"სულის სიღრმემდე მტკივა შალვა­ შავგულიძის ყოფნა იქ, სადაც არის" - კვირის პალიტრა

"სულის სიღრმემდე მტკივა შალვა­ შავგულიძის ყოფნა იქ, სადაც არის"

"ახლა ქვეყანა ისეთ პალატაშია, რომლიდანაც ერთი კორიდორია გასავლელი, რომ გარეთ ჯანმრთელი გავიდეს. ოპერაცია გადავიტანეთ, თუმცა სუსტად ვართ, დამოუკიდებლად სიარული არ შეგვიძლია. მიუხედავად ამისა, იმედი გვაქვს, ვიყურებით ქუჩაში და ერთი სული გვაქვს, როდის გავალთ. ქვეყანას იმუნური დეფიციტი სჭირს. ასეთ დროს პატარა ინფექციასაც შეუძლია წაგაქციოს..."

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტური 13 ივნისამდე გაიმართება. პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად აგრძელებენ. "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ლადო კახაძე პირველ ტურში დამარცხებას მოსახლეობის დაბალ აქტიურობას უკავშირებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში გაიმარჯვებს.

- მთაწმინდაზე შუალედური არჩევნები დემოკრატიის ჩარჩოს არ გასცდენია, კონსტიტუციური ჩარჩოდან არ გასულა. სამზე მეტი საჩივარი არ შესულა, მაგრამ აქტიურობა დაბალი იყო. ამის ორი მიზეზია: პირველი - ნიჰილიზმი, მეორე - ვიცით, რომ ხელისუფლება მაინც მოიგებსო.

- "ოცნებამ" თავისი ამომრჩევლის გამოყვანა ვერ მოახერხა? - ყველა ერთმანეთის მოიმედე იყო - ის მივა და მე რატომ უნდა მივიდე, ის მაინც გაიმარჯვებსო და არ მოვიდა ხალხი.

- მეორე ტურში ელოდებით აქტიურობას? - დარჩენილ დროში ანალიზს თვითონ გააკეთებენ, რა ურჩევნიათ, საით წავიდნენ - დესტრუქციისკენ თუ კონსტრუქციისკენ. თუ კონსტრუქციის მხარეს დადგებიან, გავიმარჯვებ. თუ ამომრჩეველს არ უნდა, არ მოვა...

- ამომრჩევლის მობილიზებისთვის პარტია რა სტრატეგიას იყენებს? - საიდუმლოს ვერ გავამხელ... შტაბში მოსახლეობის დაბალ აქტიურობასთან დაკავშირებით სერიოზული ანალიზი მიმდინარეობს. პირველ რიგში, დასადგენია, რატომ არ მივიდა ხალხი არჩევნებზე. ხდება რესურსების გაანალიზებაც - ადამიანები ძალით არსად არ უნდა მიდიოდნენ.

ჩემს წარსულს მახსენებენ, ლეიბორისტულ პარტიაში"რომ ვიყავი. რა გავაფუჭე იქ ყოფნით?! მერე ბურჭულაძესთან ვიყავი და რა გავაფუჭე?! "ნაცმოძრაობამ" გააფუჭა - მილიონ 150 ათასი უპოვარი დაგვიტოვა, ახლა 800 ათასია, ესეც არ არის პატარა რიცხვი, თუმცა იმასთან შედარებით პატარაა. ციხესა და ქუჩაში დახოცილი ადამიანები, ნულოვანი ტოლერანტობა - ეს ყველაფერი "ნაცმოძრაობამ" დატოვა.

- თქვენს ოპონენტზე რას ფიქრობთ? - პიროვნულად ყველაფერს კარგს. უბრალოდ, სულის სიღრმემდე მტკივა შალვა შავგულიძის ყოფნა იქ, სადაც არის. "ნაცმოძრაობასთან" ურთიერთობა ჩემთვის მიუღებელია. მას ვერ განვიკითხავ, მაგრამ თქვა, თვითონ მივედიო, ამიტომ ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

- შუალედურ არჩევნებზე 41% აიღეთ. ეს წარმატება თქვენი თუ პარტიის დამსახურებაა?

- პარტიის. რომ ჩავიხედე პარტიის შიდა სამზარეულოში, ვნახე, რომ უამრავი რამე კეთდება, მაგრამ პატარა წვიმა რომ მოვა, გაბრაზებული ხალხი ხელისუფლებას აბრალებს... რა უნდა ხალხის გაბრაზებას, თუმცა ამის მიზეზი ნამდვილად აქვს, სიღარიბე ისევ დაუძლეველია. ანალიტიკური თვალით რომ შეხედო, მიხვდები, იმაზე უარესი არ არის, რაც იყო, ცოტა უკეთესია.

