"...ვითარება სახიფათო ფაზაში შევიდა" - კვირის პალიტრა

"...ვითარება სახიფათო ფაზაში შევიდა"

"ანაკლიისა და გარეჯის შემთხვევაში, საქმე გვაქვს რუსული და საქართველოში მოქმედი დაჯგუფებების ინტერესთა თანხვედრასთან"

რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ ბათუმის ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით შვიდი ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსანი დააკავა. მათ შორის არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და აჭარის განათლებისა და ფინანსთა მინისტრების მოადგილეები. პროკურატურის ინფორმაციით, გაიფლანგა 1 370 076 ლარი. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, თუმცა ქვეყანაში კორუფციული გარიგებების პრობლემა კვლავაც მწვავედ დგას. სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

გია ხუხაშვილი

- ამ საქმის არსის გაანალიზება გამიჭირდება, რადგან მისი დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვეჭვობ, მათი დაკავება კორუფციასთან სისტემური ბრძოლის გამოვლენა იყოს. არც ის მგონია, რომ ამ საქმეში პოლიტიკური ინტერესი იყოს. ჩემი აზრით, ეს არის ლოკალური პრობლემა, რომლის გამოძიებაც, როგორც ვიცი, დღეს არ დაწყებულა და კარგა ხანია, მიმდინარეობს. სხვა საკითხია, რატომ გადაწყვიტეს მაინცდამაინც ახლა მისი გახმაურება. შესაძლოა, ამით რაღაც პრობლემების გადაფარვა სცადეს.

კორუფციული საფრთხის თვალსაზრისით ქვეყანაში არის უფრო დიდი პრობლემები, ვიდრე ერმაკოვი და ეს ჯგუფია.

სამწუხაროდ, ქვეყანაში არიან ინტერესჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ ფონს გასვლას. აქ მხოლოდ ფული და ასეთი გარიგებები არ უნდა ვიგულისხმოთ. კორუფციაა ლობისტური, ნეპოტისტური მოქმედებებიც და ა.შ. სამწუხაროდ, შეიმჩნევა რამდენიმე დაჯგუფებების აქტივობა, რომელთაც, ასე ვთქვათ, მწვანე აქვთ ანთებული და ბაზარზე დომინირებენ. ისინი როგორც ბიუჯეტთან, ასევე სახელმწიფო ან მსხვილ კომპანიებთან დაკავშირებით სიტუაციას, რა თქმა უნდა, საკუთარი ინტერესების შესაბამისად აყალიბებენ. ეს არის კორუფციის ყველაზე სახიფათო ფორმა, რასაც ჩვენ ელიტურ კორუფციას ვეძახით. ეს ხდებოდა ადრეც და ხდება დღესაც, თუმცა, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამას დაემატა კორუფციული რისკები საშუალო და ქვედა დონეებზე. იმიტომ კი არა, რომ ხელისუფლებას ასე სურს. არა. ის, სისუსტის გამო, კონტროლს ვერ ახერხებს. შედეგად ქვედა და საშუალო რგოლის ჩინოსნებს ნაკლებად ეშინიათ, თუმცა ამბიციები დიდი აქვთ. ყველა, ვინც ხელისუფლებას საეჭვოდ ჩატარებულ არჩევნებში ეხმარება, მიიჩნევს, რომ ამისთვის დივიდენდები უნდა მიიღოს. შესაბამისად, კორუფციული მეტასტაზები უკვე მთელ სახელისუფლებო სხეულში გავრცელდა. ვერ ვეტყვი, რომ ეს გადაულახავ პრობლემად არის ქცეული, მაგრამ აშკარაა, რომ ვითარება სახიფათო ფაზაში შევიდა.

