თინა ხიდაშელი: "ყოველ დილით იმის შიშით მეღვიძება, პრეზიდენტმა კიდევ რამე ისეთი ხომ არ თქვა-მეთქი" - კვირის პალიტრა

თინა ხიდაშელი: "ყოველ დილით იმის შიშით მეღვიძება, პრეზიდენტმა კიდევ რამე ისეთი ხომ არ თქვა-მეთქი"

"გახარია შემსრულებელია და როგორც ვანო მერაბიშვილი აღარ არის, ისიც აღარ იქნება, როგორც კი მისი პოლიტიკური პატრონი გაქრება"

"2014 წლის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" მეორე პოლიტიკური ძალაა ქვეყანაში, ის ვერასოდეს გახდება პირველი. შესაბამისად, იქნება მუდმივად ივანიშვილის მიმყოლი და პრაქტიკულად ხელს უწყობს "ოცნების" გამარჯვებას", - ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი. რატომ ლაპარაკობს მიხეილ სააკაშვილის დამარცხებაზე და როგორ აფასებს ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელში სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს, ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრას" თინა ხიდაშელი ესაუბრა.

- შუალედური არჩევნები არ დასრულებულა, ველოდები შედეგს. მთელი ეს პროცესი სახელმწიფოსთვის საამაყო და თავმოსაწონი ნამდვილად არ არის - მივიღეთ სპექტაკლი ორი პოლიტიკური ლიდერის შესრულებით. სანამ პოლიტიკური პროცესი არ გადავა განსხვავებულ ჩარჩოში, მუდმივად ამ წრეზე ვიტრიალებთ.

- ორ პოლიტიკურ ძალაში ვის გულისხმობთ? მაგალითად, ბევრი ამ ორი ძალიდან ერთ-ერთად გახარიას თვლის, როგორც ამბობენ, ზუგდიდში არჩევნები უპირველესად მან მოიგო. - გახარია საინტერესო მოვლენაა, თუმცა მე სააკაშვილსა და ივანიშვილს ვგულისხმობ. გახარია შემსრულებელია და როგორც ვანო მერაბიშვილი აღარ არის, ისიც აღარ იქნება, როგორც კი მისი პოლიტიკური პატრონი გაქრება.

- რა გაკვეთილი მიიღო ოპოზიციამ ამ არჩევნებით?

- საქართველოში ოპოზიცია ერთიანი არ არის. იმდენად განსხვავებულია პოლიტიკური გემოვნებით, სტრუქტურულად, რომ ამ კითხვაზე პასუხი არც არსებობს.

- როგორც ამბობენ, ეს არჩევნები 2020 წლის არჩევნების გენერალური რეპეტიციაა. - შუალედური არჩევნები, როგორც წესი, ამომრჩევლის ძალიან დაბალი აქტიურობით გამოირჩევა, რაც ნორმალურია. ამიტომ გენერალურ რეპეტიციას მთავარი შემოქმედის გარეშე ვერ ჩაატარებდნენ.

- ამ არჩევნებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ არა ოპოზიციის სისუსტე? - ყველა ოპოზიციური პარტია ამ არჩევნებში არ მონაწილეობდა, ამიტომ ამის განზოგადებას არ დავიწყებ. არ მონაწილეობდნენ "პატრიოტთა ალიანსი" და ბურჯანაძის პარტია, ასე რომ, "ქართულ-რუსული დათვალიერება" არ შემდგარა. ვფიქრობ, არჩევნების ერთ-ერთი ინტრიგა ორი ფლანგის დაპირისპირება იქნებოდა. ამ თვალსაზრისით ჩემთვის, ვინც უსაფრთხოების სფეროში ვმუშაობ, ეს არჩევნები ღირებული ნამდვილად არ არის.

- თუმცა თქვენი დასკვნით, ივანიშვილის დასამარცხებლად ჯერ სააკაშვილის დამარცხებაა საჭირო. რამ განაპირობა ასეთი დასკვნა?

