უკრაინელი პოლიტოლოგი: "სააკაშვილი ნელი მოქმედების ნაღმივითაა" - კვირის პალიტრა

უკრაინელი პოლიტოლოგი: "სააკაშვილი ნელი მოქმედების ნაღმივითაა"

"ის დაბრუნდა უკრაინაში, მაგრამ სააკაშვილს ადგილი არა აქვს უკრაინის ახალ პოლიტიკურ ლანდშაფტში. ის არ სჭირდებათ არც ზელენსკის, არც ტიმოშენკოს და არც სხვა წამყვან მოთამაშეებს"

მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ პერსპექტივებზე სასაუბროდ უკრაინელ პოლიტოლოგ ვიაჩესლავ ფესენკოს კიევში დავუკავშირდით.

- უკრაინაში ბევრს მიაჩნია, რომ პოროშენკომ სააკაშვილს მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოართვა. ზელენსკიმ არჩევნების დროს დადებული დაპირება შეასრულა და სამართლიანობა აღადგინა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი ზელენსკის გუნდის წევრი გახდება. წელიწად-ნახევრის წინ სააკაშვილს ჰქონდა გარკვეული როლი, ის პოროშენკოს წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო იყო, მაგრამ მაშინაც კი მის პარტიას არ ჰქონდა რეიტინგი. ის დაბრუნდა უკრაინაში, მაგრამ სიტუაციის პარადოქსი იმაშია, რომ ადგილი არა აქვს უკრაინის ახალ პოლიტიკურ ლანდშაფტში. სააკაშვილი არ სჭირდებათ არც ზელენსკის, არც ტიმოშენკოს და არც სხვა წამყვან მოთამაშეებს. შესაძლოა, რომელიმე პოლიტიკოსმა, რომელსაც არა აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსი, სცადოს მისი გამოყენება, მაგალითად, ლვოვის მერმა ანდრეი სადოვოიმ.

არის კიდევ ერთი ცოტა კონსპირაციული ვერსია - თითქოს იგორ კალამოისკი შეეცდება სააკაშვილის გამოყენებას. პარადოქსი ის არის, რომ თავის დროზე ის მწვავედ აკრიტიკებდა კალამოისკის - სააკაშვილი ხომ ოლიგარქების წინააღმდეგ მებრძოლი ტიპია. თუ ახლა კალამოისკის ტელეარხზე გამოჩნდება, ცხადი გახდება, რომ პრინციპებს ღალატობს და თუკი ეს სარგებელს მოუტანს, მზად არის ოლიგარქებთან თანამშრომლობისთვის...

- როგორ აისახება მისი დაბრუნება უკრაინის შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე?

- ახლა ვითარება სხვაგვარია. იბრძოლოს ზელენსკის წინააღმდეგ? მაგრამ ზელენსკიმ მას მოქალაქეობა დაუბრუნა. მაშ, ვიღას ებრძოლოს? სკეპტიკურად ვუყურებ მის პოლიტიკურ პერსპექტივას. ამასთან, უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, მას არ შეუძლია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა (2014 წელს ჩამოვიდა, შემდეგ დაატოვებინეს უკრაინა და ბოლო წელიწადს უკრაინის გარეთ ცხოვრობდა. 5 წელთან დაკავშირებული ეს ვითარება რადაში მოსახვედრად ბარიერი გახდება).

- სააკაშვილის დაბრუნება ქართულ-უკრაინულ ურთიერთობაზე როგორ აისახება?

- ცალკეული პოლიტიკოსები ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენენ. ორივე ქვეყანას გვაქვს ევროკავშირთან საერთო ინტერესები. ამიტომ უკრაინის ხელისუფლებამ არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომ პრობლემები შეექმნას უკრაინა-საქართველოს ურთიერთობას, ეს ეხება სააკაშვილსაც. მას ჰყავს მეგობრები ზელენსკის გარმოცვაში, მაგრამ ზელენსკის გუნდში ყველამ კარგად იცის, რომ სააკაშვილს შეუძლია ძალიან რთული მოკავშირე იყოს - ის შენელებული მოქმედების ნაღმივითაა, შეუძლია ხვალ სახიფათო მოწინააღმდეგედ მოგევლინოს.

- სააკაშვილი რა გავლენას იქონიებს უკრაინის საპარლამენტო არჩევნებზე? - "ახალი ძალების მოძრაობას" 2%-იანი რეიტინგი ჰქონდა, ბარიერი კი 5%-ია. ახლა ბევრად რთული ვითარებაა. მკვეთრად გაიზარდა ზელენსკის გუნდის რეიტინგი და ამ ფონზე სააკაშვილის პარტიას არა აქვს რადაში მოხვედრის შანსი. ამასთან, როგორც გითხარით, არც სააკაშვილს აქვს პარლამენტში მოხვედრის სამართლებრივი საფუძველი, მის პარტიას კი სააკაშვილის გარეშე უფრო ნაკლები შანსი ექნება.

- მაშ, სად ხედავთ სააკაშვილს, იქნებ ზელენსკის გარემოცვაში? - ზელენსკის გუნდიდან მის ზოგიერთ მეგობარს შეუძლია სააკაშვილის ლობირება, მაგრამ უმრავლესობა კრიტიკულად არის განწყობილი. ვფიქრობ, გუნდს ამოძრავებდა პრაგმატული, ტაქტიკური მიზანი. აბა, წარმოვიდგინოთ, სააკაშვილი დაბრუნდა უკრაინაში და არ შეუშვეს, ეს სკანდალი იქნებოდა, რაშიც ზელენსკის დაადანაშაულებდნენ, ამიტომ დაუბრუნა მოქალაქეობა... ხვალ შესაძლოა სააკაშვილი გახდეს ზელენსკის კრიტიკოსი.

- როგორ ხედავთ მის პოლიტიკურ მომავალს?

- უნდა ჩამოყალიბდეს, სად არის მისი ნამდვილი სამშობლო - საქართველოში თუ უკრაინაში. ორ სკამზე ჯდომის მცდელობა, ცოტა არ იყოს, არაეთიკურია. თუ უკრაინულ პოლიტიკაში სურს დარჩენა, უნდა გაარკვიოს, რაში ხედავს საკუთარ მისიას, დაეხმარება თუ არა რეფორმებს. ვინ არის, უკრაინელი თუ ქართველი პოლიტიკოსი? საუკეთესო შემთხვევაში, შეუძლია იყოს ოპოზიციონერი ან შეეცდება გახდეს ზელენსკის მოკავშირე, მაგრამ ვეჭვობ გახდეს მისი გუნდის წევრი. მეჩვენება, რომ მას არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია.

ბევრ უკრაინელს არ მოსწონს სააკაშვილი, მათ შორის, იმ რეფორმების გამო, რომლებიც საქართველოში გაატარა, ამასთან, მას უფრო ქართველ პოლიტიკოსად აღიქვამენ. დღეს უკრაინაში აღარ არის უცხოელ პოლიტიკოსებზე ისეთი მოთხოვნა, როგორიც პოროშენკოს დროს - სააკაშვილი მას რეფორმების გატარებაში ეხმარებოდა. ზელენსკის პარტია ახალ რეფორმებს გაატარებს, მაგრამ შეეცდება ყველაფერი თავად გააკეთოს.