"როგორ შეიძლება ასე გექცეოდეს მეზობელი, რომელიც, ფაქტობრივად, შენზეა დამოკიდებული?!" - დემარში ბულდოზერებით
"როგორ შეიძლება ასე გექცეოდეს მეზობელი, რომელიც, ფაქტობრივად, შენზეა დამოკიდებული?!" - დემარში ბულდოზერებით
დილის ლოცვას რომ მოვრჩით, მორჩილს ვთხოვე, რამდენიმე დღეა, უდაბნოში აღარ გაგვიხედავს, ნახე, რა ხდება-მეთქი. გულგახეთქილმა დამირეკა, აზერბაიჯანელები ბულდოზერებით მოიწევენ ჩიჩხიტურისკენ და უდაბნოს მონასტრის კედლებს ზანზარი გააქვსო. დაახლოებით სამი დღის დაწყებული ჰქონდათ მუშაობა, გზა კარგა მანძილზე გაეჭრათ

მეზობელმა აზერბაიჯანმა დაპირება არ შეასრულა - ჩიჩხიტურის მონასტერთან აზერბაიჯანის მხრიდან სამანქანო გზის გაყვანა თითქმის დასრულებულია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულის წინ გარეჯაში საზღვრის სადავო ნაწილის შესახებ საიმედო სამთავრობო განცხადებები გაკეთდა, რეალობა უცვლელია. ქართულ
მონასტრებს უკვე არა მხოლოდ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აკონტროლებენ, იქ, სადაც ჯერ საზღვრის საკითხი არ გარკვეულა, აზერბაიჯანულნომრიანი ბულდოზერებით მოიწევენ. აზერბაიჯანულ მედიაში განსაკუთრებით აქტიურად ფიქსირდება არა მხოლოდ ისტორიკოსების, პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების, არამედ საზოგადოების აზრიც, რომ გარეჯის მონასტრები ქართული კულტურის ისტორიული მემკვიდრეობა არ არის და აზერბაიჯანმა სამართლიანობა უნდა აღადგინოს.
მაგრამ გარეჯელ ბერებსა და საზოგადოების დიდ ნაწილს აზერბაიჯანელების აზრზე მეტად საქართველოს ხელისუფლების დუმილი აღელვებთ.

არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი):
- მაისის შუა რიცხვებში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვთხოვეს, სახალხო გამოსვლებისა და ნებისმიერი საზოგადოებრივი აქტივობისგან თავი შეგვეკავებინა, დროშებს ნუ აფრიალებენ, ცოცხალ ჯაჭვებს ნუ შეკრავენ, რადგან ბაქოში რომ ჩავდივართ, აქაური პროტესტი მეორე მხარეს ვაჭრობის სურვილს უასკეცებსო. მიუხედავად იმისა, რომ აქ, ეკლესიის მრევლის გარდა, უამრავი საზოგადოებრივი ჯგუფის და მოძრაობის წარმომადგენლები მოდიოდნენ, ხელისუფლების თხოვნის შესაბამისად დავარეგულირეთ პროცესი. სიმშვიდე 23 მაისამდე გაგრძელდა. იმ დღეს, დილის ლოცვას რომ მოვრჩით, მორჩილს ვთხოვე, რამდენიმე დღეა, უდაბნოში აღარ გაგვიხედავს, ნახე, რა ხდება-მეთქი. გულგახეთქილმა დამირეკა, აზერბაიჯანელები ბულდოზერებით მოიწევენ ჩიჩხიტურისკენ და უდაბნოს მონასტრის კედლებს ზანზარი გააქვსო. დაახლოებით სამი დღის დაწყებული ჰქონდათ მუშაობა, გზა კარგა მანძილზე გაეჭრათ. ჩვენს მესაზღვრეებს ვკითხე, ეს როგორ არ გაგვაგებინეთ-მეთქი და ჯერ თავები ჩაღუნეს, მერე კი თქვეს, არაფერი გაგვიგიაო, არადა, მათ საგუშაგო პოსტებთან ისმოდა ტექნიკის ხმები!

