლისთვის, ანუ იმის მაჩვენებელი, რამდენად შეძლებს ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებას და თითო მაჟორიტარულ ოლქში ერთი შეთანხმებული კანდიდატის წარდგენას, რის შედეგადაც ოპოზიციური ხმები არ დაიქსაქსება, შედეგად კი ბევრ ოლქში შესაძლებელი გახდება ხელისუფლების დამარცხება. ეს იდეა ამ ცოტა ხნის წინ დავით უსუფაშვილმა და კახა კუკავამაც წამოაყენეს იმ შემთხვევისთვის, თუ ხელისუფლება სრულად პროპორციულ არჩევნებს არ დათანხმდება.

თუმცა ის არგუმენტები, რომლებსაც დღეს ვისმენთ მთაწმინდის არჩევნებისას, დიდი ალბათობით, იმუშავებს 2020 წელსაც, არადა, თუ "ქართული ოცნების" დამარცხება უნდათ, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, გარდა ერთიანი ოპოზიციური კანდიდატებისა მაჟორიტარულ ოლქებში.

ამას ადასტურებს სწორედ 19 მაისის არჩევნები, როდესაც მთაწმინდის გარდა, ვერსად ვერ მოხერხდა ოპოზიციური კანდიდატის მეორე ტურში გაყვანა. ამიტომაც ამ შუალედურ არჩევნებს დავარქმევდი ოპოზიციის მიმართ უნდობლობისა და პროტესტის არჩევნებს.

საქმე ის არის, რომ მიუხედავად "ქართული ოცნებისადმი" უარყოფითად განწყობილი ელექტორატისა, მისი საარჩევნო უბნებამდე მიყვანა ვერ მოახერხა ყველა ოპოზიციურმა კანდიდატმა ერთად, რაც ძალიან მძიმე შედეგია ოპოზიციისთვის და სასიხარულოა ხელისუფლებისთვის.

რატომ არ მივიდა არჩევნებზე ამომრჩეველი? იმიტომ, რომ ბრიყვი არ არის და ხვდება, რომ მისი ძალისხმევა ფუჭად დაიკარგებოდა, რადგან ვერც ერთ ოპოზიციურ კანდიდატში გამარჯვების რესურსი ვერ დაინახა. ოპოზიციურმა ძალებმა კი ვერ მოახერხეს იმის ახსნა, რომ არჩევნებზე წასვლა იმისთვის იყო საჭირო, რაც შეიძლება მეტ ოლქში მეორე ტურში გადაეყვანათ ხელისუფლება.

ფაქტია, რომ ოპოზიციას საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს. შედეგად, ერთი მხრივ, საზოგადოებას არ სჯერა ოპოზიციის უნარიანობის, გამარჯვების, მეორე მხრივ კი ოპოზიცია ვერ ახერხებს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დაინტერესებას და საარჩევნო უბანზე მიყვანას.

19 მაისის არჩევნები იყო ძალიან მტკივნეული სილა ოპოზიციისთვის, მაგრამ სილაგალაწუნებულიც ვერ ხვდება, რა გზას უნდა დაადგეს და მთაწმინდაზე ერთიანი კანდიდატის მხარდაჭერაზე უარს ამბობს.

სავარაუდოდ, იმავე სურათს მივიღებთ 2020 წლის არჩევნებზეც, ანუ იქნება საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარობის ბევრი ოპოზიციური კანდიდატი, რომელთა შორის ამომრჩეველი კვლავ დაიქსაქსება და ასე ცალ-ცალკე, ბრინჯივით დაბნეული ოპოზიციის რესურსი ძალიან მცირეა იმისთვის, რომ ქვეყნის სათავეში მყოფი "ქართული ოცნება" შეიცვალოს.

