"დღეს ლარი სეზონური რყევებით დაავადდა"
"დღეს ლარი სეზონური რყევებით დაავადდა"
ფოტო:რომან გოცირიძე
რატომ უფასურდება ლარი და რას ურჩევს"ეროვნული ბანკის ყოფილი პრე­ზი­დ­ენტი კობა გვენეტაძეს, ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრა" რომან გოცირიძეს ესაუბრა.

- ეროვნული ბანკი ყოველთვის უშვებს­ ერთსა და იმავე შეცდომას - სეზონურად გამყარდებოდა ლარი, გეგონებოდა, ჩაიარა­ ყველაფერმა და ნაცვლად იმისა, ზომიერად მკაცრი პოლიტიკა გაეტარებინათ, იწყებდნენ შერბილებას, რაც გამოიხატებოდა რეფერენსირების სესხების ზრდაში, განაკვეთის შემცირებასა და უცხოური ვალუტის რეზერვების დაგროვებაში. 180 მილიონამდე დოლარი შეიძინა ეროვნულმა ბანკმა და გაზარდა რეზერვები, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით
450 მილიონი ლარი გაუშვა მიმოქცევაში. თავისთავად ეს შეიძლება არ ყოფილიყო ლარის გაუფასურების არსებითი ფაქტორი, მაგრამ გვენეტაძისთვის მთავარი ის კი არ არის, რომ ლარი ჰქონდეს სტაბილურად, არამედ სავალუტო რეზერვების შევსება რაღაც დონემდე.

- გვენეტაძე ლარის გაუფასურებას­ გარე ფაქტორებს უკავშირებს, რადგან, მისი თქმით,­ ქვე­ყანაში ფუნდამენტური პრობლემები არ
არის.
- საგარეო ფაქტორის ზემოქმედებას არავინ გამორიცხავს, ამათ კი ამ 7 წლის განმავლობაში ლარის გაუფასურებას სხვა ახსნა ვერ მოუძებნეს. როდესაც ამბობენ, საგარეო ფაქტორები მოქმედებენო, არასდ­როს განმარტავენ, რომელი ვალუტა არ შემოვიდა ან რა ოდენობის ლარი გავიდა, ანუ როგორ აისახა ეს საგარეო ფაქტორი ქვეყანაზე. ამბობენ, რომ საგარეო ფაქტორია და უნდა ვენდოთ, მაგრამ როგორც კი გადახვალთ ციფრებში, აღმოჩნდება, რომ არანაირი საგარეო ფაქტორი არ ყოფილა. ეს ცნება ორ რამეს გულისხმობს. თუ მეზობელი ქვეყნების, მთავარი სავაჭრო პარტნიორების ვალუტები იაფდება და შესაბამისად, იმ ქვეყნებში იაფდება საქონელიც, წესით საქართველოდან უნდა გადიოდეს ვალუტა და ეს უნდა აისახებოდეს სავაჭრო ბალანსზეც. არადა, ამ 4 წლის განმავლობაში, რაც ლარი უფასურდება, ყველა საგარეო კომპონენტი გაუმჯობესებულია. საგარეო ვაჭრობის­ მოცულობაც იგივეა, დაახლოებით 2%-ია სხვაობა. თურქეთიდან საქართველოში იმპორტმა 0,5%-ით მოიმატა, ანუ ლირის გაუფასურების გამო ქართველი­ ბიზნესმენები თავქუდმოგლეჯილი არ გაქ­ცეულან თურქეთში, არიქა, იაფი საქონელი ვიყიდოთო. არ შეცვლილა თურქეთთან ვაჭრობის ბალანსი. რუსეთიდან იმპორტი 8%-ით შემცირდა, ხოლო ეროკავშირის ქვეყნებთან - მთელი 15%-ით. ანუ ქვეყნიდან ვალუტა არ გასულა. მაშინ რომელ საგ­არეო ფაქტორებზეა ლაპარაკი?!

