დუგინის "ფსალმუნები" - როგორ მოქმედებს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ
დუგინის "ფსალმუნები" - როგორ მოქმედებს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ
"საბჭოთა კავშირის მონატრება იმით კი არ არის განპირობებული, რომ კომუნისტურ იდეოლოგიაზე გიჟდებოდნენ, არამედ იმით, რომ უკეთესად ცხოვრობდნენ"

ცოტა ხნის წინ გავრცელდა რუსი ფილოსოფოსის, პროფესორ ალექსანდრ დუგინის ვიდეობლოგი, რომელშიც ის საქართველოზე საუბრობს და რასაც ჩვენთან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საქმე ის არის, რომ გზავნილები, რომლებიც თავის დროზე კრემლის რუპორად წოდებული და საქართველოსადმი უკიდურესად რადიკალურად განწყობილი ბატონი დუგინისგან ისმის, პირდაპირ ასახავს იმ ტენდენციებს, რომლებიც ბოლო დროს რუსულ პოლიტიკურ თუ ექსპერტთა წრეებში შეიმჩნევა და
საქართველოში პრორუსული განწყობის გასაძლიერებელ ერთგვარ სახელმძღვანელოდაც შეიძლება მივიჩნიოთ ე.წ. რბილი ძალის გამოყენებით.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გიორგი გობრონიძის აზრით, რომელსაც ამ გზავნილების გაანალიზება ვთხოვეთ, დღეს დუგინის აზრს რუსეთში­ ნაკლებად უსმენენ, თუმცა ყველა ის საკითხი, რომელთაც ის შეეხო, ასახავს რუსეთში ბოლო დროს გაჩენილ ტენდენციას, რომლის მიხედვითაც საქართველოში
განსაზღვრული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები უკვე მოქმედებენ.

ალექსანდრ დუგინის საუბრის ამონარიდი: "საქართველო ცვლილებების ზღვარზეა.­ ქართული ტრადიციონალიზმი­ სულ უფრო ძლიერი ფაქტორი ხდება. საქართველო მართლმადიდებლური ცივილიზაციის ნაწილია, რომელიც სულ უფრო მეტ წინააღმდეგობაში შედის ანტიქრისტ­ესთან. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ საქართველოს აღორძინებას ახალი კონტექსტითა და ძალებით, ახალი ბრძნული პოლიტიკით, ბრძენი ხელმძღვანელებით... საქართველოში ვხედავთ პროქართული ძალების ზრდას, რომლებიც ჩვენი მთავარი მოკავშირეები უნდა იყვნენ".

ალბათ, ბევრს გაგახსენდათ ზოგიერთი­ პოლიტიკური ძალა და პოლიტიკოსი, პროქართულობას რომ იჩემებენ და სწორედ დუგინის გზავნილებით ოპერირებენ. ისმის კითხვა, რას ცდილობს რუსეთი­ - ჩვენი მოქალაქეების ემოციურ განწყობებზე თამაშს და ვითარების შიგნიდან არევას?

გიორგი გობრონიძე:
- ჩვენ დღეს ვუყურებთ რუსეთის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაციას, რომლის გზაზეც, მოყოლებული საბჭოთა კავშირის დაშლიდან, რამდენიმე საინტერესო ეტაპი შეიძლება გამოვყოთ. თავდაპირველად, როცა იშლება საბჭოთა კავშირი, მმართველი ელიტა ცდილობს საკუთარი თავი წარმოადგინოს ძალად, რომელმაც ტოტალიტარი მონსტრი დაამარცხა და ამით ცდილობდნენ რეალური მარცხის გადაფარვას. არადა, საბჭოთა კავშირის კოლაფსს რუსული პერსპექტივით რომ შევხედოთ, ეს არის რუსეთისთვის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა­ მე-20 საუკუნეში. დაიკარგა­ მისი, როგორც ძალის ცენტრის აღქმა და გადაიქცა დიდი გავლენის, თუმცა მაინც რეგიონული მასშტაბის სახელმწიფოდ.