სხვათა შორის, ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაძაბულობის მიზეზი. მე მას ვთავაზობდი, სასწრაფოდ შექმნილიყო დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სისტემა, რომელიც ამ მიმართულებით აგრესიულ მოქმედებებს დაიწყებდა. თან ეს უნდა მომხდარიყო ეკონომიკის მოდერნიზაციასთან ერთად. ამ ელემენტების გაერთიანებით ქვეყანაში განვითარების ახალი ტალღის საფუძველი შეიქმნებოდა, რაც ქართველ საზოგადოებას ოპტიმიზმსაც გაუჩენდა... თუმცა ივანიშვილისთვის ეს მისაღები არ აღმოჩნდა...

- გასული კვირის მთავარ სკანდალზე მინდა ვისაუბროთ. ჯერ იყო და, ფოთის მერიამ და APM-Terminal-მა დააანონსეს ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, თუმცა მეორე დღეს ეკონომიკის მინისტრმა მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 2 მაისის #77-04 ბრძანება, რომელიც სწორედ ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის წინასწარ ნებართვას ეხებოდა, გააუქმა. მეტიც, ნათია თურნავამ ამ დოკუმენტის გამო სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. რა მოხდა სინამდვილეში, რას ემსახურებოდა შექმნილი ვითარება, დღემდე ბუნდოვანია, თუმცა მომხდარის რეზონანსით თუ ვიმსჯელებთ, ამან პირდაპირ დაარტყა ანაკლიის პორტის პროექტს... ამ პროცესში როგორ ხედავთ ხელისუფლების როლს? - ბოლო ხანს განვითარებულ მოვლენებს თუ გადავხედავთ, დაწყებული ფულის გათეთრების ბრალდებით და "თიბისი ბანკის" ირგვლივ განვითარებული ისტორიით გაგრძელებული, აშკარაა, რომ მთავარი შეკითხვები სწორედ ხელისუფლების მიმართ არის. შექმნილი ვითარება საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ ეს პროცესები მიმართული იყო და ახლაც არის არა ანაკლიის პროექტის, არამედ იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომელმაც ამ პროექტის განხორციელება საკუთარ თავზე აიღო. ხელისუფლების არგუმენტები, რომ ეს პროცესები ურთიერთდაკავშირებული არ არის, არადამაჯერებელია, იმიტომ, რომ ინვესტორი, რომელსაც ეუბნებიან, რომ პროექტის მთავარი ოპერატორი მძიმე დანაშაულში - ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი, ბუნებრივია, ინვესტიციას ამ პროექტში აღარ ჩადებს. შემდეგ ხელისუფლებამ აბსოლუტურად შეცვალა თავისი პოლიტიკა - კეთილგანწყობა გამოხატა პროექტის მიმართ, მაგრამ ამ ფონზე ისევ განხორციელდა პროექტზე ირიბი დარტყმა. თითქოს ამ ყველაფერში კონსოლიდირებული ხელისუფლება არ ურევია, მაგრამ ეს არავის სჯერა.

პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება აგებულია კომერციულ მოლოდინზე და როცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურმე ხორციელდება ალტერნატიული პროექტი, ბუნებრივია, ეს დასაბუთება საეჭვო ხდება. ამის გამო ინვესტორებთან უკვე ფინალურ ეტაპამდე მისული კონტრაქტიც კი შეიძლება ჩაიშალოს. ანუ მოვლენები ისე ვითარდებოდა, შეიძლება ვიეჭვოთ, რომ ხდება ანაკლიის პროექტის საბოტირება.

ანაკლიის პორტი არის კონსტიტუციით გამყარებული პროექტი, როგორც სახელმწიფოსთვის სტრატეგიული, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტი და როდესაც ასეთ სახელმწიფოებრივ პროექტს ასე ეხებიან, აუცილებლად უნდა ვეძებოთ საბოტაჟის ნიშნები.