- თუ მესაზღვრეებმა იცოდნენ ეს ამბავი, საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანსაც მანამდე უნდა სცოდნოდა, სანამ მედია გაავრცელებდა ინფორმაციას, არა?
- ცხადია, ამიტომაც მისი განცხადება, თითქოს გარეჯაში აზერბაიჯანელების ბულდოზერებით შემოჭრის ამბავი მედიით გაიგო, ალოგიკურია. მედიით რომ გაეგო, ეს უნდა ეთქვა? მან, ფაქტობრივად, სამთავრობო სტრუქტურების კომპეტენცია ეჭვქვეშ დააყენა. კიდევ ერთი აბსურდი თქვა, უნდა გაირკვეს, ბულდოზერები აზერბაიჯანელების კონტროლირებად მხარეს არიან თუ ჩვენს ნაწილში შემოვიდნენო. აქ არის სასაზღვრო ზონა, ბუფერული ნაწილი და სანამ საზღვრის საკითხი არ დაკონკრეტდება, არანაირი აზერბაიჯანის კონტროლირებადი ნაწილი არ არსებობს იმ გზაზე, სადაც ბულდოზერები მუშაობენ. ან აზერბაიჯანის კონტროლირებადიც რომ იყოს, ხმა არ უნდა ამოვიღოთ, როცა ჩვენი კულტურის ძეგლს ანგრევენ? გამოდის, ისტორიულ ჰერეთში ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის ადგილსამყოფელ გორაკს რომ თხრა დაუწყონ, უნდა გავყუჩდეთ, რადგან ტერიტორია აზერბაიჯანს ეკუთვნის?

მაშინ თურქებს რატომ მოვთხოვეთ ტაო-კლარჯეთის ისტორიულ ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების აღდგენა და მოვლა-პატრონობა?
როგორ ფიქრობთ, აზერბაიჯანის ქმედება რაიმეთი განსხვავდება იმისგან, რაც რუსმა აფხაზეთში ბედიასა და ილორის წმინდა გიორგის ეკლესიას დამართა? ზეგ სხვა ტერიტორიებზე კიდევ უარესს რომ მივიღებთ, ვერ ვხვდებით? ხელისუფლებას თუ არ შეუძლია, საერთაშორისო ძეგლთა დამცველი ორგანიზაციები ჩართოს საქმეში, გაეროს სთხოვოს დახმარება, ჩვენც და აზერბაიჯანიც ხომ ორივე ამ ორგანიზაციის დეკლარირებული წევრი ვართ. ორ მეზობელ და თან მეგობარ ქვეყანას შორის საერთაშორისო კონვენციები არ ირღვევა? რატომ არ იყენებს ხელისუფლება შიდა თუ საგარეო ბერკეტებს?
ასეთი ინერტულობა, მეორე მხარის გაუგებარი მაამებლობა მაეჭვებს, რომ სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა კერძო ბიზნესინტერესები დგას.

სხვანაირად როგორ შეიძლება ასე გექცეოდეს მეზობელი, რომელიც, ფაქტობრივად, შენზეა დამოკიდებული გზით, ზღვითა და კიდევ ბევრი რამით. საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ხალხსა და ქვეყანას უწყობს პროვოკაციას, რადგან თუ ხელისუფლება არ მოქმედებს, არ იყენებს ლეგიტიმურ უფლებებს, მოქმედებს ხალხი, იწყება სამოქალაქო მღელვარება და შეიძლება უმართავი პროცესები დაიწყოს, რაც არ აწყობს არა მხოლოდ საქართველოს, მთლია­ნად კავკასიას.

საკმარისია აზერბაიჯანელ მესაზღვრეს ან ეთნიკურად აზერბაიჯანელს ვინმემ (ცოტა არა გვყავს პროვოკატორი) რამე აკადროს, კავკასია წააგებს. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულის გამოცდა გარეჯაზეა და არა თავისუფლების მოედანზე გამართულ ტაშ-ფანდურზე. რას ვდღესასწაულობთ? წაღებულია ცხინვალი, აფხაზეთი, გარეჯას აზერბაიჯანი გვართმევს. 50 წელიწადში მხოლოდ თბილისი დაგვრჩება.