ადვილად პროგნოზირებადი იყო, რომ შემდგომ ეტაპად და რუსულ ეროვნულ პროექტად აუცილებლად იქცეოდა სტატუსის დაბრუნებაზე ზრუნვა, ანუ ის შეეცდებოდა კონკრეტულ მიმართულებებზე კონტროლის დამყარებას, სადაც განსაზღვრ­ავდა პოლიტიკურ დღის წესრიგს. და სად უნდა იმოქმედოს მან, თუ არა საბჭოთა­ კავშირის ყოფილ სივრცეში?
შესაბამისად, რუსეთის სტატუსის აღდგენა თუ არის ამ ქვეყნის ეროვნული პროექტი, ჩვენი ეროვნ­ული პროექტი ის არის, რომ შევდგეთ­ როგორც დამოუკიდ­ე­ბელი სახელმწიფო­, შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ ჩვენი და რუსეთის ეროვნული­ პროექტები პრაქტიკულად განწირულია ისტ­ორიული კოლიზიისთვის­, რადგან მათი წარმატება ნიშნავს ჩვენს მარცხს და პირიქით. ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ განსაზღვრულ ისტ­ორიულ პერიოდში სხვანაირად რომ გვემოქმედა, ვითარებაც სხვა­გვარი იქნებოდა, რუსეთი სხვაგვარად მოიქცეოდა, მცდარია. ჩვენი კონფრონტაცია იყო გარდაუვალი, უბრალოდ, ჩვენ შეგვეძლო უკეთესად მოვმზადებულიყავით, რომ კონფრონტაციის შედეგები მინიმუმამდე დაგვეყვანა. სამწუხაროდ­, ეს ვერ მოხერხდა და შედეგად მივიღეთ 2008 წლის ომი. რუსეთი საომარ სცენარს რომ ამზადებდა, ეს უნდა დაენახა­ იმჟამინდელ პოლიტიკურ ელიტას. ლაპარაკი იმაზე, ვინ დაიწყო ომი, სრულიად უსაგნო მგონია, რადგან რუსეთი წლებია, ამ ომს ამზადებდა. ამ ომმა და ტერიტორიების აღიარებამ ერთი კარგი რამ კი გააკეთა - რუსეთის პირდაპირი გავლენის ბერკეტები საქართველოზე შემცირდა. შეიძლებოდა არ ეღიარებინათ ტერიტორიები და მუდმივად ჰქონოდათ სავაჭრო თემა.

ახლა რითი შეიძლება დაგვემუქრონ? - კრემლს პირდაპირი ზეწოლისთვის დარჩა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზები. თუ ვზომავთ სამხ­ედრო აგრესიის საფრთხეს, ამის საზომი სწორედ საზღვრებთან და ოკუპირებულ რეგიონებში შეიარაღებული ძალის რაოდენობაა, რასაც ისევ გამალებით ზრდის. ეს უკვე სიგნალია, რომ ის შეიძლება ხელახალ ინტერვენციას აპირებს. ეს პერიოდი ჩვენც იმისთვის უნდა გამოგვეყენებინა, რომ თავდაცვის სისტემა ძირეულად შეგვეცვალა...

სამხედრო ბერკეტის გარდა, რუსეთს ზეწოლისთვის ასევე დარჩა შანტაჟი, იგივე­ მცოცავი ოკუპაცია, და დაიწყო ახალი შინაარსის გზავნილების შემოგდება ქართულ საინფორმაციო ველში. ეს პირდაპირ გათვლილია ქართველი საზოგადოების ემოციურ განწყობებზე. მაგალითად, ჩნდებიან ულტრანაციონალისტური მოძრაობები, რომლებიც აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოსული მიგრანტები მტრები არიან, რომ გვართმევენ სამშობლოს, იდენტობას და ა.შ. უკაცრავად, მაგრამ ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო სამართლით აღიარებული სამი ეთნიკური წმენდა ჩაატარა, ჩვენი ტერიტორიების 20% დაიპყრო, მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა, დაარღვია ყველა საერთაშორისო კონვენცია, არ არის ნომერი პირველი მტერი და პაკისტანელი მიგრანტი მტერია?! რუსეთი მუშაობს, რომ როგორმე შიგნიდან მოახდინოს საზოგადოებაზე ზემოქმედება.

- ალბათ, სწორედ ამის კონტექსტში უნდა განვიხილოთ მუდმივად პედალირება ერთმორწმუნეობასა და პროქართულ პოლიტიკაზე...
- რუსეთი საკუთარი პროპაგანდისთვის იყენებს ჩვენი საზოგადოების სისუსტეებს. ჩვენგან განსხვავებით ისინი ძალიან კარგად იცნობენ ქართველ საზოგადოებას. ჩვენ კი არათუ რუსული პოლიტიკის ანატომიას არ ვსწავლობთ, ჩვენსავე სისუსტეებში ვერ გავრკვეულვართ.