ჩემი აზრით, ეს თემა გამოსაძიებელია.თუ ხელისუფლება ამბობს, რომ ის არაფერ შუაშია, მაშინ ყველაზე მეტად მას უნდა აინტერესებდეს იმის გარკვევა, რა მოხდა. გასაგებია, რომ ახლა ჯოხი ტყდება ვიღაც ერთ ჩინოსანზე, რომელმაც თურმე საკუთარ ნებით მოაწერა ხელი ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ საინტერესოა, დამკვეთი ვინ იყო. შეიძლება მან საკუთარ თავზე აიღო რაღაც, მაგრამ აშკარაა, ის საკუთარი ინტერესებით არ მოქმედებდა. მას ჰყავდა დამკვეთი და ხელისუფლება ვალდებულია, გამოავლინოს ეს დამკვეთი, მისცეს ამ ყველაფერს შესაბამისი კვალიფიკაცია.

ორი აზრი არ არსებობს, რომ ფოთისთვის კონკურენტულ ბრძოლაში ანაკლია სერიოზული პრობლემაა. მესმის მისი მესვეურების შეშფოთებაც. ცხადია, როდესაც ანაკლია ამუშავდება, ფოთი დაკარგავს ტვირთების დიდ მოცულობას. ბიზნესის თვალსაზრისით მესმის ფოთის პორტის ხელმძღვანელობის, მაგრამ ყოვლად მიუღებელია ის ფორმა, რაც ჩვენ ვნახეთ... ამ მეთოდებით საბოტაჟი არასწორია, მით უფრო, რომ ძალიან საეჭვოა, რეალობას შეესაბამებოდეს ან შესაძლებელი იყოს ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. მათ ეს კარგად იციან, თუმცა, როგორც ჩანს, მათი განცხადების მიზანი მშენებლობა არც ყოფილა - მიზანი ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლა იყო. ეს ფორმა მიუღებელია. ასეთი თამაშები სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს.

ხელისუფლება, კონსტიტუციური ნორმიდან გამომდინარე, ვალდებულია, ხელი შეუწყოს ამ პროექტის განხორციელებას, ჩამოაშოროს მას ყველა სუბიექტური და ობიექტური რისკი. თუმცა არ დავეთანხმებოდი ერთ საკითხს, რომელსაც ჰქვია კომერციული რისკების დაზღვევა. აქ ვიზიარებ ხელისუფლების პოზიციას და მეც მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან კომერციული რისკების განსაკუთრებული ფორმით დაზღვევა სწორი არ იქნებოდა.

კიდევ ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს - ამ პროექტს ეკონომიკურზე მეტად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. საქმე ის არის, რომ გარდა საპორტო მომსახურებისა, ანაკლიის ირგვლივ შეიძლება განვითარდეს ორი ძალიან სერიოზული მიმართულება. ერთი, ეს არის ლოჯისტიკური ცენტრი თავისი ინდუსტრიული ზონით, რაც, ჩვენი გეოპოლიტიკური ფუნქციიდან გამომდინარე, შეიძლება სტრატეგიულად საინტერესო პროექტი გამოდგეს. მეორე - უსაფრთხოების კუთხითაც ანაკლია შეიძლება სამომავლოდ ძალიან საინტერესო პროექტად იქცეს. მოგეხსენებათ, შავი ზღვა დასავლეთ რუსეთის დაპირისპირების ერთ-ერთი ეპიცენტრია, თუმცა დასავლეთს არა აქვს ადეკვატური ინფრასტრუქტურა, რომ რუსეთის დომინირება დააბალანსოს. სწორედ ამიტომ ანაკლიას უსაფრთხოების კუთხით შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი როლი მიენიჭოს. საქართველოს სხვა პორტებში ამის გაკეთება შეუძლებელია.

- სწორედ ამის გამოა, რომ რუსეთს ამ პროექტის განხორციელება არ უნდა. შექმნილ ვითარებაში რუსეთის ხელსაც თუ ხედავთ? - ცალსახაა, რომ ამ პროექტის განხორციელება რუსეთის ინტერესებს არ შეესაბამება. ისიც აშკარად ჩანს, როგორ ცდილობენ მათი აგენტები ამ საბოტაჟის წახალისებას. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ მცდელობის სათავე არ არის რუსული დაკვეთა. ისევე, როგორც დავითგარეჯასთან დაკავშირებით არ ყოფილა რუსული დაკვეთა და პრობლემები რუსეთის გარეშეც არსებობდა.