ამის მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ კიდევ ერთი რამ - ოპოზიციის ნაწილი, ისევე როგორც 2016 წელს, ახლაც ბოლო მომენტამდე იქნება იმის იმედად, რომ ბიძინა ივანიშვილი დაუძახებს და მომავალი საპარლამენტო კოალიციის წევრობას უბოძებს. ზუსტად ასევე ელოდნენ მის კეთილ ნებას "თავისუფალი დემოკრატები", რესპუბლიკელები თუ "ეროვნული ფორუმი" 2016 წლის არჩევნების წინ, იმედოვნებდნენ, რომ მიუხედავად კოალიციის დაშლისა, ივანიშვილი მათ მაინც მოიაზრებდა პარტნიორებად, რითაც მხოლოდ დრო დაკარგეს. როცა მიხვდნენ, რომ დამოუკიდებლად უნდა ებრძოლათ, უკვე გვიანი იყო. დღესაც ამ ფუჭ იმედად არის ბევრი, ხელისუფლებას კი აწყობს მაქსიმალურად დაქსაქსული ოპოზიციური სპექტრი.

- როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას" დაქსაქსულ ოპოზიციურ სპექტრთან ერთად, აწყობს მთავარ ოპოზიციურ ძალად კვლავ "ნაციონალური მოძრაობა" და განსაკუთრებით, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ყოველი არჩევნების წინ შემოაქვს უკიდურესი რადიკალიზმი და პროცესების რევოლუციური განვითარების გზავნილები, რასაც აშკარაა, არ იზიარებს ქართველი ამომრჩეველი. შედეგად ვიღებთ სურათს, რომ ისიც კი, ვისაც "ქართული ოცნება" დიდად გულზე არ ეხატება, კვლავ მას უჭერს მხარს, უფრო სწორად, ისევ სააკაშვილის წინააღმდეგ აძლევს ხმას. - უკვე ვახსენე, რომ ოპოზიციას საარჩევნო ურნასთან ვერ მიჰყავს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი და როგორ წარმოგიდგენიათ, მან ხალხი ქუჩაში გაიყვანოს? გვახსოვს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" როგორ დააპირა ხალხის ქუჩაში გაყვანა სარალიძე-მაჩალიკაშვილის აქციებისას, მაგრამ როგორც კი ის გამოჩნდა პროტესტის სათავეში, აქცია შეწყდა. მეტიც, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თითქმის 800 000 ხმა მიიღეს და დააანონსეს ფართომასშტაბიანი მიტინგები და წინააღმდეგობის მოძრაობა, 800 კაციც ვერ გამოიყვანეს. რა განსაზღვრავს ხალხის ასეთ განწყობას, ეს ცალკე კვლევის საგანია, მაგრამ ეს არის რეალობა, რომლის გათვალისწინებაც ოპოზიციურ სპექტრს მართებს. სხვათა შორის, ხელისუფლება ამის იმედადაც არის, რადგან მისთვის პრინციპული საფრთხე საზოგადოებაში საპროტესტო განწყობის ზრდა კი არ არის, არამედ ამ ოპოზიციური განწყობის ქუჩაში გადატანა.

სანამ ეს პროტესტი სამზარეულოებსა და სოციალურ ქსელებშია, ფიქრობენ, რომ მათ ხელისუფლებაში ყოფნას არაფერი ემუქრება, რადგან ხედავენ იმასაც, რომ დაქსაქსული ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება არ ხერხდება.

მეორე მხრივ, საზოგადოების იმ მცირე ნაწილის იმედგაცრუებას იწვევს სააკაშვილის ტაქტიკაც, რომელიც მზად არის ქუჩაში საპროტესტოდ გასასვლელად. დაანონსდება "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვება, აქციები, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა და ა.შ., საბოლოოდ კი არც გამარჯვებაა, არც აქციები და ისიც არსად ჩანს. ეს ყველაფერი დიდ ნიჰილიზმს ბადებს ამომრჩეველში. მით უფრო ის, რასაც დღეს ვისმენთ, რომ თურმე არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა არ შეიძლება. ეს განცხადებები პირდაპირ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს 2020 წლის არჩევნებისთვის.

რაც უფრო გააღრმავებენ ამ განწყობას სააკაშვილი და მისი მომხრეები, მართლაც არაფერი შეიცვლება, რადგან ხალხი არ მივა არჩევნებზე. თუ მოქალაქეს უმტკიცებ, რომ მისი ხმა ვერაფერს შეცვლის, ბუნებრივია, იფიქრებს, დრო რატომ უნდა დავკარგო არჩევნებზე წასასვლელადო...

"არჩევნებით არაფერი შეიცვლება" - აი, ეს არის დამანგრეველი ფრაზა!

