"ჩემში კიდევ ახალი ეკა გაჩნდა"
"ჩემში კიდევ ახალი ეკა გაჩნდა"
"მშვიდობაში მოიხმარონ უკრაინელ­ებმა სააკაშვილი, საქა­რთველოში კი არა მგონია, მას რაიმეს შანსი ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, ზელენსკიც პოროშენკოსავით ინანებს თავის გადაწყვეტილებას"

"სამართლიანობისთვის" - ასე ერქმევა "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, ეკა ბესელიას­ ახალ პოლიტიკურ პარტიას. ინტერვიუში იმ საკითხებზე საუბრობს, რომელთა გამო მმართველ გუნდთან უთანხმოება ჰქონდა და რისთვისაც გადაწყვიტა პარტიის შექმნა.

- არ ვფიქრობდი პარტიის შექმნაზე,­ მაგრამ სხვა გამოსავალი არ
დამიტოვეს და ახალი ძალის შექმნა გადავწყვიტეთ, რათა 2020 წლის არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა და შევცვალოთ ხელისუფლება. "ქართული ოცნება" იმიტომ დავტოვე, რომ სამართლიანობის იდეა თავდაყირა დადგა, იმ იდეალებს შეაქციეს ზურგი, რამაც 1-ლი ოქტომბერი შექმნა. არადა, წლების წინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილს შევხვდი, ვუთხარი, რომ ამ ბრძოლაში ისევ მასთან ერთად ვიქნებოდი, "ისევ" იმიტომ, რომ მე სამართლიანობისთვის მის პოლიტიკაში მოსვლამდეც ვიბრძოდი. როდესაც
ხელისუფლებას შევცვლიდით, ქვეყანაში სამართლის აღსრულების ყველა წინა პირობა უნდა ყოფილიყო. ის თანახმა­ იყო, თუმცა შემდგომ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა - 2018 წლის დეკემბერში ათკაციანი შავი სიის (უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის) მიღების შესაჩერებლად თანამდებობიდან გადავდექი, შემდეგ კი "ქართული ოცნებიდანაც" წამოვედი.­ ყველა მცდელობა, დამერწმუნებინა­ გუნდი, რომ მცდარი ნაბიჯები არ გადაგვედგა, ფუჭი გამოდგა. შემდეგ კანონში არასწორი ცვლილებები შეიტანეს, ჩვენი მომზად­ებული ცვლილებები კი - მოსამართლეების უვადოდ არჩევაზე მორატორიუმის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო სექტორსა და ექსპერტებთან ერთად მომზადებული ინიციატივის შესახებ - ჩააგდეს.

- პარტიის შექმნის შესახებ განცხადების­ შემდეგ ივანიშვილი არ დაგკავშირებიათ?
- არა, თუმცა "ოცნების" დატოვებამდე­ რამდენჯერმე შევხვდი და მითხრა, არ მინდა­ პარტია დატოვოო. მერე თქვა, ბოლომდე მაინც არ არის ჩემთვის გასაგები, რატომ დატოვა პარტიაო. ეტყობა, ჩემი არგუმენტი არ იყო მისთვის ბოლომდე მისაღები. ამის შემდეგ სხვა ძალებთან გაერთიანებაც შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი. იმას, რასაც წლები შევალიე და რის გამოც ჩემს ოჯახს საფრთხე შევუქმენი, წყალში იყრებოდა. ამასთან, მიუღებელი იყო ის მეთოდები, რომლებითაც ჩემი გაჩერება სცადეს და ვთქვი, ახლა არ შეიძლება გაბრაზება, ხელის ჩაქნევა და წასვლა-მეთქი.

- ფარულ ჩანაწერებს გულისხმობთ?
- ეს იყო ის აკრძალული მეთოდი, რომლითაც პირდაპირ მითხრეს, გაჩერდიო.

- თქვენი პარტია მესამე ძალა იქნება?
- არავითარი მესამე, ჩვენ ალტერნატიული ძალა უნდა გავხდეთ. "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკური რესურსი ამოწურეს, "ნაციონალური მოძრაობა" კი ხელისუფლებაში არასდროს არ უნდა დაბრუნდეს!

- გასულ კვირას სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდა. ითქვა, რომ შესაძლოა ამ ფაქტმა "ნაციონალური მოძრაობა" გააძლიეროს.
- მშვიდობაში მოიხმარონ უკრაინელ­ებმა სააკაშვილი, საქა­რთველოში კი არა მგონია, მას რაიმეს შანსი ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, ზელენსკიც პოროშენკოსავით ინანებს თავის გადაწყვეტილებას. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", უკვე ისეთ დღეშია, რომ განახლების უნარიც არ შესწევს. ეს რომ შეეძლოს, წინა პლანზე ზარდიაშვილები, მათიკაშვილები და ოხანაშვილები, 2016 წელს გამოჩეკილი ვითომ პოლიტიკოსები, არ იქნებოდნენ. ივანიშვილს არ აღმოაჩნდა ძალა მათ ჩამოსაშორებლად. არადა, არაერთხელ გამიგონია, რა უნდათ ზარდიაშვილსა და მისთანებს პარლამენტშიო. საიდან მოხვდნენ, თვითონ გაარკვიოს, ფაქტია, არც მაშინ და არც ახლა მათი ჩამოშორების სურვილი არ ჰქონია.