როდესაც ჩვენში პრობლემები იჩენს თავს, რუსეთი ამის გამოყენებას ცდილობს. ყველაფერს აკეთებს, რომ დაპირისპირება გააძლიეროს. სამწუხაროდ, როგორც ანაკლიის პორტის, ისე დავითგარეჯის შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს რუსული და საქართველოში მოქმედი დაჯგუფებების ინტერესთა თანხვედრასთან. ასეთი თანხვედრა ძალიან სახიფათოა და ყველა მოთამაშემ, ვისაც, შესაძლოა, მყარი არგუმენტებიც აქვს, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, ამგვარი ქმედებებით ხელს ხომ არ უწყობს მტერს. აქ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ეკისრება.

მოკლედ, ამ პროცესების მთავარი ინიციატორი რუსეთი არა მგონია, მაგრამ თუ ასეა, ჩვენ უფრო დიდ უბედურებაში ვყოფილვართ...

- გასულ კვირას ლარის გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მართალია, ეროვნული ვალუტა დასტაბილურებისკენ მიდის, მაგრამ საინტერესოა, როგორ ახსნით ამ ძვრებს და ეთანხმებით თუ არა ხელისუფლებას, რომ რყევას გარე ფაქტორები განაპირობებს? - ხელისუფლების ახსნას შეიძლება დავეთანხმოთ, მაგრამ ესეც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. მათი განმარტებები დანაშაულის აღიარების ტოლფასია. რატომ მოქმედებს გარე ფაქტორები ჩვენს შიდა ბაზარზე ასე? ამის მიზეზი ხელისუფლების მცდარი ეკონომიკური პოლიტიკა ხომ არ არის?

აი, რას ვგულისხმობ - ეროვნულ ვალუტაზე გარე ფაქტორები ზემოქმედებს იმპორტ-ექსპორტის სალდოდან გამომდინარე. ჩვენ გვაქვს კატასტროფული სავაჭრო სალდო თურქეთთან. ამიტომაც მოხდა ასეთი დაწოლა ლარის კურსზე. ახლა ლირა გამყარდა და თითქოს ლარიც გაჩერდა.

როდესაც ექსპორტ-იმპორტის ასეთი სალდო გაქვს, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას ეკონომიკა არ გააჩნია და საგარეო რისკებზეა დამოკიდებული.

ერთადერთი წამალი ჩვენი ვალუტის სტაბილურობის არის ამ სალდოს დასტაბილურება, ანუ ექსპორტი და იმპორტი უნდა იყოს ადეკვატური.

ეს არის პასუხისმგებლობა ხელისუფლებისა, რომელმაც ვერაფრით შეძლო ეკონომიკის რეალური სექტორის სტიმულირება ისე, რომ ეს სისტემური ხარვეზი გამოსწორებულიყო. ლარის კურსის სიმყარის ყველა სხვა ფაქტორი - იქნება ეს ტურიზმი, პირდაპირი ინვესტიციები თუ ფულადი გზავნილები - არის მხოლოდ სუბიექტური და ეს ვერ იქნება სტაბილურობის გარანტია.

სამწუხაროდ, მცირე ცვლილებებს თუ არ ჩავთვლით - ვგულისხმობ ეკონომიკის სტიმულირების გარკვეულ პროგრამებსა და პროექტებს - ეკონომიკური მიმართულებითაც იგივე ხდება, რა პოლიტიკასაც სააკაშვილი ატარებდა.

გამოწვევა არის სისტემური და ამას სჭირდება არა კამპანიური, არამედ სისტემური სტიმულირება. ხელისუფლება ამას ვერ ახერხებს იმიტომ, რომ მასშტაბური, სისტემური გადაწყვეტილებების მიღების ან უნარი არა აქვს, ანაც - ხედვა. ჩემი აზრით, თუნდაც მამუკა ბახტაძეს აქვს საკმარისი კვალიფიკაცია, რომ ამ პრობლემებს ხედავდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ის გადაწყვეტილებებს ვერ იღებს.

- ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ ეკონომიკური წინსვლისთვის 6-7 წელიწადი ცოტა დროა, თუმცა გვახსოვს, როგორ გვეუბნებოდა, "ქართული ოცნების" მმართველობის მეოთხე წელი კეთილდღეობის ხანა იქნებაო. საინტერესოა, "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში მოსვლისას თუ ჰქონდა გრძელვადიანი ეკონომიკური სტრატეგია, რას ემყარებოდა ივანიშვილის დაპირება? - მე ისე წამოვედი ხელისუფლებიდან, რომ გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა არ არსებობდა. ჩვენ ვლაპარაკობდით, რა იყო გასაკეთებელი, მაგრამ ამისთვის სტრატეგიის სახე არ მიგვიცია. მით უმეტეს, რომ ბევრი იყო ხელის შემშლელი ფაქტორი, მათ შორის - ეკონომიკური ცენტრების განაწილება, სხვადასხვა ინტერესჯგუფის არსებობა და ა.შ. ამ მხრივ ბევრი არაფერი შეიცვალა. ინტერესჯგუფები დარჩნენ ინტერესჯგუფებად, მონოპოლიები უფრო გამსხვილდნენ. როდესაც ხელისუფლებას აქვს პრეტენზიები საბანკო სექტორთან, ისმის კითხვა: ვინ შექმნა ეს პრობლემები?! საბანკო სექტორის ეკონომიკაზე დომინირება ახალი ხელისუფლების პირობებში კი არ შემცირდა, პირიქით, გაიზარდა.

ბახტაძის მოსვლის შემდეგ ამ კუთხით პოლიტიკა ცოტა გამკაცრდა, თორემ მანამდე სრული განუკითხაობა იყო. დღეს ქართული ეკონომიკა როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალური მონოპოლიების ხელშია. როგორ შეიძლება ფარმაცევტს ჰქონდეს საკუთარი საავადმყოფო, მით უფრო - სადაზღვევო კომპანია! ეს ხომ ბაზრის განვითარებისთვის კატასტროფაა!..

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების სია უკვე ცნობილია. სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოაქვეყნა, 144 კანდიდატია. მართალია, მათ შორის არ მოხვდნენ ისეთი ოდიოზური მოსამართლეები, როგორიც არიან გვრიტიშვილი და ჩინჩალაძე, მაგრამ მოხვდა არაერთი სხვა მოსამართლე, რომელთა სახელიც ასევე ასოცირდება უკანონო გადაწყვეტილებებთან... - ამ პროცესთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს, რადგან იქ ყველაფერს კვლავაც ცნობილი კლანი აკონტროლებს, ამის თავიდათავი კი იუსტიციის საბჭოა. ამ ვითარებაში კანონზე აპელირება სასაცილოა. რა მნიშვნელობა აქვს, რა კანონი იქნება, გადაწყვეტილებებს ხომ ეს ავგიას თავლა - იუსტიციის საბჭო იღებს და ამჯერადაც მშვენივრად მოახერხებს კანონისთვის გვერდის ავლას. თვითონ ეს ინსტიტუტია დისკრედიტებული.

რადგან ინსტიტუციურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, გრძელვადიანი განვითარების თვალსაზრისით იქნებ სჯობდეს კიდეც, რომ უზენაეს სასამართლოშიც ეს ოდიოზური მოსამართლეები აირჩიონ, რათა პრობლემა მთლად გაშიშვლდეს და როდესაც სასამართლო სისტემის რეალურად გაჯანსაღების დრო დადგება, ჩვენ, ყველას, მეტი მორალური უფლება გვექნება, ეს ხალხი "ჯოხით" გამოვყაროთ სასამართლოდან.