გასაგებია, რომ საზოგადოების ნაწილში არის ანტირუსული განწყობა, რაც უნდა იყოს კიდეც, რადგან რუსეთი მტერია, მაგრამ, იმავდროულად, ეს განწყობა მაინც უფრო ემოციური და სტიქიურია. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვახერხებთ რუსეთის შესაკავებელი რაციონალური პოლიტიკის შემუშავებას. ნაცვლად იმისა, მტრის ანატომიას კარგად ვსწავლობდეთ, ჩვენი აკადემიური სივრცე ამგვარი კვლევებისგან დაცლილი გვაქვს. არ შეიძლება ამაზე მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობდნენ. ამიტომაცაა, რომ დღემდე შეუძლებელი და რთულია მეთოდოლოგიურად­ შევაფასოთ, რა შედეგი და გავლენა აქვს ამ რუსულ გზავნილებს ჩვენს საზოგადოებრივ აზრსა და საინფორმაციო ველზე. აკადემიური სექტორი ამით არ ინტერესდება, სახელმწიფო ინსტიტუტების რესურსი მწირია. კარგია, რომ რუსულ პროპაგანდას პრობლემად ვაღიარებთ, მაგრამ არ ვიცით, რა შედეგები და გავლენა აქვს ამას? არც ის ვიცით, ჩვენს საზოგადოებაში რა ფაქტორები უწყობს ხელს ამ პროპაგანდის წარმატებას.

ჩვენ მაინც ტრადიციული საზოგადოება ვართ, მაგრამ როცა ვსვამთ კითხვას, მაინც რა არის ქართული ტრადიცია, რომლის დაკარგვაც წაგვართმევს იდენტობას, პასუხი არა გვაქვს. ვინ არის ქართველი, რა არის ქვეყნის ეროვნული იდეა და რისთვის არსებობს ეს ქვეყანა? - არც ამ კითხვებზე ჩანს პასუხი... შესაბამისად, რაც უნდათ, იმას შემოგვაჩეჩებენ, ეს არის ქართველობაო.

აი, მაგალითად, ერთხანს მიდიოდა პროპაგანდა, რომ ეთნიკური ქართველი იყო მხოლოდ მართლმადიდებელი ქართველი, შედეგად კი ხელს ვკრავდით მუსლიმან­ თუ კათოლიკე ქართველთა მემკვიდრეობას. ახლა თურმე ჩვენი ქართველობა ჩვენს საკრალურობაში ყოფილა, რასაც ასაზრდოებს ისევ და ისევ ჩვენი განწყობები, როდესაც საზოგადოებას სხვას ვერაფერს ვთავაზობთ, გარდა ღვთისმშობლის წილხვედრობის დაკანონებისა...

კიდევ ერთი თემა თურქეთიდან და საზოგადოდ მუსლიმანური სამყაროდან მომავალი საფრთხეებია. დღეს თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც საზღვარი­ დემარკირებულ-დელიმიტირებული გვაქვს, ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, თუმცა ხშირად ასე ცდილობენ წარმოაჩინონ საკითხი, თუ რუსეთი ოკუპანტია, თურქე­თიც ოკუპანტიაო. სულელი უნდა იყო, რომ დღევანდელ მოცემულობაში რუსეთი და თურქეთი გააიგივო.

ქართველი საზოგადოება შოვინისტური არასდროს ყოფილა. თუნდაც ჩვენს ისტორიას რომ გადავხედოთ, არა მხოლოდ ქართველი, უცხოელი ისტორიკოსებიც აღნიშნავენ, რომ ეს ქვეყანა იყო მულტინაციო­ნალური, ბოლოს და ბოლოს, თბილისის მფარველი წმინდანი გვყავს არაბი. ამ კოსმოპოლიტურ სახელმწიფოში, რომელიც ცივილიზაციათა გზაჯვარედინზეა, ცრუწარმოდგენებითა და ტენდენციებით აშკარად გვიბიძგებენ ჩაკეტილი­ საზოგადოების შექმნისკენ. და თუ ჩვენში იჯერებენ ამ მითებსა და ზღაპრებს, ეს ჩვენს კიდევ ერთ პრობლემას წარმოაჩენს - ძალიან სუსტ განათლების სისტემას, რასაც რუსეთი­ ხედავს და გამოყენებას ცდილობს.