- 2014 წლის შემდეგ "ნაცმოძრაობა" მეორე პოლიტიკური ძალაა ქვეყანაში, ის ვერასოდეს გახდება პირველი. შესაბამისად, მუდმივად ივანიშვილის მიმყოლი იქნება და პრაქტიკულად ხელს უწყობს "ოცნების" გამარჯვებას. რა თქმა უნდა, ეს მისი პარტიის გადასაწყვეტია, რადგან თავად საქართველოს მოქალაქეც კი არ არის და კანონს არღვევს, როდესაც საარჩევნო პროცესში ერევა, პარალელურად კი უკრაინის მოქალაქეობას ითხოვს. ერთი სიტყვით, მძიმე დღეშია.

ჩვენ ცვლილების შესაძლებლობა გაცილებით დიდი გვექნება, თუკი გამარჯვების შანსის არმქონე პოლიტიკური ძალა ტაიმ-აუტს აიღებს ან რაიმე ტიპის კონფიგურაციაში არ აღმოჩნდება წინასაარჩევნოდ, რათა არ დაბლოკოს ყველა შესაძლებლობა, რომ რეალურად ოპოზიციურმა ძალამ გაიმარჯვოს.

- აქვს თავად ოპოზიციას სააკაშვილის დამარცხების სურვილი? - ოპოზიციის ნაწილი, პირიქით, ხელს უწყობს სააკაშვილის მუდმივ ტივტივს.

- რას ფიქრობთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუზე ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელში, როდესაც სააკაშვილის მათთან დატოვება ურჩია... - ყოველ დილით იმის შიშით მეღვიძება, ამ ქალმა კიდევ რამე ისეთი ხომ არ თქვა, ხომ არ შეარცხვინა ქვეყანა-მეთქი. ინტერვიუ არ მინახავს, მაგრამ ვნახე ინფორმაცია, რომელიც მედიასაშუალებაში გამოქვეყნდა. როდესაც ჟურნალისტი ასე გისვამს კითხვას, როგორ დააბრუნებდით სააკაშვილსო, ეს პირდაპირ დასმული კითხვაა, რომელსაც პირდაპირი პასუხი უნდა გასცეს პრეზიდენტმა, რომელიც პატივს სცემს ქვეყნის კონსტიტუციას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, გადაწყვეტილებებს, რომლებიც ამ სახელმწიფოში მიიღება.

სააკაშვილი ქართული საგამოძიებო ორგანოების მიერ ძებნილად არის გამოცხადებული, ის ქვეყანაში შემოსვლისთანავე საპატიმროში აღმოჩნდება. ამიტომ ასეთ დროს პრეზიდენტის პასუხი უნდა იყოს ძალიან მარტივი: "დავაბრუნებდი სააკაშვილს როგორც პატიმარს". არ არის საჭირო ჟარგონით საუბარი და "ბლატაობა" ჟურნალისტთან. სრულიად არაკომპეტენტური, უპასუხისმგებლო, პოპულისტური ფრაზებით ელაპარაკებოდა ზურაბიშვილი ჟურნალისტს და არა როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც, სულ ცოტა, სოლიდურობა მოეთხოვება.

- პუტინის შესახებ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მასთან დიალოგს არ აპირებს... - ეს ადამიანი პირდაპირ პასუხს ვერაფერზე ვერ სცემს, არაფერზე არა აქვს პოზიცია, ვერაფერზე ვერ გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას. ამიტომ სწორი, მარტივი პასუხებისთვის თავის ასარიდებლად მუდმივად ცდილობს პასუხების ჩახლართვას, კითხვაზე კითხვით უპასუხებს. პუტინისთვის დასასმელი შეკითხვა არის ერთადერთი და უმარტივესი: როდის, რომელ რიცხვში და რომელ საათზე დაამთავრებს ქვეყნის ოკუპაციას და მხოლოდ შემდეგ შეიძლება დიალოგზე ლაპარაკი. სინამდვილეში, ზურაბიშვილმა არ იცის, ამ კითხვაზე რა პასუხი გასცეს, რადგან არ იცის, პოლიტიკური პატრონი მოუწონებს თუ არა. ამიტომ ვერ იძლევა პასუხს ვერც ერთ შეკითხვაზე.