ნახვამდის, საბჭოთა იარაღო... - კვირის პალიტრა

ნახვამდის, საბჭოთა იარაღო...

თავდაცვის მინისტრი ქართული არმიის შეიარაღების მთლიანად ნატოს სტანდარტებზე გადასვლას აანონსებს...

"ჩვენი მიზანია მთლიანად ნატოს თავსებად შეიარაღებაზე გადასვლა და საბოლოოდ დამშვიდობება საბჭოთა მემკვიდრეობასთან," - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ამერიკული ოფიციალური ვოიაჟის დროს. აუცილებელია თუ არა ქართული არმიის შეიარაღების მთლიანად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებისთვის მორგება იმის გათვალისწინებით, რომ ეს ქვეყნის ისედაც "გაჭირვებულ" ბიუჯეტს ზედმეტ პრობლემად ექცევა?

მიუხედავად სერიოზული ეკონომიკური პრობლემებისა, ქართული არმიის შეიარაღების მთლიანად ნატოს სტანდარტებზე გადაყვანა აუცილებელია ორი მნიშვნელოვანი გარემოების გამო.

პირველი - ქართული არმიის არსენალში არსებული საბჭოთა შეიარაღება მოძველებულია და დიდი ხანია, შეცვლა სჭირდება. ბევრი მათგანის სათადარიგო ნაწილები მხოლოდ რუსეთში იწარმოება, სადაც მათი ყიდვა ან შეუძლებელია, ან შუამავალი ფირმების დახმარებით ყიდვისას უდიდეს ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს.

მეორე - რადგან საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებისკენ ისწრაფვის და ქართული არმიის დანაყოფები, მეოცე წელია, ნატოსთან ერთად სხვადასხვა საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობენ, ლოგიკურია, რომ ქართული არმიის შეიარაღებაც ნატოს სტანდარტებს შეესაბამებოდეს. წარმოიდგინეთ სიტუაცია, თუნდაც ავღანეთში, როდესაც კოალიციის ავტოკოლონაზე თალიბების თავდასხმისას გვერდიგვერდ მებრძოლ ამერიკელ და ქართველ მეომრებს ვაზნები უთავდებათ და ამერიკელი სერჟანტის გადმოგდებული M4-ის მჭიდი ქართველი კაპრალის "კალაშნიკოვს" არ ერგება...

თუმცა, საბედნიეროდ, სწორედ ავღანეთში ასეთი კრიტიკული სიტუაცია აღარ შეიქმნება, რადგან იქ მყოფი ქართული სამხედრო კონტინგენტი, ისევე, როგორც მთელი ქართული არმიის პირადი შემადგენლობა, მეათე წელია, ამერიკული ავტომატური კარაბინებით - M4-ებით არის აღჭურვილი (ქართველი მებრძოლების შეიარაღებაში გამოჩნდა ამერიკული ერთიანი ტყვიამფრქვევები - M240 და დასავლური წარმოების სხვადასხვა სნაიპერული შაშხანა), რასაც ვერ ვიტყვით უფრო მსხვილკალიბრიან შეიარაღებაზე.

საქართველოს თავდაცვის ძალების მთელი საარტილერიო და სატანკო შეიარაღება ისევ საბჭოური სტანდარტის შესაბამისია. 82 მმ კალიბრის ნაღმსატყორცნებით დაწყებული, 122 და 152 მმ-იანი ჰაუბიცებითა და 125 მმ-იანი სატანკო ქვემეხებით დამთავრებული, ყველა საბჭოთა კალიბრის ჭურვებს მოიხმარს. გამონაკლისია მხოლოდ 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნები, ოღონდ არა იმიტომ, რომ ისინი ქართულმა არმიამ ნატოს სტანდარტზე გადაიყვანა, არამედ უფრო მარტივი მიზეზით - "ცივი ომიდან" მოყოლებული, ნატოსა და საბჭოთა ნაღმსატყორცნების ეს კალიბრი ერთმანეთს ემთხვეოდა.

ნატოს სტანდარტის შეიარაღებიდან ქართულ არმიას დღეს აქვს აგვისტოს ომამდე ისრაელში შეძენილი 160 მმ კალიბრის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - LAR-160 და ასევე ებრაული საზენიტო-სარაკეტო სისტემები "სპაიდერი".

ბოლო წლებში აშშ-ში იყიდეს გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსები - "ჯაველინები", ხოლო საფრანგეთში - საზენიტო-სარაკეტო "მისტრალები" მობილურ რადიოლოკაციურ სადგურებთან ერთად. ფაქტობრივად, გადაწყვეტილია აშშ-დან გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების - "სტინგერების" შეძენაც.

ავიაციის მხრივ სიტუაცია უფრო მძიმეა, რადგან მოიერიშე თვითმფრინავების - Су-25-ებისა და დამრტყმელი შვეულმფრენების - Ми-24-ების კაპიტალური რემონტი რთული და ძალიან ძვირია (მათი სათადარიგო ნაწილების რუსეთში წარმოების გათვალისწინებითაც), ამასთან, დროთა განმავლობაში აზრსაც კარგავს, რადგან მოიერიშეებს უკვე 30 წელი უსრულდებათ, და მალე მათი ფიუზელაჟების რესურსი ამოიწურება, რაც ნაკლებად რენტაბელურს ხდის მათ კაპიტალურ რემონტსა და მით უმეტეს - სერიოზული მოდერნიზაციას. თუმცა, თუკი ამ მოიერიშეების ძრავები, ავიონიკა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები დასავლური წარმოების მოწყობილობებით შეიცვლება, მაშინ ჩიტი ბდღვნად ღირს, ოღონდ ეს ძალიან დიდ კაპიტალს მოითხოვს.

სამაგიეროდ, უფრო პერსპექტიული ჩანს ამერიკული წარმოების შვეულმფრენების - "იროკეზების" მოდერნიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ არც ისინია "ნორჩები". პირველი "იროკეზები" ქართულ სამხედრო ავიაციაში ამ საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა და განვლილ პეროიდში მათ რამდენჯერმე ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი. ორძრავიანი და ოთხხრახნიანი მოდერნიზებული "იროკეზები" კარგად მოერგებოდა საქართველოს მთაგორიან რელიეფს.

საბჭოთა შეიარაღების ჩრდილოატლანტიკურით შეცვლის პროცესი, ალბათ, უპირველესად, მაინც ქართული არტილერიით უნდა დაიწყოს, რადგან ის მოწინააღმდეგის დისტანციურად დასაზიანებლად ჩვენი ერთადერთი საშუალებაა. ნატოს 155 მმ საარტილერიო კალიბრზე გადასვლა და ქართული არმიის შეიარაღებაში ამ კალიბრის თვითმავალი საარტილერიო დანადგარების გამოჩენა უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.