ხშირად კრიტიკული აზროვნების დეფიციტია სწორედ განმსაზღვრელი რუსული პროპაგანდის წარმატებისა, ვიდრე თვითონ პროპაგანდის მაღალი ხარისხი. ეს პროპაგანდა, ძირითადად, თქმულების თეორიები და ტყუილებია.

- ენ-დი-აის ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 39% საბჭოთა კავშირის დაშლას უარყოფითად აფასებს...
- არა მგონია, ამ შედეგის მთავარი მიზეზი რუსული პროპაგანდა იყოს. როდესაც ლიბერალური წრეები ამბობენ, რომ ხალხს საბჭოთა კავშირი ენატრება, კითხვა არ გასჩენიათ, რატომ? იქნებ იმიტომ, რომ ამ ხალხმა უკეთესად იცხოვრა საბჭოთა კავშირში, ვიდრე დამოუკიდებელ საქართველოში. მონატრება იმით კი არ არის განპირობებული, რომ კომუნისტურ იდეოლოგიაზე გიჟდებოდნენ, არამედ იმით, რომ უკეთესად ცხოვრობდნენ. ახლა რას სთავ­აზობს სახელმწიფო ამ ადამიანებს უკეთესი ცხოვრებისთვის? - ეკონომიკური სიდუხჭირეც ხომ ჩვენი სუსტი მხარეა, რის გამოყენებასაც ასევე ცდილობს რუსეთი.
სამწუხაროდ, ამ პროცესებში საერო საზოგადოებასთან ერთად ჩართულია საეკლესიო საზოგადოების ნაწილიც, ხშირად ვისმენთ ძალიან უცნაურ განცხადებებს, ვხედავთ უცნაურ ნაბიჯებს. რუსეთი შეეცდება კიდევ უფრო გაგვხვიოს მითოლოგიურ ბურუსში, ცდილობს ყველაფერი შინაარსისგან დაცლილ ურაპატრიოტიზმამდე დაიყვანოს.

- "რაც შეეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ეს დროებითი სიტუაციაა. სტატუს კვო შეიძლება ერთხანს გაგრძელდეს, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ: განა მათი სახელმწიფოებრიობა­ ნამდვილია? ორივე ტერიტორია ან რუსეთს უნდა შეუერთდეს, ან ახალ კონტექსტში უნდა ველაპარაკოთ საქართველოს ურთიერთობის დასარეგულირებლად, უნდა შევთავაზოთ სხვა ვარიანტი, მაგრამ უკვე გარანტიებით, თავისუფ­ლებით", - ეს არის დუგინის ვიდეობლოგის ამონარიდი, რომელზე მსჯელობისას ასეთი­ განცხადებებიც მოვისმინე, თუ რუსეთი­ დაგვიბ­რუნებს ტერიტორიებს, რატომ არ უნდა ვთქვათ დასავლეთსა და ნატოზე უარიო?
- რუსულ აკადემიურ წრეებში ამ საკითხზე ბოლო დროს გახშირდა ლაპარაკი. ამბობენ, ეს არის თემა, რომელზეც შეიძლება ვიმსჯელოთო, ოღონდ ამ ვითომ დაბრუნების მოდელს როგორ განიხილავენ, ეს არის საინტერესო. ლაპარაკია ისევ რუსეთის მეთვალყურეობით სუვერენული აფხაზეთის, სუვერენული სამხრეთ ოსეთისა და სუვერენული საქართველოს თანასწორუფლებიანი კონფედერაციის შექმნაზე.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გადავიქცევით რუსულ კოლონიად, თან ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ყველა საერთაშორისო ვალდებულებასა და პარტნიორობაზე, შედეგად კი მოვექცევით იზოლაციაში, რაც რუსეთს კიდევ უფრო გაუადვილებს ჩვენს გადაყლაპვას. ჩვენ თუ ევროკავშირთან ასოცირების, უვიზო მიმოსვლის, ნატოსთან თანამშრომლობის არაერთი მექანიზმის შემდეგ ყველაფერ ამაზე ვიტყვით უარს და გავხდებით რუსეთის სატელიტი, რა გამოდის, მთელი ეს ძალისხმევა, რაც დასავლეთმა ჩადო ჩვენს განვითარებაში, ფუჭი ყოფილა. რა მოხდება მაშინ, თუ რუსეთის ორბიტაზე დავბრუნდებით? ის შეეცდება ჩვენს სამაგალითოდ მორჯულებას და ჩვენგან იმგვარი პრეცედენტის შექმნას, რომ სხვამ ვეღარასდროს გაბედოს დასავლეთისკენ გახედვა.

