"მოსაბოდიშებელი არავის წინაშე არაფერი მაქვს" - კვირის პალიტრა

"მოსაბოდიშებელი არავის წინაშე არაფერი მაქვს"

"მე ვიცი, რატომ წამოვედი "ქართული ოცნებიდან", მაგრამ რატომ წავიდა კახაძე ასეთ "ოცნებაში"?!

როგორ ხსნის "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი "ევროპულ საქართველოსთან" გაერთიანებას და რას ფიქრობს 19 მაისს გამართულ შუალედურ არჩევნებზე, "კვირის პალიტრა" გაერთიანებული ოპოზიციის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატ შალვა შავგულიძეს ესაუბრა:

- ჩატარებულ შუალედურ არჩევნებზე კარგს ვერაფერს ვიტყვი. მთელ წინასაარჩევნო პერიოდში არ შეწყვეტილა ანტიკამპანია და ცილისმწამებლური განცხადებები, იყო ძალადობაც და მუშტი-კრივიც, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

- მარტო "თავისუფალი დემოკრატების" სახელით რომ გასულიყავით, არ ფიქრობთ, რომ უფრო კარგ შედეგს მიიღებდით? - არ ვფიქრობ. დარწმუნებული ვარ, "ევროპელებთან" გაერთიანება აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო. გაერთიანება მეტი ძალის მომცემია, უბრალოდ, დროის სწორად შერჩევა სჭირდება. ჩვენ ერთნაირად ვხედავთ ქვეყნის მომავალს, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში მწვავე ოპონენტები ვიყავით. თუკი რაიმეს ვაკრიტიკებდით და ვეწინააღმდეგებოდით, ყველა ის ნეგატივი, "ოცნებამ" გადაიბარა. ამ პოლიტიკურმა ძალამ გაიაზრა ის შეცდომები, რომელიც მათი მმართველობის დროს იქნა დაშვებული. ჩვენ ერთნაირი ხედვა გვაქვს - უმთავრესია საქართველოს ევროპული მომავალი. ჩვენთვის მიუღებელია ავტორიტარული მმართველობა.

პირადად მე აზრი არ შემიცვლია, როგორც მიმაჩნდა "ნაცმოძრაობის" მმართველობისას, რომ უსამართლობას უნდა ებრძოლო, ასე ვთვლი ახლაც. ახლა კიდევ უფრო უარესად გვაქვს საქმე, ვინაიდან ივანიშვილმა ინსტიტუციურად უფრო დაიქვემდებარა სასამართლო სისტემა.

- მაგრამ რას ეუბნებით გირგვლიანისა და მოლაშვილის ოჯახებს. ისინი რომ ყოფილიყვნენ თქვენი ამომრჩევლები, როგორ ფიქრობთ, მხარს დაგიჭერდნენ? - ადვოკატობისას პირნათლად მოვიხადე ვალი გირგვლიანისა და მოლაშვილის ოჯახების წინაშე. როგორც მოგახსენეთ, ამ ხელისუფლებამ არა მარტო ინსტიტუციურად დაიქვემდებარა სასამართლო სისტემა, წინა ხელისუფლების მსახურებით გამორჩეულ მოსამართლეებს ჩააბარა. საჭიროა ამასთან ბრძოლა, რათა აღარ განმეორდეს ახალი გირგვლიანები, მოლაშვილები, ნაცვლიშვილები და სხვა.

როცა წინა მოწვევის პარლამენტმა ერთ-ერთი ცუდი კანონი მიიღო, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს პირდაპირ ვუთხარი, რომ ასეთი კანონები აუცილებლად გააჩენდა ქვეყანაში ახალ გირგვლიანებს და ასეც მოხდა - 2 წელია ქუჩაში დგანან ხელისუფლების უსამართლობით გატანჯული შვილმოკლული მამები და ამაოდ ელიან სამართალს. ასე რომ, მოსაბოდიშებელი არავის წინაშე არაფერი მაქვს. თუ წინა ხელისუფლების დროს იყო საჭირო ადამიანის უფლებების დაცვა, საჭიროა დღესაც. იმის შიშით, რომ ივანიშვილმა რაღაც არ დამაბრალოს, ნამდვილად არ გავჩუმდები და უსამართლობას არ ავიტან.