ლადო მირიანაშვილი, ისტორიკოსი:
- აზერბაიჯანულ მედიაში წარმოუდგენელ რამეებს წერენ. ვცდილობ შედარებით რბილი ტექსტები გავასაჯაროო. 17 მაისს მილი-მეჯლისის პლენარულ სხდომაზე აზერბაიჯანელმა დეპუტატებმა დავითგარეჯის საკითხი განიხილეს. დეპუტატმა განირა ფაშაევამ აღნიშნა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობა კი არის მგრძნობიარე თემა, მაგრამ "ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა უფრო ღირებულია. ეს ძეგლი ყოველთვის აზერბაიჯანის მფლობელობაში იყო და ის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს. ჩვენი მოქალაქეები მას უნდა სტუმრობდნენ არა როგორც დავითგარეჯას, არამედ როგორც ქეშიქჩიდაღის ძეგლს, ჩვენ არა ვართ მომთაბარე ერი, ჩვენ ვართ ამ მიწის კანონიერი მფლობელებიო."

ასეთი განწყობის ფონზე, ვეჭვობ, რომ არსებულ სიტუაციაში თავად აზერბაიჯანის მთავრობა ახდენს დაძაბულობის ესკალაციას, რათა თავიდან აიცილოს საზღვრის დემარკაცია 1938 წლის რუკის საფუძველზე, რაც წამგებიანად მიაჩნია. სხვანაირად, გაუგებარია, თუ რატომ მიდიან პროვოკაციაზე. საქართველოს ხელისუფლებაც საეჭვოდ იქცევა: ა) გარეჯაში გზის გაყვანის ამბავს საგარეო საქმეთა მინისტრი არა სასაზღვრო პოლიციისგან, არამედ ჟურნალისტებისგან იგებს, რომლებსაც ეს ინფორმაცია ადგილობრივი გიდისა და ბერისგან აქვთ მიღებული; ბ) საგარეო საქმეთა სამინისტრო არ იყენებს საზღვრის სადავო მონაკვეთებზე მოქმედ წესს, რომლის თანახმადაც, სადავო მონაკვეთზე სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოები და ახალი ნაგებობების აღმართვა საკითხის მოგვარებამდე იკრძალება. საზღვრის კონტროლის საჭიროებიდან გამომდინარე, მის ორივე მხარეს არსებობს ნეიტრალური 25-25-მეტრიანი ზონა და ურთიერთშეთანხმების გარეშე ვერანაირ მოქმედებას ვერ განახორციელებენ.


ალბანური ზღაპრები აზერბაიჯანულად

ლადო მირიანაშვილი:
- სამთავრობო აზერბაიჯანული პრესა სავსეა ათასგვარი ისტორიული სისულელით, რომელთა ავტორებად აზერბაიჯანელ მკვლევრებს იმოწმებენ. ფაიკ ისმაილოვი აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო მოდერნ.აზ-ის 2019 წლის 12 მაისის სტატიაში წერს: "აზერბაიჯანელი ისტორიკოსების თანახმად, ქართველები დავითგარეჯაში პირველად დავით IV-ის (1089-1125) ზეობისას გამოჩნდნენ. მოგვიანებით, მეფე თამარის (1184-1207) ზეობისას, ქართული ეკლესიის გავლენა შესუსტდა... ქრისტიანი ალბანელები მთებს შეეხიზნენ, რის გამოც გარეჯის მონასტრები მიტოვებული აღმოჩნდა. ამ ძეგლების შესწავლა აჩვენებს, რომ გარეჯის ქვაბების კედლის მოხატულობა და ქართული წარწერები კლდეში მათი გამოკვეთიდან დიდი ხნის შემდეგ გაჩნდა.
საბჭოთა პერიოდში ქართველებს ამ ძეგლების ფლობა არც აინტერესებდათ და მათ არც სტუმრობდნენ. და უცებ ეს საკითხი გახდა სხვა არაფერი, თუ არა ქართული შოვინიზმის გამოვლენის საშუალება. საქართველოს მთავრობამ უნდა გაითავისოს, რომ არ გამოუვა აზერბაიჯანის ხარჯზე იმ ტერიტორიების კომპენსაცია, რომლებსაც რუსეთს ჩუქნის. აზერბაიჯანი თავის ტერიტორიას არ დათმობს."