- ამას ხვდებიან "ნაციონალურ მოძრაობაშიც". ჩვენ მოვისმინეთ ნიკა მელიას მწვავე შეფასებები 19 მაისის საღამოსვე - ის, ფაქტობრივად, დაუპირისპირდა მიხეილ სააკაშვილს... როგორ ფიქრობთ, რა პროცესები შეიძლება განვითარდეს ამ პარტიაში? - რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" მომავალს, ვითარება ასეთია: ერთი მხრივ, სააკაშვილი არის ამ პარტიის მასაზრდოებელი და მის გარეშე პარტიის დღევანდელი შემადგენლობა "ევროპული საქართველოს" რეიტინგზე დავიდოდა, თუმცა სააკაშვილთან ერთად, ის ხელისუფლების შეცვლის გზაზე მთავარი ბარიერი და "ქართული ოცნების" შენარჩუნების გარანტია. მოკლედ, საოცარი დილემაა.

ის წინააღმდეგობები, რომლებიც ჩანს "ნაციონალურ მოძრაობაში", რამდენად გააჩენს ბზარებს და კიდევ მეტად დაშლის ამ პარტიას, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. ყოველ შემთხვევაში, საფუძველი იმისა, რომ ამ პარტიის ბაზაზე კიდევ ვიხილოთ პარტიული წარმონაქმნები, არსებობს.

- საინტერესოა, როგორ აფასებთ "ქართულ ოცნებაში" შექმნილ ვითარებას? ახლახან გამოქვეყნდა ენ-დი-აის მორიგი კვლევა, რომლის მიხედვითაც, კითხვაზე, "რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?" - 37% ამბობს, რომ არც ერთი პარტია, მმართველ გუნდს კი, "ქართულ ოცნებას", პირველ არჩევნად მოსახლეობის მხოლოდ 21% ასახელებს. - დავიწყოთ იმით, რომ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც არც ერთი პარტია არ მოსწონთ, ძალიან დიდია. ამას თუ დავუმატებთ იმათ პროცენტებს, ვინც უარი თქვა კითხვაზე პასუხის გაცემაზე ან საერთოდ არ აპირებს არჩევნებზე წასვლას, გამოდის, ამომრჩევლის თითქმის 50% სრულ უნდობლობას უცხადებს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც და ელის რაღაცას ახალს - შიოლას, ფეოლას თუ კიდევ ვიღაცას...

ამასთანავე, მმართველი პარტიის რეიტინგი კვლევის მიხედვით 21%-ია, თუმცა მის გამოქვეყნებამდე ორიოდე დღით ადრე "ქართულმა ოცნებამ" დიდი წარმატებით გაართვა თავი შუალედურ არჩევნებს და 50%-იანი ბარიერი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში უპრობლემოდ გადალახა. ბუნებრივია, ისმის კითხვა, რით აიხსნება ეს აცდენა და სხვაობა?

არადა, არაფერია გასაკვირი. საქმე ის არის, რომ ამ კვლევამ ცხადი გახადა საზოგადოების განწყობა არასაარჩევნო პერიოდში - ამ 21%-ს შეადგენენ "ქართული ოცნების" რეალური მხარდამჭერები თავიანთი ადმინისტრაციული რესურსით. მაშ, როგორ გადაიქცევა ეს 21% არჩევნებზე 50 და მეტ პროცენტად? სრულიად მარტივად - მიშას ჯადოსნური ჯოხით.

როგორც თქვენც თქვით, ის 2012 წლის შემდეგ, ყველა არჩევნების წინ, იჭერს ჯადოსნურ ჯოხს და დიდი გულმოდგინებით მიერეკება ჩვენი საზოგადოების ნაწილს "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად. ეს ხალხი "ქართული ოცნების" ამომრჩეველი არ არის, ისინი ე.წ. ანტიმიშა ამომრჩევლები არიან, რომლებსაც მიშას დაბრუნების შესაძლებლობა შიშის ზარს სცემთ.