- რამდენიმე დღის წინ გოგა ხაინდრავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შავგულიძემ მითხრა, თავდაპირველად არ ვიცოდი, თუ მოლაშვილის წამებაში გიგა ბოკერია მონაწილეობდაო. - ხაინდრავას პრობლემა იყოს, რასაც ამბობს. რაც შეეხება წამებას, სულხანს ჩემთვის ამგვარი არაფერი უთქვამს, მე როგორ ვიტყოდი? მე სულხანის ადვოკატი ვიყავი მისი დაკავების პირველივე წუთიდან. მეტსაც გეტყვით, ჯერ დაბარებულიც არ იყო, როდესაც მთხოვა, დამეცვა მისი უფლებები, რადგან დაკავებას ელოდებოდა.

- ანუ მის წამებაში ბოკერიას როლზე არაფერი უთქვამს? - სულხანს არც ბოკერია და არც სხვა გვარი არასდროს დაუსახელებია, არ უთქვამს, ვინ მიაყენა დაზიანებები.

- თუმცა, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ აწამა წინა ხელისუფლებამ, მათ შორის "ევროპული საქართველოს" წევრებმა, რომლებიც მაშინ ხელისუფლებაში იყვნენ. - გამოძიებას არ დაუდგენია, კონკრეტულად ვინ მიაყენა ჭრილობები.

- თქვენს ოპონენტზე რას იტყვით? - მე ვიცი, რატომ წამოვედი "ქართული ოცნებიდან" და ამის მიზეზი არაერთია, მაგრამ რატომ წავიდა ლადო კახაძე ასეთ "ოცნებაში"?! ხელისუფლებაში ერთი კოალიციით მოვედით, ერთად ვპირდებოდით საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენას, მაგრამ არასრული 2 წელი გახდა საჭირო, დავრწმუნებულიყავი, რომ ბიძინა ივანიშვილს თურმე სულაც არ ჰქონია გუნებაში სამართლიანობის აღდგენა. მას მხოლოდ მართვადი პროკურატურა, სასამართლო და ა.შ. სჭირდებოდა. ჩემი წამოსვლის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ "ოცნება" უსამართლობის გზას დაადგა. მეორე მიზეზი - "ოცნების" საგარეო და საშინაო პოლიტიკიდან გამომდინარე შენელდა ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის ტემპი. იმძლავრა რუსულმა შემოტევებმა და ეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგია, მან დასავლური ორიენტაციის პოლიტიკური ძალები თავიდან მოიშორა. მისი სურვილი იყო დაეშალა ეს პარტიები და ამით ხელს უწყობს რუსული ძალების გაძლიერებას.

- "ოცნება" ამბობს, რომ პირიქით ამის წინააღმდეგ მუშაობს. - ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ხომ ნახეთ, 9 მაისი როგორ აღინიშნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ნინოწმინდაში. იქ აქცია აკრძალული საბჭოური სიმბოლიკებით ჩატარდა, ისმოდა განცხადებები, რომ რუსეთი განმათავისუფლებელია და არა ოკუპანტი. აქციაში "ქართული ოცნების" დეპუტატი ენზელ მკოიანიც მონაწილეობდა. ამის თაობაზე ივანიშვილს არანაირი განცხადება არ გაუკეთებია, მათ შორის აქციაში მკოიანის მონაწილეობაზე. ის მხოლოდ იმას ცდილობს, განდევნოს პოლიტიკიდან დასავლური ორიენტაციის ძალები და ხელი შეუწყოს რუსული გავლენის მომძლავრებას ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ დროული იყო ჩვენი და "ევროპული საქართველოს" - ორი მკაფიო დასავლური ძალის გაერთიანება. მომავალში უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ვგეგმავთ. საჭიროა პროდასავლური პოლიტიკური ძალების ურთიერთშეთანხმებული მოქმედება. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია კოორდინირებული მოქმედება, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობასთან".

- მეორე ტურისგან რას ელით? - მთაწმინდის საარჩევნო ოლქს აქვს შანსი გახდეს პირველი მაჟორიტარული ოლქი, სადაც საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილი წააგებს. ვფიქრობ, ოპოზიციის ყველა ამომრჩეველი არ მოვიდა არჩევნებზე, თუ ჩვენ შევძლებთ ამ პერიოდში ხალხის მობილიზებას, გამარჯვების შანსი გვაქვს.