- ხალხი გაბრაზებული, წლიდან წლამდე მდგომარეობა არ უმჯობესდება, ლარის გაუფასურება ცალკე პრობლემაა, ხელისუფლებამ ამის შესაჩერებლად რაღაც ხომ უნდა გააკეთოს? - დოლარის კურსი იმ პარტნიორ ქვეყნებზეა დამოკიდებული, რომლებთანაც ვვაჭრობთ... რეზერვები უნდა არსებობდეს და ჩვენ გვაქვს. არ უარვყოფ, რომ ხალხი უკმაყოფილოა. მედიცინით კმაყოფილია?! კბილი რომ აგტკივდება, სულ არ გაინტერესებს, სტომატოლოგი ვინ არის, გინდა, რომ მოგირჩეს. მეორე დღეს იგივე კბილი თუ აგტკივდება, იმ სტომატოლოგს შეაგინებ. ცხოვრებაც ეგრეა. მეორე-მესამე დღესაც გეტკინება და მეოთხე დღეს გაგივლის.

ჩვენ როგორ ქვეყანაში დავიწყეთ ცხოვრება?! - გაღატაკებულში და ეს 90-იანი წლებიდან მოდის, ამას მარტო წინა რეჟიმს არ ვაბრალებ. პროცესი გრძელდება, ოღონდ უკან კი არა, წინ მივდივართ.

მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი კარგად გრძნობენ ჩვენი ქვეყნის მაჯისცემას. კარგად იციან, რომ განვითარებადი, პრეტენზიული ქვეყანა ვართ, რომელიც თუ გინდა ევროკავშირთან მოიაზრებოდეს, სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. საქართველომ სტანდარტების დაძლევა დაიწყო და ისინიც კმაყოფილი არიან. მოსახლეობა არ არის კმაყოფილი, მაგრამ ეს იმათ არ ანაღვლებთ, მათ ქვეყანაში სტაბილურობა უნდათ...

- როგორც ექიმი, როგორ ფიქრობთ, რა სჭირს საქართველოს?

- ახლა ქვეყანა არის ისეთ პალატაში, რომლიდანაც ერთი კორიდორია გასავლელი, რომ გარეთ ჯანმრთელი გავიდეს. ოპერაცია გადავიტანეთ, პიკი დავძლიეთ, თუმცა სუსტად ვართ, დამოუკიდებლად სიარული არ შეგვიძლია. მიუხედავად ამისა, იმედი გვაქვს, ვიყურებით ქუჩაში და ერთი სული გვაქვს, როდის გავალთ. ქვეყანას იმუნური დეფიციტი სჭირს. ასეთ დროს პატარა ინფექციასაც შეუძლია წაგაქციოს...

- "ქართულ ოცნებას" რა დიაგნოზს დაუსვამთ? - "ქართულ ოცნებას" ყავარჯენი გადაგდებული აქვს, მაგრამ თამამად ვერ დადის. თამამად სიარულში ზოგი გულისხმობს - "დაიჭირე, დასაჯე, აზღვევინეო", ესენი ამას არ აკეთებენ. რა უნდოდა იმ ადამიანების დასჯას, მაგრამ ყველას დაანახეს, რომ ქართველებს შეგვიძლია არ დავსაჯოთ, იქნებ ვუმკურნალოთ და გზაზე დავაყენოთ.

- ანუ ღარიბაშვილისგან განსხვავებით, კოაბიტაცია შეცდომად არ მიგაჩნიათ? - კოაბიტაციას შევადარებდი იმას, როდესაც ცოლ-ქმარი ეყრება ერთმანეთს და ერთ თვეს შანსად უტოვებენ. თუ არ შერიგდებიან, მერე დამთავრდება ყველაფერი. ჩვენთან ეს ქრონიკულში გადაიზარდა, ამ დროს კი ყოველთვის თავს იჩენს საბოტაჟი. წყალბადის ზეჟანგია საჭირო - ჭრილობაში ჩაასხამენ და ამოიტანენ ინფექციას. "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური წყალბადის ზეჟანგის როლი უნდა შეასრულოს... ადამიანს სარკეში თავისი თავი უნდა დაანახო და თავი გამოასწორებინო, ოღონდ ამისთვის პოლიტიკური ველიდან ცოტა ხნითY უნდა გაიხმო.

- მეორე ტურისგან რას ელოდებით? - დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებ!

- შავგულიძის ნაცვლად სხვა რომ ყოფილიყო, მაინც გაიმარჯვებდით? - თუ ისეთი ძალა გამოჩნდებოდა, რომელიც "ნაცმოძრაობასთან" არ იქნებოდა ასოცირებული, პროცესიც სხვანაირად წარიმართებოდა. "ნაცმოძრაობასა" და მის დანაყოფებს განათლებასა და ინტელექტს არ ვუწუნებ, მაგრამ მედიცინის ენით ვიტყვი: გენმოდიფიცირებული საკვები არ ვარგა!..