სხვათა შორის, "ევროპულ საქართველოს" "ნაციონალებისგან" არსებითად ესეც განასხვავებს - ისინი ამბობენ, რომ არ იქნება შურისძიება, რევანში, დაჭერები, სააკაშვილის მომხრეების ნაწილი კი დღესაც მთელ ქვეყანას ანათემას გადასცემს - მათგან ისეთი მუქარა გვესმის, სისხლი გაგეყინება ადამიანს. საზოგადოების ნაწილი კი იმის შიშით, რომ არ გახდეს ამ რევანშისა და შურისძიების მსხვერპლი, მიდის და აძლევს ხმას თავის გადარჩენას. ამ შემთხვევაში მათი გადარჩენის ბერკეტი ხელთ აქვს "ქართულ ოცნებას", როგორც ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" შეკავება შეუძლია. აქედან გამომდინარე,

ჩემთვის ცოტა გაუგებარია ენ-დი-აის კვლევის ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილს აქვს მიხეილ სააკაშვილზე დიდი უარყოფითი რეიტინგი, როდესაც რეალურად ვხედავთ, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ამომრჩეველი როგორ აძლევს ხმას "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს. აქ ლოგიკა არ ჩანს.

კიდევ ერთი, რაც ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, არის ის ფსიქოლოგიური უპირატესობა, რომელიც 19 მაისს მოიპოვეს. ეს მნიშვნელოვანი იყო ორი ფაქტორის გამო: პირველი - ოპოზიციური ელექტორატისთვის ეჩვენებინათ, თქვენს არჩევნებზე მოსვლას აზრი არა აქვს, რადგან მაინც ჩვენ გავიმარჯვებთო; მეორე - გამარჯვება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს სჭირდებოდა "ქართული ოცნების" შესაკრავად.

მოგეხსენებათ, ბოლო დროს თითქმის "ყველა მოსახვევში" "ქართულ ოცნებას" ვიღაც ტოვებდა, ამ გამარჯვებით კი აჩვენეს, მომავალი ხელისუფლება ისევ ჩვენ ვართ და თქვენს გაქცევ-გამოქცევას არანაირი პერსპექტივა არა აქვსო! ამიტომაც მგონია, "ოცნება" ყველაფერს გააკეთებს, რომ მთაწმინდის არჩევნებიც მოიგოს.

ვიმეორებ - მთაწმინდის ოლქში გამარჯვება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ოპოზიციისთვის, რათა დაანახოს ამომრჩეველს, რომ ოპოზიციას ერთ კანდიდატზე შეჯერების შემთხვევაში შეუძლია მთაწმინდაზეც და სხვა მაჟორიტარულ ოლქებშიც დაამარცხოს ხელისუფლება. თუ ეს რწმენა გაჩნდა ხალხში, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი 2020 წელს ამ ხალხის არჩევნებზე მისაყვანად.

მესამე ფაქტორი, რომელიც ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, არის ის, რომ თუ ენ-დი-აის კვლევას ვენდობით, სწორედ "ოცნებას" ჰყავს დღეს ყველაზე რეიტინგული ფიგურა - კახა კალაძე. იმავდროულად, ზუგდიდში ჩვენ ვიხილეთ გახარია-სააკაშვილის შერკინება, რომლის პირველივე ტურში გახარიამ სააკაშვილი დაამარცხა. ვერ ვიტყვით, რომ იქ კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" იყრიდა კენჭს, იქ ირიბად სწორედ მიხეილ სააკაშვილი იყრიდა კენჭს. სწორედ ამ გავლენიანი ადამიანების გარშემო ჩამოყალიბდება "ქართული ოცნების" საპარლამენტო სია, პლუს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღეს ლაპარაკობენ ხელისუფლების დარღვევებზე: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, გაყალბებასა და ძალადობაზე, მაგრამ ეს არ არის ოპოზიციის მარცხის გამამართლებელი - საქართველოში ყველა ხელისუფლება ცდილობდა და ცდილობს გამოიყენოს ხელთ არსებული კანონიერი თუ უკანონო ბერკეტები. ჯერ სააკაშვილმა შეძლო შევარდნაძის დამარცხება, შემდეგ კი ივანიშვილმა უპრეცედენტო ზეწოლისა და ტერორის გარემოში დაამარცხა თვითონ სააკაშვილი, რადგან ჰქონდა გამარჯვებისთვის გეგმა და მისი ხორცშესხმის სტრატეგია და ტაქტიკა. დღევანდელ ოპოზიციას სწორედ ეს აკლია. ამიტომ თავის თავში უნდა ჩაიხედოს, გააანალიზოს ბევრი რამ, სხვისკენ ხელის გაშვერის ნაცვლად.

