"ხელისუფლებას არ აწყობს სააკაშვილის გასამართლება და ამ თამაშს იმიტომ თამაშობს" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებას არ აწყობს სააკაშვილის გასამართლება და ამ თამაშს იმიტომ თამაშობს"

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგა, საქართველოს გენერალური პროკურატურა მის ექსტრადირებაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. შალვა თადუმაძის განმარტებით, ყველა დამნაშავის ექსტრადირებაზე მუშაობა გრძელდება. იურისტი ლევან ალაფიშვილი კი თადუმაძის ამ განცხადებას გულუბრყვილოს უწოდებს და სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას გამორიცხავს.

- გულუბრყვილოა ყველა, ვინც სერიოზულად ლაპარაკობს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე. ყველა სახელმწიფოს, მათ შორის უკრაინას, კონსტიტუციაში შავით თეთრზე უწერია, რომ თავისი მოქალაქის მფარველობა სახელმწიფოს ვალდებულებაა. ექსტრადირება გამორიცხულია, თუ არ არის საერთაშორისო დანაშაული: ტრეფიკინგი, ტერორიზმის მხარდაჭერა და ა.შ. ვურჩევ ჩაიხედონ კანონში და საზოგადოებას თვალში ნაცარს ნუ აყრიან.

- საერთაშორისო ძებნილთა სიაში რომ შეიყვანონ, არც მაშინ მოხერხდება ჩამოყვანა?

- ინტერპოლს იყენებენ იმ შემთხვევაში, როდესაც პირის ადგილსამყოფელი არ არის დადგენილი და სხვადასხვა სახელმწიფოს ტერიტორიებზე სამართალდამცავი ორგანოები ინფორმირებული არიან, თუ ეს პირი გამოჩნდა, დააკავეთო. ინტერპოლის ფუნქცია მანდ მთავრდება, შემდგომ ექსტრადირების პროცედურები იწყება. სააკაშვილი მოქალაქეც არის და მისი ადგილსამყოფელიც დადგენილია, რაც მთავარია, თავის სახელმწიფოშია.

- მაშინ რა ბერკეტი აქვს ხელისუფლებას სააკაშვილის გასასამართლებლად?

- ხელისუფლებას თავისი სასამართლო აქვს და რამდენიმე განაჩენიც არსებობს... რაც შეეხება აღსრულებას, ჩვენს სახელმწიფოს არ ექნება ეს ბერკეტი მანამ, სანამ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო იცავს.

- უკრაინაში რომ გასამართლდეს, ამის მოთხოვნა შეუძლია? - რადგან ექსტრადირებაზეა ლაპარაკი, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ ჩვენს სახელმწიფოს სასჯელის აღსრულება საქართველოში სურს და იმავეს ჩვენი სახელმწიფოს თხოვნის გარეშე უკრაინა არ გააკეთებს. თუ საქართველომ მიმართა, საკითხავია, გამოიტანენ კი გამამტყუნებელ განაჩენს? თუ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს, მერე რას შვრება ჩვენი მთავრობა? ამის ეშინიათ, ამიტომ ითხოვენ სააკაშვილის გადმოცემას.

- ანუ ხელისუფლებას რეალურად არ აწყობს სააკაშვილის გასამართლება? - არ აწყობს და ამ თამაშს იმიტომ თამაშობს, თორემ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩვენ გაგვისამართლებია უცხო ქვეყნის მოქალაქე. უკრაინა გვეტყვის, გამოგზავნეთ მტკიცებულებები და ჩვენ აქ აღვასრულებთ სამართალსო...

- თუ "ოცნებას" სააკაშვილის ექსტრადირება არ აწყობს, რატომ წამოსწიეს წინა პლანზე კიდევ ერთხელ ეს საკითხი?

- საქართველოს საგამოძიებო უწყებას რამდენჯერმე ჰქონდა ექსტრადირების საკითხი დაყენებული და ყველა შემთხვევაში განსხვავებული სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. მაგალითად, ერთ შემთხვევაში სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო, მერე უკრაინის მოქალაქეობაც დაკარგა. შესაბამისად, ექსტრადირების მოთხოვნები და პროცედურები სხვადასხვანაირი იყო და ყველაფერი თავიდან იწყებოდა.

- ანუ ჰქონდა ხელისუფლებას ამის სურვილი... - ხელისუფლების შეცდომა ის არის, რომ ამგვარ საქმეზე ექსტრადირების საკითხი დააყენა. ეს იყო ტაქტიკური და ამავე დროს საბედისწერო შეცდომაც, რომელმაც ხელისუფლებას ზიანი მიაყენა, ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინა. საერთაშორისო თანამეგობრობა მაშინაც ამბობდა და ახლაც იტყვის, რომ ეს არის საქართველოს ექსპრეზიდენტის პოლიტიკური დევნა.