ავიღოთ მეორე შემადგენელი ნაწილი: არ შემოდის ვალუტა ქვეყანაში? თუ ასეა, ცუდია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ინვესტიც­იებ­მა იკლო და ქვეყნის ეკონომიკა აღარ არის მიმზიდველი. ინვესტიციებმა რომ იკლო, ამაზე შარშანდელი სტატისტიკაც მეტყველებს, წლევანდელი კი არ ვიცით, რადგან ძალიან გვიან ქვეყნდება. თუმცა­ ვხედავთ­, რომ ყოველ წელს იზრდება უცხოეთიდან ფულის გადმორიცხვები. ანუ ვალუტის შესვლა-გასვლის მაჩვენებელში თუ ცვლილებები არ არის, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა თავად ქვეყანაშია, რომ 3 თვის განმავლობაში 39 ათასით შემცირდა დასაქმებულთა რიცხვი. ამიტომ გადის მოსახლეობა ქვეყნიდან.

- რა უნდა გააკეთოს ეროვნულმა ბანკმა,­ რომ ლარის კურსი შეაჩეროს?
- გამოსავალი ის არის, რომ ეროვნულმა ბანკმა შეამციროს რეფერენსირების სესხები და ასწიოს განაკვეთი. აუცილებელია ეპიზოდური ინტერვენციები. რეზერვები იმიტომ არსებობს, რომ საჭიროების შემთხვევაში ლარის სტაბილურობას მოხმარდეს, სხვა ფუნქცია მას არა აქვს.

"ოცნების" ხელისუფლება აცხადებდა, რომ ლარი ზაფხულში ყოველთვის მყარი იყო, ზამთარში კი უფასურდება, თუმცა იყო დრო, ლარს არ ახასიათებდა სეზონ­ურობა. ამ ხელისუფლების და ეროვნული ბანკის პირობებში ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ ლარი მკვეთრი სეზონური რყევებით დაავადდა. ზამთარში იმიტომ უფასურდებოდა, რომ ბიუჯეტი იყო დამნაშავე - ბიუჯეტის დიდი ნაწილი დარჩენილ 2-3 თვეში იხარჯებოდა, რადგან მთელი წლის განმავლობაში ვერ ხდებოდა მისი ათვისება. ახლაც იგივე სიტუაციაა­ - 5 თვეში დაახლოებით 5 მილიარდი ლარი დაიხარჯა, დარჩენილია 10 მილიარდი, რაც ძალიან დიდი თანხაა და დარწმუნებული ვარ, როგორც ყოველთვის, ჩამორჩენა ახლაც ექნებათ.

- როდესაც თქვენ იყავით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კუპონს ორჯერ შეექმნა სერიოზული პრობლემა...
- კუპონის დროს მთავრობაში მხოლოდ 3 თვე ვიყავი, ისიც არც ვიცე-პრეზიდენტი, არც ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ ვყოფილვარ­. კუპონის გაუფასურება დაიწყო მაშინ, როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2 წლის განმავლობაში ნოდარ ჯავახიშვილი იყო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მე მაშინ ვიყავი, როცა ლარი მყარი იყო და ერთი დოლარი 1,4,-1,5 ლარი ღირდა. მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დამსახურება, არამედ მთლიანად ეკონომიკური გუნდის. მაშინ ინვესტიციები დიდი რაოდენობით შემოდიოდა ქვეყანაში.

- ლარის გაუფასურება ფასებს გაზრდის?
- ეს უპირველესად შეეხება იმპორტირებულ პროდუქტებს, საწვავს. ეს შეკვეცავს­ ეკონომიკურ აქტიურობას, ამიტომ ფასების­ ზრდა გარდაუვალია. იმპორტი აძვირებს ელექტროენერგიასაც და ბუნებრივ აირსაც.­ თუ მთავრობა ხელოვნურად დაიჭერს, მაშინ ბიუჯეტიდან მოხდება სუბსიდირება და ესეც მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი ფულია. ამიტომ გვენეტაძის განცხადება, რომ ჩვენ არ ვუყურებთ ლარის კურსს და ვუყურებთ პროცესს, არასწორია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?