"პროდასავლურმა ოპოზიციამ ჯერ მიშა უნდა დაამარცხოს..." - კვირის პალიტრა

"პროდასავლურმა ოპოზიციამ ჯერ მიშა უნდა დაამარცხოს..."

"ოცნების" ალტერნატივა მეტისმეტად მიუღებელი, დისკრედიტირებული და სისხლზე დაგეშილია. როგორი კომფორტია, როცა ასეთი მთავარი ოპონენტი გყავს!"

მაშინ, როდესაც ხელისუფლებები ერთმანეთის შეცდომებს იმეორებენ ან წინამორბედზე უარესს სჩადიან, მწერლები პოლიტიკოსების, ერისა და ბერის გამოფხიზლებას თავიანთი მახვილი სიტყვით ცდილობენ.…ასე იყო წლების წინაც და ზოგჯერ რეალობას აცდენილი ხელისუფალი ყურს უგდებდა მათ. დღეს ქვეყანაში არსებულ რეალობას "კვირის პალიტრასთან" მწერალი კოტე ჯანდიერი აფასებს.

- რას ფიქრობთ ბოლოს ჩატარებულ არჩევნებზე? განსაკუთრებით აგრესიულად მიმდინარეობდა წინასაარჩევნო კამპანია ზუგდიდში... თქვენი აზრით, ვის უფრო მეტი წვლილი მიუძღვის კამპანიის ამ ფორმით აგორებაში, ხელისუფლებას თუ ოპოზიციას?

- ხელისუფლებას, "ნაცმოძრაობას", ქართულ მედიას, სკოლას, უმაღლეს სასწავლებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდ ნაწილს, ზოგიერთ სასულიერო პირს, პოლიტიკური კულტურის უმდაბლეს დონეს, კრიტიკული აზროვნების დეფიციტს, ეგოიზმს, პატრიოტიზმის ნაკლებობას, ჩვენს ბოღმასა და ცოფს, ალბათ, მეც და, შესაძლოა თქვენც. კიდევ გავაგრძელო?

იმ დღეს ჩვენ ვნახეთ სატელევიზიო ტრაგიკომიკური სურათი კოორდინატორი ქალებითა და "ნაცმოძრაობის" მიერ თავის დროზე დანერგილი ათასგვარი სიმახინჯითა და არტისტობით, რომელიც ასე ბეჯითად აითვისა დღევანდელმა მმართველმა ძალამ; ვნახეთ აკივლებული დამკვირვებლები; ტელეჟურნალისტი, რომელიც მოქალაქეს ჯიბეში უძვრება და იქიდან რაღაც დაკეცილი ქაღალდები ამოაქვს; მოვისმინეთ ფრაზები: "რა გინდა შენ, კრაზანა ხარ?", "ეს ქათამი და პეტუხი, ეს!"; ერთ-ერთი ტელეარხის ხელმძღვანელისგან ზუგდიდელების სიტყვაკაზმული ლანძღვა-გინება; ადგილობრივისთვის გამოტანილი ტელერეპორტიორი ქალის ვერდიქტი: "კრიმინალი ხარ, ბანდიტი და ძველი ბიჭი!"; მოვისმინეთ ორი "პროგრესულად მოაზროვნე" ოპოზიციონერი ქალბატონის ფარული ჩანაწერი სამეგრელოს, აჭარისა და იმერეთის "ადუღების", კახეთიდან ხალხის დაძვრის, რიკოთის გვირაბის გადაკეტვის შესახებ; ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ვიხილეთ კომისიის წევრთა ზეთის ცხების გამოისობით შეწყვეტილი ხმის მიცემის პროცესი. მთელ ამ პანოპტიკუმში, სადაც ტყუილ-მართლის გარჩევა შეუძლებელი იყო, ყველაზე სიმპათიურად პატარა, თეთრი ბატკანი გამოიყურებოდა, რომელიც ერთ-ერთმა ამომრჩეველმა რატომღაც მოუყვანა და აჩუქა საარჩევნო ადმინისტრაციას. ეს ჩვენი, ამ ქვეყნის მცხოვრებთა, კოლექტიური პორტრეტია.

მაგრამ, თუ ზუგდიდის არჩევნებს განვიხილავთ, როგორც ერთგვარ აუდიო-ვიზუალურ ფესტივალს, ამ ფესტივალის ოქროს პალმის რტო, ნომინაციაში "ყველაზე აგრესიული და უზრდელობით გამორჩეული საარჩევნო კამპანია", ჩემი აზრით, მაინც "ნაცმოძრაობას" უნდა მიენიჭოს. "ოცნების" გამარჯვება ზუგდიდში, სახელისუფლებო რესურსისა და კოორდინატორების მიუხედავად, ლოგიკური და კანონზომიერი იყო და ამ გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი, შესაძლოა გადამწყვეტი წვლილი მიუძღვით მიშა სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას. მათმა შემყურე ადამიანებმა, ბუნებრივია, ასეთი არჩევანი გააკეთეს...

ხანდახან ვფიქრობ, გვაქვს კი საერთოდ მომავალი, თუ განწირული ვართ, მუდმივად ვიცხოვროთ ამ ქაოსურ, აბსურდულ, აზრს, მორალსა და იმედს მოკლებულ აწმყოში, რომელშიც აგერ უკვე ოცდაათი წელია ვიმყოფებით. პერიოდულად გაკრთება ხოლმე იმედის ნაპერწკალი, მაგრამ მალევე იძირება ერთპარტიული კვაზიდემოკრატიის ჭაობში. მერე დგება არჩევნების დღეები მთელი თავისი ზემოთ აღწერილი მშვენიერებით და ციკლი მეორდება.

ოცდაათი წელია ქართულ პოლიტიკაში სიძულვილის ქარები ქრის და ელექტორატს ყოველთვის ნეგატიური არჩევნის გაკეთება უხდება:

ან კომუნისტების წინააღმდეგ, ან "მრგვალი მაგიდის" წინააღმდეგ, ან "მოქალაქეთა კავშირის" წინააღმდეგ, ან "ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ. აი, "ოცნების" წინააღმდეგ კი ჯერჯერობით ეს არ გამოდის, ვინაიდან ალტერნატივა მეტისმეტად მიუღებელი, დისკრედიტირებული და სისხლზე დაგეშილია. როგორი კომფორტია, როცა ასეთი მთავარი ოპონენტი გყავს!

- ჩვენ მოვისმინეთ სააკაშვილის მოწოდებაც პროცესის რევოლუციური სცენარით განვითარებაზე... - სანამ ეს ტოქსიკური პოლიტიკური ავანტიურისტი მთელ ქვეყანას არეულობის, დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო დაპირისპირების ქაოსში ჩაძირვით ემუქრება, ამომრჩეველთა უმრავლესობის გამოხმაურება და არჩევანი იქნება ისეთი, როგორიც ზუგდიდში ვნახეთ.

- როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა სააკაშვილი "ნაცმოძრაობის" ლიდერად? სააკაშვილის პერსონა პარტიას ხელს უშლის თუ პირიქით, ეხმარება? - არ ვაპირებ, რჩევები ვაძლიო "ნაცებს", მაგრამ თეორიულად ცხადია, რომ სააკაშვილის გარეშე "ნაცმოძრაობა" დიდი ხნის წინ დაიშლებოდა მცირე მარგინალურ ჯგუფებად.

კერპთაყვანისმცემელთა ერთობა კერპის გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ სააკაშვილი განაპირობებს მათ არსებობას, ერთად დგომას და, რაც მთავარია, პირველობას ოპოზიციურ ველზე. ეს კი ძალიან ცუდია ოპოზიციური სპექტრის, ელექტორატისა და ქვეყნის განვითარებისთვის. სამაგიეროდ, ხელსაყრელია მმართველი ძალისათვის.

- თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა აღნიშნა, როგორც სააკაშვილი დავამარცხეთ თავის დროზე, "ოცნებაც" ასევე უნდა დავამარცხოთო... - თინას პატივისცემის მიუხედავად, უნდა ვთქვა, რომ სააკაშვილის მარცხი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში სულაც არ ნიშნავს "მიშიზმის" საბოლოო მარცხს. მას 300-დან 400 ათასამდე ამომრჩეველი გამუდმებით უჭერს მხარს და ვერ ვამჩნევ, რომ ეს რიცხვი მცირდებოდეს. რეალურად ეს არის ხიფათის შემცველი ძალა ქვეყნისათვის და ამ საფრთხეს "ქართული ოცნება" ეფექტურად იყენებს.

საფრთხე მხოლოდ ის კი არ არის, რომ "ნაცმოძრაობა" სადიზმისკენ არის მიდრეკილი, გაბოროტებულია და რევანშის მანიაკური ვნებით არის შეპყრობილი, არანაკლები უბედურებაა, რომ საკუთარი არსითა და არსებობით "ნაცმოძრაობის" ლიდერები მმართველი პარტიის ყველა შეცდომას, გადაცდომას, დანაშაულსაც კი აფერმკრთალებენ და ამით ქვეყნის განვითარებისთვის ყოვლად დამღუპველი ორპარტიული სტატუს კვოს შენარჩუნების პირობას ქმნიან.

აქედან გამომდინარე, მართლაც პროდასავლური ოპოზიციის უპირველესი ამოცანა სწორედ სააკაშვილის დამარცხება და "ნაცმოძრაობის" ჩანაცვლება მგონია. ასე რომ, თინა ხიდაშელსა და ჩვენს პროდასავლელ მეგობრებს ჯერ ისევ სააკაშვილი ჰყავთ დასამარცხებელი ოპოზიციურ ფლანგზე (ზოგს საკუთარ თავშიც), მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდება მმართველი ძალის შეცვლის შანსი.

ამისი კონტური თითქოს გამოჩნდა მთაწმინდაზე დანიშნული მეორე ტურის სახით. ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ შალვა შავგულიძე არ არის მიშისტი, რევანშისტი, საკუთარ პროფესიაში ხელმოცარული ლუზერი და დემაგოგი. მას მიშასგან დამოუკიდებელი ცნობადობა, ბიოგრაფია და კეთილი საქმეები უმაგრებს ზურგს.

ამ არჩევნებმა გვიჩვენა, რომ ოპოზიციის შანსი არის იქ, სადაც არ არის მიშა! შალვას გამარჯვება მთაწმინდაზე მეტ-ნაკლებად მტკივნეული შეიძლება გამხდარიყო "ქართული ოცნებისთვის", მაგრამ ნამდვილი კატასტროფა იქნებოდა მიშასთვის. ჰოდა, სააკაშვილმა, როგორც პოლიტიკურმა პირუტყვმა, ეს კარგად იგრძნო და შავგულიძის საჯარო მხარდაჭერით (თუმცა ორი დღის წინ ამტკიცებდა, რომ საქართველოში არჩევნებს აზრი არა აქვს), ჩემი აზრით, მინიმუმამდე დაიყვანა ეს შანსი.

მე შალვას დიდი ხანია ვიცნობ, პატივს ვცემ და მიყვარს, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რაში გადაუხადა მადლობა სააკაშვილს? იმაში, რომ ამ ავანტიურისტმა ერთი გამოსვლით უზარმაზარი ჩრდილი მიაყენა შავგულიძის საარჩევნო პოტენციალს და დაუფრთხო პოტენციური ამომრჩევლის დიდი ნაწილი?

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებულ კითხვას, უკეთესი იქნებოდა, შავგულიძეს მხოლოდ ის ეთქვა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაკანონიერი და ბრიყვული ქმედებით შექმნეს გარკვეული ნიადაგი ამ კრიმინალის პოლიტპატიმრად გამოცხადებისათვის და აქ დაესვა წერტილი. ელექტორატისთვის რთულად გასაგები და დამაბნეველი განმარტებები, თუ რა ნაწილში რჩება მერაბიშვილი პოლიტპატიმრად და რა ნაწილში შეიძლება გახდეს სადავო მისი განაჩენი, სრულიად უადგილო და კონტრპროდუქტიული იყო. შალვასგან, როგორც მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატისაგან, იურიდიული მოცემულობის ანალიზს კი არ ითხოვდნენ, არამედ მკაფიო პოლიტიკურ გზავნილს. ეს შეცდომა სათავისოდ გამოიყენეს სახელისუფლებო გუნდმა და დაქირავებულმა პოლიტტექნოლოგთა რაზმმა.

პროდასავლურმა ოპოზიციამ თავი უნდა დაანებოს აშკარა ბოროტებასთან ფლირტს, დაამარცხოს მიშა და მაშინ გაუჩნდება "ქართული ოცნების" მშვიდობიანად ჩანაცვლების პერსპექტივა.

მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვფიქრობ, რომ მთაწმინდაზე შალვას გამარჯვება სიმბოლური თვალსაზრისით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, ყველა პატიოსანი და კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანისთვის, თუნდაც მმართველი ძალის დემოკრატიული იმიჯისა და მისი შესაძლო გამოფხიზლებისთვის.

მეორე ტური მთაწმინდაზე არ არის დაპირისპირება "ნაცმოძრაობასა" და "ოცნებას" შორის, არ არის დაპირისპირება შალვა შავგულიძესა და ლადო კახაძეს შორის, ეს არის დაპირისპირება მურუსიძე-ჩინჩალაძის განმადიდებელ უსინდისობასა და სამართალს შორის.

- რამდენად ძლიერია ოპოზიცია და პასუხობს თუ არა ის დღევანდელი ქართული პოლიტიკის გამოწვევებს? - ოპოზიციური სპექტრი დღევანდელ საქართველოში სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს: მიშისტური, არამიშისტურ-ლიბერალური და არაპროდასავლურ-ტრადიციონალისტური. ამ უკანასკნელს მიშისტები და ლიბერალები ხშირად პრორუსულ ძალას ეძახიან, რასაც მე კატეგორიულად არ ვეთანხმები. ვთვლი, რომ ამ პოლიტიკურ მიმდინარეობას არსებობის უფლება აქვს და მათი ზოგიერთი მოსაზრება ფართო საზოგადოებრივ დისკუსიასაც იმსახურებს. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მათი საგარეო პრიორიტეტების რელატიურობა და ერთგვარი ბუნდოვანება, მოჭარბებული რადიკალიზმი რიტორიკაში და რამდენადმე უტოპისტურ-მიამიტური დღის წესრიგი სოციალურ საკითხებთან მიმართებაში ოპონენტებს ნოყიერ ნიადაგს აძლევს დისკრედიტაციისა და დემონიზაციისათვის.

ჩემი აზრით, ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა პრინციპში პროდასავლურადაა განწყობილი, თუმცა რას ნიშნავს ეს "პროდასავლურობა", კარგად არ არის გააზრებული. სწორედ ამით სარგებლობენ მიშისტები. ხშირად გაიგონებთ: "კი, ბევრი შეცდომა დაუშვეს, რაღაც-რაღაცები დააშავეს, მაგრამ არასდროს საქართველო ისე ახლოს არ ყოფილა ევროპასა და შეერთებულ შტატებთან, როგორც სააკაშვილის დროს".

პროდასავლურობის მაგიური მანტია მოსხმული აქვს პოლიტიკურ ძალას, რომელმაც მთელი ქვეყანა ლამის საკონცენტრაციო ბანაკად აქცია, რომელმაც ფეხქვეშ გათელა აზრისა და სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, კერძო საკუთრებისა და სიცოცხლის ხელშეუხებლობის ფუნდამენტური პრინციპები. რა არის ამაზე უფრო ანტიდასავლური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიადამიანური?

ვინ არის პროდასავლელი, ზურაბ ადეიშვილი, რომელიც კერძო საკუთრების მითვისების მზაკვრულ სქემებს თხზავდა, თუ უსწავლელი რეკეტიორი კეზერაშვილი, რომელიც ადეიშვილურ სქემებს ხორცს ასხამდა?! იქნებ პრეზიდენტის, შს სამინისტროს, პროკურატურისა და მურუსიძის ბინძური შეთქმულება გირგვლიანების წინააღმდეგ განასახიერებს ევროპულ ფასეულობებს, რამაც მრავლისმნახველი სტრასბურგის სასამართლოც კი გააოგნა? გამოდის, სადისტი ახალაიების კლანი და მეგის ქარდავა, კოდუები და მუხაძეები ყოფილან ნამდვილი ევროპელები! პარადოქსი არ არის, რომ ამ აზიური დესპოტიის ადეპტებს ოპოზიციურ ფლანგზე დღესაც პროდასავლური ორიენტაციის ფლაგმანისა და მედროშის ადგილი უკავიათ?! რატომ, რა დამსახურებისთვის? მხოლოდ იმიტომ, რომ მათ დღემდე მხარს უჭერს კორუფციასა და პოლიტიკურ პროტექციონიზმში მხილებული "ევროპის სახალხო პარტია" და ამერიკული ისტებლიშმენტის ანტიტრამპისტული ნაწილი?

პოლიტიკურ ძალთა განლაგებაში არამიშისტ ლიბერალებს ოპოზიციური ფლანგის მოკრძალებული ნაწილი ერგოთ. გასაგებია, რომ მათ არ ჰყოფნით ფინანსური რესურსი პარტიული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად. ისინი მწვავედ, ხშირად სამართლიანად აკრიტიკებენ ხელისუფლებას და ზოგჯერ "ნაცმოძრაობის" ცალკეულ დანაშაულებსაც ახსენებენ, მაგრამ

მათგან არ მახსენდება გააზრებული მცდელობა, ხალხს განუმარტონ სააკაშვილის მმართველობის პრინციპულად ანტიდასავლური არსი; ან დაუსვან კითხვა, რატომ ჰყავს დღემდე დასავლეთში მხარდამჭერები პარტიას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა საქართველოში ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად, როდესაც საკუთარ მხეცობას დასავლური ორიენტაციით ამართლებდა.

იმიტომ, რომ ნებისმიერი დღევანდელი დასავლური იდეის, თუნდაც ცალკეული პრიმიტიული ბიუროკრატის გამონათქვამის კრიტიკა, მათთვის დასავლეთის უარყოფას, ფანატიკურ აღმსარებლობად ქცეული მედასავლეთეობის ხელყოფასა და ერეტიკოსობას ნიშნავს. ეშინიათ, არ გაანაწყენონ "ნაცმოძრაობის" მფარველი ცალკეული პირები თუ ორგანიზაციები, რადგან შეცდომით მიაჩნიათ, რომ ეს ხალხი უდრის მთელ დასავლეთს. ეშინიათ არ ამოვარდნენ "ტრენდიდან" და ვინმემ პუტინის აგენტობა არ დააბრალოთ. რა არის ამაზე არადასავლური, არაპლურალისტური და საბჭოური?

ერთხელ სააკაშვილს წამოსცდა ფრაზა, რომელიც ბევრ რამეს ხსნის: თუ საქართველო არ იქნება რუსეთთან დაპირისპირების წინა ხაზზე, მაშინ მის არსებობას აზრი არა აქვსო. მიშა თვლის, რომ დასავლეთის მხარდაჭერა მხოლოდ ამაზეა დამოკიდებული. მე მინდა ვკითხო არამიშისტ პროდასავლელებს: თქვენ ეთანხმებით ამ აზრს? თქვენც ფიქრობთ, რომ მთელი დასავლეთი ასეთი ცინიკური, კანიბალისტური კატეგორიებით აზროვნებს? თუ ფიქრობთ, რომ არა, მაშინ გამოდით და უთხარით ხალხს, თორემ "ნაცმოძრაობისა" და მისი მფარველების გადამკიდე, ბევრს საქართველოში დასავლეთი ქართულ ციხეებში ხალხის წამების "გამპრავებელი", ნარკოტიკების გამავრცელებელი და ერთსქესიანი ქორწინებების ძალად დამნერგავი ჰგონია...

იმისთვის, რომ დონალდ ტრამპი ამერიკული ინტერესების ღალატსა და რუსეთთან თანამშრომლობაში ემხილებინათ, ორი წელი და ოთხმოცი მილიონი დოლარი დაიხარჯა, შედეგი კი დამკვეთების მიზნის საწინააღმდეგო დადგა. ნუთუ ეს არ უნდა იყოს გაკვეთილი ჩვენი პროდასავლელი პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც ვერ მივიდნენ იმ აზრამდე, რომ მხოლოდ ლიბერალური დოგმატიკა არ არის მედასავლეთეობა და ტრადიციული ფასეულობების ერთგულება არ ნიშნავს პუტინის აგენტობას? თუ ამ მოჯადოებული წრიდან არ გამოვედით, მაშინ ისევ მიშა დარჩება დასავლური ორიენტაციის ფლაგმანად და მთავარ ოპოზიციურ ძალად, მიუხედავად იმისა, რომ ამას წინათ რაღაცაში დასჭირდა და მთელი თანამედროვე დასავლეთი კოლონიალიზმში ისე დაადანაშაულა, თვალიც არ დაუხამხამებია. სად იყო მაშინ ჩვენი პოლიტიკოსებისა და წამყვანი ჟურნალისტების აღშფოთებული სახეები და მრისხანე ტირადები? თუ მარტო ხელისუფლების სისულელეებზე რეაგირებაა კარგი ტონი?

- აქვს თუ არა დღეს მმართველ პარტიას ნდობა და თუკი აქვს, რამდენად იმსახურებს? - "ქართულმა ოცნებამ" გაფანტა თავდაპირველი რეიტინგი და ხელიდან გაუშვა მორალური უპირატესობა, რომელიც მას ჰქონდა "ნაცმოძრაობასთან".

რა ნდობაზე ვლაპარაკობთ? საზოგადოების აზრისა და განწყობის სრული იგნორირების, მურუსიძე-ჩინჩალაძის გააფთრებული დაცვისა და კლანის დაუფარავი ლობირების ფონზე რისი იმედი უნდა გვქონდეს? ხელისუფლების სურვილები, ზრახვები და ინსტინქტები სახეზეა. თუმცა ეს ნიშნები საყდრისში ჩადენილი ბარბაროსობის მომენტშიც უკვე ნათლად გამოიკვეთა. ამას დაემატა ე.წ. კაბელების საქმე, ფარცხალაძის სახელთან დაკავშირებული სკანდალური თემები, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების ტირაჟირება, სარალიძე, მაჩალიკაშვილი და სხვა მრავალი. ცხადია, დღეს მხეცურად არ არბევენ მიტინგებს, არ აწამებენ პატიმრებს, არ ითვისებენ სხვის ბიზნესს და ქუჩებში არ ხოცავენ ხალხს. მადლობა ღმერთს! მაგრამ, თუ მხოლოდ ამაში გამოიხატება ქვეყნის პროგრესი, თუ მხოლოდ ეს არის სატრაბახო, ძალიან ცუდად ყოფილა საქმე.

- რისი გამოსწორება უნდა მოახერხოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე "ოცნებამ", ამომრჩევლის ნდობა რომ დაიმსახუროს? - პოლიტტექნოლოგი არა ვარ, რომ პრაქტიკული რეკომენდაციები მივაწოდო მმართველ პარტიას. ისიც მესმის, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში შეუძლებელია ეკონომიკურ განვითარებაში, უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევის საქმეში ძირეული გარდატეხის მოხდენა. უბრალოდ, ჩემი მეგობრული რჩევა ის იქნებოდა, რომ მმართველ ელიტას მოეძებნა საკუთარ თავში ძალა და ეღიარებინა საბედისწერო შეცდომები, რომლებიც დაუშვა; ხელი აეღო საზოგადოების ჯიბრზე დისკრედიტირებული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის განზრახვაზე; და კიდევ - მე მათ ადგილზე, ტელეეკრანებსა და საპარლამენტო ტრიბუნას შეძლებისდაგვარად მოვარიდებდი მურუსიძის ლობისტებად ქცეულ დეპუტატებსა და თანამდებობის პირებს.

- NDI-ს კვლევების შედეგად, პოლიტიკოსთა რეიტინგში თბილისის მერი კახა კალაძე და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ლიდერობენ. ამავე კვლევის თანახმად, ივანიშვილის და სააკაშვილის რეიტინგი მიახლოებულია და 40%-ს არ სცდება. NDI-ს ამ კვლევებს არასანდო უწოდა ხელისუფლებამ... - ჩემთვის NDI-სა და მისი დამფუძნებელი პარტიის სანდოობა საკუთარი პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული ტყუილებისა და დეზინფორმაციის მასშტაბით განისაზღვრება. ეს ყველასთვის ნათელი გახდა პროკურორ მიულერის დასკვნის შემდეგ. დამისახელეთ ერთი მიზეზი, რატომ უნდა დავიჯეროთ NDI-ს ობიექტურობა ქართველ პოლიტიკოსების რეიტინგებთან დაკავშირებით.