"როგორც ჩანს, სააკაშვილმა უკრაინის პირველ პირს კარგი პოლიტიკური შეთავაზება გაუკეთა" - რას მოუტანს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება ზელენსკის? - კვირის პალიტრა

"როგორც ჩანს, სააკაშვილმა უკრაინის პირველ პირს კარგი პოლიტიკური შეთავაზება გაუკეთა" - რას მოუტანს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება ზელენსკის?

როგორც უკვე ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. რუსულმა გამოცემამ "ТВ 360" მოამზადა მასალა საკითხზე, თუ რას მოუტანს ვლადიმირ ზელენსკის უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება.

სიუჟეტში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის დაბრუნებას ეხება, გადმოცემულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურ-კრიმინალური ბიოგრაფიის ასპექტები: საქართველოში აღძრული სისხლის სამართლის საქმეები, მისი უკრაინული ოდისეა - პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მრჩევლობიდან დაწყებული, ოდესის ოლქის გუბერნატორობით და ქვეყნიდან გაძევებით დასრულებული. მასალაში საუბარია მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო პერსპექტივაზე მისი "რეინკარნაციის", ანუ უკრაინის მოქალაქის სტატუსის აღდგენის შემდეგ (ავტორები - ანატოლი მინკინი და ქსენია ჩერნუხინა).

"რა ელოდება წინ მიხეილ სააკაშვილს - ამ თითქმის უკვე მივიწყებულ პოლიტიკურ სკანდალისტ ადამიანს, რომელსაც განუზომელი ამბიციები აქვს? როგორც ჩანს, მისი როგორც "გამოცდილი" პოლიტიკოსისა და სახელმწიფოს ექს-მეთაურის ძირითადი მიზანია ვლადიმირ ზელენსკის პოპულარობით ისარგებლოს - ცდილობს უკრაინის ახალგაზრდა პრეზიდენტის დამრიგებლის როლი შეასრულოს. "შესაძლოა, უკვე არსებობს მათ შორის რაღაც შეთანხმება პოლიტიკური პოზიციონირების შესახებ. მოქალაქეობის აღდგენის საკითხის გაჭიანურება შეიძლებოდა, მაგრამ რადგანაც უკვე მოქალაქობა დაუბრუნა, ესე იგი, მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმერ ზელენსკის კარგი პოლიტიკური შეთავაზება გაუკეთა", - ამბობს რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი ოლეგ ნემენსკი სიუჟეტის ავტორებთან საუბრის დროს.

პოლიტოლოგის აზრით, კარგი იქნება, თუ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილისგან თავს შორს დაიჭერს: "პოპულარულმა პოლიტიკოსებმა თავისთან ახლოს არ უნდა მიუშვან ის ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი წაგებული აქვთ. ვფიქრობ, ამას არც ვლადიმერ ზელენსკი არ დაუშვებს. უბრალოდ, ახალი პრეზიდენტი მიშას პეტრო პოროშენკოს "საკბენად" გამოიყენებს. ვლადიმირ ზელენსკი, სანამ ვერხოვნა რადას არჩევნები არ იქნება, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანს ვერაფერს გააკეთებს, მანამდე მან თავისი რეიტინგი უნდა შეინარჩუნოს. ამისათვის კი წინა ხელისუფლების ლამაზად დასჯაა საჭირო. ჰოდა, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს შეუძლია სასარგებლო კაცი აღმოჩნდეს". პეტრო პოროშენკო და მიხეილ სააკაშვილი

როგორც ოლეგ ნემენსკი თვლის, რადას არჩევნებამდე მიხეილ სააკაშვილი, თავისი ტემპერამენტის მიუხედავად, საკუთარი პარტიის აღორძინებას ვერ მოასწრებს. თანაც, არჩევნებში მისი მონაწილეობა საეჭვოა - ბოლო ხუთი წელი უკრაინის ტერიტორიაზე მუდმივად უნდა ცხოვრობდეს. უკრაინელ პოლიტოლოგს ალექსი იაკუბინს კი მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი, მისი ამბიციების გათვალისწინებით, აქტიურად ჩაერთვება პოლიტიკურ ცხოვრებაში. არაა გამორიცხული, რომ იგი ძველი ამბიციების დაკმაყოფილებას შეეცადოს - ვთქვათ, პრემიერ-მინისტრობას. მიხეილ სააკაშვილს ასევე შეუძლია წარმატებით ჩაერთოს პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ მიმართულ კრიტიკაში. "იგი ვლადიმირ ზელენსკისათვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ერთადერთი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება ძველი კონფლიქტები გაიხსენოს, მაგალითად, არსენ ავაკოვთან, რომელიც ჯერ-ჯერობით კვლავ მთავრობის წევრად რჩება", - ამბობს ალექსი იაკუბინი.

პოლიტოლოგი როსტისლავ იშჩენკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის პასპორტის დაბრუნება არ ნიშნავს იმას, რომ ვლადიმირ ზელენსკი მას რაიმე სახელმწიფო პოსტზე დანიშნავს. "მიხეილ სააკაშვილი რომ რომელიმე თანამდებობაზე დაინიშნოს, იგი ისევ პრეზიდენტობაზე დაიწყებს გაქაჩვას. ეს მის ნატურაშია ჩადებული. ზელენსკის ადგილზე რომ ვიყო, მიხეილ სააკაშვილს ვურჩევდი, რომ მან - როგორც დიდმა და გამოცდილმა პოლიტიკოსმა - უკრაინაში იაროს, ლექციები წაიკითხოს და ფასიანი მასტერ-კლასი ჩაატაროს".

"ვლადიმირ ზელენსკიმ, უბრალოდ, თავისი საარჩევნო დაპირება შეასრულა: მიხეილ სააკაშვილს და სხვებს უკანონოდ ჩამორთმეული მოქალაქეობა დაუბრუნა. საერთოდ, მიხეილ სააკაშვილს ტარანის სახით იყენებდნენ: საქართველოში იგი ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ გამოიყენეს, უკრაინაში პეტრო პოროშენკომ - ოლიგარქების წინააღმდეგ, იულია ტიმოშენკომ კი მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს მიუსია... ალბათ, ახლაც მსგავს ფუნქციას შეასრულებს", - ამბობს როსტისლავ იშჩენკო. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