კიდევ ერთი თემა, რაზეც მუდმივად აპელირებენ, არის დასავლეთიდან შემოსული გარყვნილება. თითქოს სოჭსა და სხვა საბჭოთა­ კურორტებზე ჩვენი ბაბუები დაუჯდომლის საკითხავად დადიოდნენ და სხვა არაფერი უნდოდათ. ან რისთვის მისტირიან დღემდე მოსკოვის 37-მანეთიან ბილეთებს? თუ გარყვნილებაზე ვლაპარაკობთ, მოდი, ვნახოთ, რომელი სახელმწიფო ლიდერობს მსოფლიოში ბავშვთა პორნოგრაფიით, ნარკომანიითა და ალკოჰოლიზმით? - რუსეთი!

შემთხვევითი არ ყოფილა, საქართველოსა და უკრაინაში ერთდროულად რომ იმართებოდა აქციები მამათმავლობის პროპაგანდის აკრძალვის წინააღმდეგ, რის შემდეგაც ორიოდე კვირაში რუსეთმა მიიღო­ კანონი "ჰომოსექსუალიზმის აკრძალვის შესახებ". ეს შიდა მოხმარების კანონი­ არ არის, იქ ისევ ისე ცხოვრობენ, ეს არის პირდაპირ გარე მოხმარებისთვის გაკეთებული იმის სათქმელად, აი, ჩვენ ვდგავართ ზნეობის სადარაჯოზეო.