- ოპონენტები მსჯავრდადებულთა პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებაზე საუბრისას თქვენ და მანანა კობახიძეს გასახელებენ, მათი თქმით ე.წ. კანონიერ ქურდებსაც პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭათ...
- ამას "ნაციონალური მოძრაობა" მისი კონტროლირებადი ტელევიზიისა და ცრუპენტელა ელისაშვილის დახმარებით ახმაურებდა. ცხოვრებაში თუ რამით ვიამაყებ, ეს პოლიტპატიმრების საქმეა.

- თქვენსა და ირაკლი კობახიძეს შორის დაძაბულობა წლებია სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობს.
- კობახიძე არის ერთ-ერთი, ვინც პარლამენტი მოსამართლეებისა და ჩინჩალაძის ჯგუფისთვის, პრაქტიკულად, პოლიგონად აქცია. ეს კობახიძისთვის პირველი საჯარო სამსახურია. არ შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარედ დანიშნო ადამიანი, რომელსაც ხელქვეითად ორი კაციც არ ჰყოლია და არც პარლამენტის მართვა იცის. ახლა მან პარლამენტში თავისი კურსელები - ოხანაშვილი, მათიკაშვილი, მდინარაძე და ჩინჩალაძე შემოყარა.

პარლამენტის ისტორიაში კობახიძე ყველაზე უღირსი თავმჯდომარეა თუნდაც იმიტომ, რომ პერსონალური შურისძიებით არის დაკავებული. წერილებს რომ ვუგზავნი, პასუხსაც არ მცემს, მემალება.
კობახიძე თავის დროზე არც ივანიშვილს მოსწონდა, თუმცა ახლა ეგუება. ვიცი, რომ მის შეცვლასაც აპირებდა. უბრალოდ, ,,ქართულ ოცნებას" გასაახლებლად ადამიანური რესურსი აღარ აქვს. ამის დასტურია ადეიშვილის თანაშემწე ვანო ზარდიაშვილი.

პირველად დავუჭირე მხარი აკაკი ბობოხიძეს, როდესაც ზარდიაშვილი ისე დაახასიათა, როგორც ეკუთვნოდა. როდესაც გიგა ბოკერია გეუბნება, ჩვენი მსახური იყავიო, თავმოყვარეობა თუ გაქვს, უნდა წახვიდე, მაგრამ ამის ნაცვლად შალვა შავგულიძეს მორალს უკითხავს.

- შავგულიძე საზოგადოების ნაწილმა მისი პოლიტიკური არჩევნის გამო გაკიცხა.
- ვფიქრობ, რომ უკეთესი არჩევანი­ ჰქონდა, თუნდაც დამოუკიდებელი კანდიდატობა. თუმცა, თუ საკითხი ასე დგას, ვინ უკეთესია დღეს პარლამენტში, შალვა ბევრად უკეთესი დეპუტატი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მისი იმ ძალასთან გაერთიანების გადაწყვეტილება მცდარი იყო.
ცოტა დრო დარჩა საპარლამენტო არჩევნებამდე, პარტიის აწყობას კი ერთი წელი მაინც სჭირდება და ამ პროცესს იოლად არ ვუყურებ, მიუხედავად იმისა, რომ ,,ქართული ოცნება" ჩემი და კიდევ რამდენიმე კაცის აწყობილია. თუ მართლმსაჯულების გადარჩენა შევძელით, ვიტყვი, რომ პირნათელი ვარ. მთელი ცხოვრება პოლიტიკაში ყოფნას ნამდვილად არ ვაპირებ.

- თქვენი შვილი როგორ უყურებს თქვენს პოლიტიკურ ცხოვრებას? …
- ჩემი ოჯახის წევრები კარგად მიცნობენ და იციან, რომ უღირსი მეთოდებით ბრძოლა არავის გასვლია ჩემთან. შვილი და ძმა სააკაშვილის რეჟიმს მძევლად ჰყავდა,­ მაგრამ ვერაფრით გამაჩერეს.­ ახლაც იმ ეტაპზე ვარ, როდესაც ჩემში კიდევ ახალი ეკა გაჩნდა, რომელმაც ვითარების შესაცვლელად იპოვა ძალა და ყველა მოწინააღმდეგის პასუხად პარტიის შექმნა გადაწყვიტა.

- როდესაც სამართლიანობაზე საუბრობთ, მინდა გკითხოთ მაჩალიკაშვილისა და სარალიძის საქმეებზეც.
- ეს საქმეები ხელისუფლებას კისერზე ტვირთად აწევს და პასუხი სამართლის ენაზე უნდა გასცეს, ამიტომაც დავუჭირე მხარი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც მაინც ჩავარდა.


რუბრიკის სხვა სიახლეები