რაში მდგომარეობს მისი გამარჯვების გეგმა და ტაქტიკა, არ ვიცი, თუმცა ერთი რამ ვიცი ზუსტად - რაც მეტად დაიქსაქსება ოპოზიციური სპექტრი, მით გაიზრდება "ქართული ოცნების" გამარჯვების შანსი 2020 წელს. შედეგად, ის შესაძლოა იყოს პირველი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩება.

არადა, პრობლემა იმდენია, ეს ხელისუფლება საერთოდ რომ დგას და არ ყანყალებს, მიკვირს.

ავიღოთ თუნდაც დავითგარეჯის თემა, ლარის ვარდნა... მოკლედ, ხელისუფლება ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს, თუმცა მაინც ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას დეზორიენტირებული ოპოზიციის ხარჯზე.

- ბოლო დღეებში კვლავ გამწვავდა დავითგარეჯის საკითხი. მაშინ, როდესაც დავითგარეჯის სადავო ტერიტორიის საკითხზე ქართული და აზერბაიჯანული მხარეები ბაქოში შეხვედრებს მართავდნენ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანული მხრიდან ერთ-ერთ სადავო მონასტერთან გზის გაყვანა დაიწყო. ბოლო ინფორმაციით, მუშაობა შეჩერებულია. მოგეხსენებათ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხზე სამთავრობო კომისია 1996 წლიდან მუშაობს. ამ დროისთვის ტერიტორიის 30% კვლავ დასაზუსტებელია, მათ შორის, განსაკუთრებული დავის საგანი ის ტერიტორიაა, სადაც სამონასტრო კომპლექსია. როგორ ფიქრობთ, ამ ხნის განმავლობაში რატომ ვერ მოხერხდა შეთანხმება და საზღვრის დაზუსტება? ვითარების ესკალაციაში მიზანმიმართული ქმედებებიც და მესამე ძალის ინტერესებიც ხომ არ უნდა ვეძიოთ? - გარე ძალები ყოველთვის ეცდებიან გამოიყენონ ყველა სიტუაცია, რომელიც საქართველოს ჩოქბჯენში ჩააყენებს შიდა თუ გარე გამოწვევების წინაშე. მაგრამ დავითგარეჯის გარშემო არსებული ვითარება სწორედ ის სიტუაციაა, როცა არა გვაქვს პასუხი კითხვაზე: სად გადის ზღვარი საქართველოს ხელისუფლებების სიფრთხილეს, სიხარბესა და სიბრიყვეს შორის? ეს ყველა ხელისუფლებას ეხება, მარტო დღევანდელს ხელს ვერ შევახოცავთ. ძნელია ამ უმნიშვნელოვანეს თემაზე მხოლოდ მოკლე კომენტარი. ამიტომ მხოლოდ ამას ვიტყვი: 1. სტრატეგიული პარტნიორობა არ ნიშნავს ვასალობას; 2. ქვეყნის უსაფრთხოება არ შედგება მხოლოდ ენერგეტიკული უსაფრთხოებისგან და ქვეყნის ტერიტორიების შენარჩუნება მუცლის ამოყორვაზე დიდი ღირებულებაა; 3. იმავდროულად, ემოციებს აყოლამ და ურაპატრიოტიზმმა ქვეყნის 25% ოკუპირებულად აქცია; 4. გვახსოვდეს, რომ მრავალეთნიკური და რელიგიური ქვეყანა ვართ, და 5. ისიც გვახსოვდეს, რომ გვყავს ჩვენზეც და აზერბაიჯანზეც ძლიერი მეგობარი, რომელსაც შეიძლება ვთხოვოთ მედიატორობა. გამოსავალი არც ტერიტორიების დათმობაშია და არც აზერბაიჯანთან კონფლიქტში. ჭეშმარიტება სადღაც შუაშია და უნდა გვეყოს გონიერება ოქროს შუალედის მისაგნებად.