კიდევ უფრო სახიფათო მგონია განცხადებები ლუგარის ლაბორატორიასა და პანკისის ხეობაზე. გახსოვთ, ალბათ, ლავროვის განცხადება გასულ წელს, რომ იქ თითქოს ტერორისტები იყვნენ. თუ ჩავხედავთ­ 2015 წელს განახლებულ რუსულ უსაფრთხოების სტრატეგიას, პირდაპირ წერია, რომ რუსეთისთვის სასიცოცხლო გამოწვევაა­ მის საზღვრებთან ტერორისტული ბაზები და ბიოიარაღის გავრცელების ლაბორატორიები. ამგვარად ქმნის რუსეთი რაღაც საფუძველს, რომ წერტილოვანი დარტყმა მოგვაყენოს. ამ ყველაფერს უნდა დაუპირისპირდეს სწორი საინფორმაციო გზავნილები, აკრძალვა არაფერს მოგვცემს. რაც შეიძლება საფუძვლიანად უნდა გამოვიკვლიოთ ეს მიმართულება. მაგალითად, ჩვენ წარმოდგენა არა გვაქვს, რუსული ოფიციალური და რელიგიური ინტერესთა ჯგუფები როგორ მუშაობენ ქართულ ემიგრაციაზე. მოკლედ, ჩვენს სისუსტეებს უნდა მოვუაროთ, უპირველესად ეკონომიკური და დემოკრატიული მიმართულებით. აუცილებელია ქვეყანაში პოზიტიური მოლოდინების გაჩენა. რუსეთის პროპაგანდისტულ ომს კომპლექსური მიდგომით უნდა დავუპირისპირდეთ - პოლიტიკური ხედვის ჩამოყალიბებით, ექსპერტიზის გაძლიერებითა და ა.შ.
Zaza
18 ივნისი 2019 11:54
არ დამბლოკოთ!..
სწორედ ჩვენშია პრობლემა და სხვისკენ ვიშვერთ თითებს, ოღონ მე არ ვიყო დამნაშავე და თუ გინდათ მთელი მსოფლიო იყოს... აი, სწორედ ეს გვჭირს და იმიტომ ჯერ ჩვენ ვერ გაგვიგია და მერე სხვებისთვის ვერ გაგვიგებინებია... წინა საუკუნეებში ჩვენი წინაპრები ჩვენზე სწორად იქცეოდნენ, მართალია ბევრი მტერი გვყავდა საუკუნეების განმავლობაში, მოსვენებას არ გვაძლევდნენ მაგრამ, ყველამ იცოდა ვინ იყვნენ ქართველები, ქართველების ფასი ყველამ იცოდა, ყველამ იცოდა ქართველი როდის იყო საშიში და რისთვის ცხოვრობდა ქართველი, რა შეეძლო ქართველს... დღეს, იმისმაგივრად რომ გავაგრძელოთ ჩვენი წინაპრების პოლიტიკა იმ მიმართულებით რომ მსოფლიომ გაიგოს ვინ ვართ, რა გვინდა, რა შეგვიძლია, რით ვარსებობთ, რა არის ჩვენი მიმართულება, რა არის ჩვენი მენტალიტეტი ასე შემდ... სამწუხაროდ დაკავებულები ვართ ერთმანეთის ჩაგვრით, დამცირებით, ხოცვით და სხვის თვალში რომ კარგები გამოვიდეთ, შეგვიძლია სხვებისთვის მასხარებიც ვიყოთ... მაგალითად პანკისში რომ დაულეწეს თავპირი ჩვენს პოლიციას... ამდენი დრო გავიდა და არარავის აინტერესებს რა მოხდა და ვინ რა დააშავა როგორც კანონი... და გუშინდელი ამბავი, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა... მართლმადიდებლობის დამცველებში ეძებთ დამნაშავეებს, ისევ ქართველებში, შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო, ჩვენზეა ნათქვამი... საკუთარ ხალხთან დიდი გული გვაქვს და სხვებთან?!.... აი, სწორედ ეს გვჭირს დღევანდელ ქართველებს!...
Zaza
18 ივნისი 2019 11:38
სწორედ ჩვენშია პრობლემა და სხვისკენ ვიშვერთ თითებს, ოღონ მე არ ვიყო დამნაშავე და თუ გინდათ მთელი მსოფლიო იყოს... აი, სწორედ ეს გვჭირს და იმიტომ ჯერ ჩვენ ვერ გაგვიგია და მერე სხვებისთვის ვერ გაგვიგებინებია... წინა საუკუნეებში ჩვენი წინაპრები ჩვენზე სწორად იქცეოდნენ, მართალია ბევრი მტერი გვყავდა საუკუნეების განმავლობაში, მოსვენებას არ გვაძლევდნენ მაგრამ, ყველამ იცოდა ვინ იყვნენ ქართველები, ქართველების ფასი ყველამ იცოდა, ყველამ იცოდა ქართველი როდის იყო საშიში და რისთვის ცხოვრობდა ქართველი, რა შეეძლო ქართველს... დღეს, იმისმაგივრად რომ გავაგრძელოთ ჩვენი წინაპრების პოლიტიკა იმ მიმართულებით რომ მსოფლიომ გაიგოს ვინ ვართ, რა გვინდა, რა შეგვიძლია, რით ვარსებობთ, რა არის ჩვენი მიმართულება, რა არის ჩვენი მენტალიტეტი ასე შემდ... სამწუხაროდ დაკავებულები ვართ ერთმანეთის ჩაგვრით, დამცირებით, ხოცვით და სხვის თვალში რომ კარგები გამოვიდეთ, შეგვიძლია სხვებისთვის მასხარებიც ვიყოთ... მაგალითად პანკისში რომ დაულეწეს თავპირი ჩვენს პოლიციას... ამდენი დრო გავიდა და არარავის აინტერესებს რა მოხდა და ვინ რა დააშავა როგორც კანონი... და გუშინდელი ამბავი, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა... მართლმადიდებლობის დამცველებში ეძებთ დამნაშავეებს, ისევ ქართველებში, შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო, ჩვენზეა ნათქვამი... საკუთარ ხალხთან დიდი გული გვაქვს და სხვებთან?!.... აი, სწორედ ეს გვჭირს დღევანდელ ქართველებს!...
maqsi
18 ივნისი 2019 10:22
რუსეთმა აფხაზეთი და სამაჩაბლო,რომ აღიარა კარგი ყოფილა თურმე,ჩვენზე ზეწოლის ბერკეტი აღარ აქვსო.ანუ ყაჩაღი რაც უფრო მეტს წაიღებს შენგან მით უკეთესი,წასაღები არაფერი დაგრჩება და წაგართმევო ვერავინ გეტყვის.რა გვეშველება ასეთი ექსპერტების ხელში,არც არაფერი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?