პრობლემის მოგვარების შესაძლო ვარიანტები


ლადო მირიანაშვილი:
- მსოფლიოში არსებობს ანალოგები, რომლებზე დაყრდნობითაც თავისუფლად შეიძლება ქართულ-აზერბაიჯანული პრობლემის მოგვარება.
2001 წელს საფრანგეთმა და ანდორამ გაცვალეს 1.5-1.5 ჰა ფართობის ტერიტორიები; 2006 წელს ლუქსემბურგმა და საფრანგეთმა გაცვალეს 8-8 ჰა ფართობის ტერიტორიები; 2015 წელს ტერიტორიები გაცვალეს ბურკინა-ფასომ და ნიგერიამ: ბურკინა-ფასომ მიიღო 786 კვკმ ფართობი, ხოლო ამ უკანასკნელმა ნიგერიას დაუთმო 227 კვკმ ფართობის ტერიტორია.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკება თუ კვლავ ჩავარდება, მაშინ შესაძლებელია ორ ქვეყანას შორის ლატერანის შეთანხმების მსგავსი ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც 1929 წელს ვატიკანსა და იტალიას შორის გაფორმდა და დღემდე მოქმედია. ლატერანის შეთანხმების ძალით, იტალიამ აღიარა ვატიკანის სრული მფლობელობა მის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ბაზილიკურ ეკლესიასა და მათ დამხმარე ნაგებობებზე. აზერბაიჯანმაც უნდა აღიაროს საქართველოს საპატრიარქოს სრული მფლობელობა უდაბნოს, ჩიჩხიტურისა და ბერთუბნის მონასტრებზე, რომლებიც სადავო ტერიტორიაზე მდებარეობს:
შესაძლებელია საუდის არაბეთსა და ქუვეითს შორის 1922 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მსგავსი შეთანხმების მიღწევაც: ამ ქვეყნებმა საერთო საზღვართან დატოვეს ნეიტრალური ზოლი, სადაც ორივე სახელმწიფოს თანაბარი უფლებები აქვს. როცა ნეიტრალურ ზონაში ნავთობის მარაგი აღმოაჩინეს, მისი ექსპლუატაცია ორივე­ სახელმწიფომ თანაბარი პირობებით დაიწყო.
სხვა შესაძლო ვარიანტების მოძებნაც შესაძლებელია. მთავარია, სასაზღვრო დავის დასასრულებლად ორივე ქვეყნის კეთილი ნება და მზაობა არსებობდეს.

P.S. ბოლო დღეებში განვითარებული პროცესების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ცნობილია მხოლოდ ის, რომ ერთი თვის განმავლობაში საზღვრის შემსწავლელი კომისიის მორიგი სხდომა თბილისში გაიმართება, მანამდე კი ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტები ერთობლივად დაათვალიერებენ სადავო ტერიტორიებს
აბგდ
29 მაისი 2019 12:24
გიორგის მინდა მივმართო.აზერბაიჯანი რომ საქართველოზეა დამოკიდებული განხილვა რათ უნდა??ერთადერთი რის ექსპორტსაც ეს ქვეყანა ახორციელებს ნავთობპროდუქტებია.აბა დაფიქრდი და საიდან გადააქვს ეს ყველაფერი მთელს ევროპაში იაფად???რუსეთიდან?თუ სომხეთიდან???რუსეთი არასდროს არ გაუწევს ამ ბიზნესში აზერებს შეღავათებს და არც მის ცალკეულ მეზობლებს სჭირდება უხარსიხო აზერბაიჯანული პროდუქტები...ევროპას კიდევ სჭირდება იაფი გაზი და ამის რეალიზება საქართველოდან ხდება
მამუკა
28 მაისი 2019 15:24
საუკუნეების მანძილზე ის ვერ გავიგეთ,რომ სახელმწიფოებს შორის კეთილმეზობლობა არ არსებობს და ენისმოჩლექით საუბარი არავისთან არ შეიძლება.
აბგდ
28 მაისი 2019 02:01
ენერგო დამოუკიდებლობას მივაწვეთ.გავაკეთოთ აქცენტი ეკოლოგიურად სუფთა ცხივრებაზე გაზზე ნელნელა უარი ვთქვათ გვაქვს ამის რესურსი და მსგავს "კეთილ მეზობლებს" ჩაკეტილი კარებით გავცეთ პასუხი...აგრესიული პოლიტიკით როცა გიდგებიან აგრესიული პასუხი უნდა გასცე!!!!

div>
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა