"ეს იყო ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაძაბულობის მიზეზი" - კვირის პალიტრა

"ეს იყო ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაძაბულობის მიზეზი"

რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ ბათუმის ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით შვიდი ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსანი დააკავა. მათ შორის არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და აჭარის განათლებისა და ფინანსთა მინისტრების მოადგილეები. პროკურატურის ინფორმაციით, გაიფლანგა 1 370 076 ლარი. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, თუმცა ქვეყანაში კორუფციული გარიგებების პრობლემა კვლავაც მწვავედ დგას. სწორედ ამ საკითხზე საუბრობს  ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ:

- ამ საქმის არსის გაანალიზება გამიჭირდება, რადგან მისი დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვეჭვობ, მათი დაკავება კორუფციასთან სისტემური ბრძოლის გამოვლენა იყოს. არც ის მგონია, რომ ამ საქმეში პოლიტიკური ინტერესი იყოს. ჩემი აზრით, ეს არის ლოკალური პრობლემა, რომლის გამოძიებაც, როგორც ვიცი, დღეს არ დაწყებულა და კარგა ხანია, მიმდინარეობს. სხვა საკითხია, რატომ გადაწყვიტეს მაინცდამაინც ახლა მისი გახმაურება. შესაძლოა, ამით რაღაც პრობლემების გადაფარვა სცადეს.

კორუფციული საფრთხის თვალსაზრისით ქვეყანაში არის უფრო დიდი პრობლემები, ვიდრე ერმაკოვი და ეს ჯგუფია.

სამწუხაროდ, ქვეყანაში არიან ინტერესჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ ფონს გასვლას. აქ მხოლოდ ფული და ასეთი გარიგებები არ უნდა ვიგულისხმოთ. კორუფციაა ლობისტური, ნეპოტისტური მოქმედებებიც და ა.შ. სამწუხაროდ, შეიმჩნევა რამდენიმე დაჯგუფებების აქტივობა, რომელთაც, ასე ვთქვათ, მწვანე აქვთ ანთებული და ბაზარზე დომინირებენ. ისინი როგორც ბიუჯეტთან, ასევე სახელმწიფო ან მსხვილ კომპანიებთან დაკავშირებით სიტუაციას, რა თქმა უნდა, საკუთარი ინტერესების შესაბამისად აყალიბებენ. ეს არის კორუფციის ყველაზე სახიფათო ფორმა, რასაც ჩვენ ელიტურ კორუფციას ვეძახით. ეს ხდებოდა ადრეც და ხდება დღესაც, თუმცა, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამას დაემატა კორუფციული რისკები საშუალო და ქვედა დონეებზე. იმიტომ კი არა, რომ ხელისუფლებას ასე სურს. არა. ის, სისუსტის გამო, კონტროლს ვერ ახერხებს. შედეგად ქვედა და საშუალო რგოლის ჩინოსნებს ნაკლებად ეშინიათ, თუმცა ამბიციები დიდი აქვთ. ყველა, ვინც ხელისუფლებას საეჭვოდ ჩატარებულ არჩევნებში ეხმარება, მიიჩნევს, რომ ამისთვის დივიდენდები უნდა მიიღოს. შესაბამისად, კორუფციული მეტასტაზები უკვე მთელ სახელისუფლებო სხეულში გავრცელდა. ვერ ვეტყვი, რომ ეს გადაულახავ პრობლემად არის ქცეული, მაგრამ აშკარაა, რომ ვითარება სახიფათო ფაზაში შევიდა.

სხვათა შორის, ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაძაბულობის მიზეზი. მე მას ვთავაზობდი, სასწრაფოდ შექმნილიყო დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სისტემა, რომელიც ამ მიმართულებით აგრესიულ მოქმედებებს დაიწყებდა. თან ეს უნდა მომხდარიყო ეკონომიკის მოდერნიზაციასთან ერთად. ამ ელემენტების გაერთიანებით ქვეყანაში განვითარების ახალი ტალღის საფუძველი შეიქმნებოდა, რაც ქართველ საზოგადოებას ოპტიმიზმსაც გაუჩენდა... თუმცა ივანიშვილისთვის ეს მისაღები არ აღმოჩნდა...

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "მას მტაცებლის მახასიათებლები აქვს" – რაზე მეტყველებს ბიძინა ივანიშვილის სხეულის ენა?